ინტერნეტში საავტორო უფლებებს ახალი კანონი დაარეგულირებს

ინტერნეტში საავტორო უფლებებს ახალი კანონი დაარეგულირებს

ინტერნეტ სივრცეში საავტორო უფლებებს ახალი კანონი დაარეგულირებს. ელექტრონული კომერციის შესახებ კანონზე მუშაობა ეკონომიკის სამინისტროში უკვე სრულდება და მისი ამოქმედება 2018 წლიდან იგეგმება, თუმცა ინტერნეტ სერვის პროვაიდერები კანონის არსებულ ვარიანტს არ ეთანხმებიან.

კანონპროექტით, ავტორის მიმართვის საფუძველზე არალეგალური კონტენტის ინტერნეტ სივრციდან ჩახსნა, უშუალოდ სერვის პროვაიდერს შეეძლება, ამასთან უფლების მფლობელს მისი საავტორო უფლებების დარღვევის შემთხვავში შეეძლება დავა სასამართლოში უშუალოდ სერვის პროვაიდერთან დაიწყოს და კანონით გათვალისწინებული ჯარიმების სწორედ მას დაეკისროს.

კომპანიაში “კავკასუს ონლაინი” ამბობენ, რომ ინტერნეტპროვაიდერის, როგორც გამტარის ფუნქცია არ უნდა იყოს, კონკრეტული ვებ-გვერდიდან სხვადასხვა მასალის ჩახსნა.

“მიგვაჩნია, რომ ინტერნეტპროვაიდერის, როგორც გამტარის, ტრანზიტორის  ფუნქცია-ვალდებულება არ უნდა იყოს კონკრეტულ ვებ-გვერდებზე განთავსებული პროდუქციისმართლზომიერების შეფასება და იმის გადაწყვეტა, თუ რამდენად დასაშვებია ან დაუშვებელია იგი”, – ამბობენ კავკასუსში.

კანონის შემუშავებაში ჩართულია საქპატენტიც. უწყებაში ამბობენ, რომ კერძო სექტორი კანონმდებლობის შემუშავებას დადებითად აფასებს, თუმცა ამ ეტაპზე მუშაობა მიდის საკითხზე თუ როგორ უნდა მოხდეს მისი აღსრულება ისე, რომ არცერთი მხარის ინტერესი არ დაზიანდეს.  საქპატენტის თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე ამბობს, რომ სერვის პროვაიდერებს ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად გონივრული ვადა მიეცემათ.

“გარდამავალი პერიოდი უნდა მივცეთ, მათ ვინც არღვევს საავტორო უფლებებს, რათა მათ ყველანაირი საფრთხის გარეშე გახადონ ლეგალური საქმიანობა. მეორე მხრივ სერვის პროვაიდერებს უნდა მივცეთ დრო, რომ ტექნიკურად გამართონ ეს ყველაფერი”, – ამბობს გოგილიძე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *