როგორ მოვთოკოთ ათწლეულის რეკორდული ინფლაცია

როგორ მოვთოკოთ ათწლეულის რეკორდული ინფლაცია

საქართველოში წლიურმა ინფლაციის დონემ ბოლო ათი წლის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს – 12.8%-ს მიაღწია. სექტემბერში ინფლაციის დონე 12.3%-მდე შემცირდა.

ინფლაცია სამომხმარებლო კალათაში შემავალი 305 დასახელების საქონლისა და მომსახურების ფასების ცვლილების შედეგად იანგარიშება. ეს ის 305 სახეობის საქონელი და მომსახურებაა, საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი მოთხოვნით რომ სარგებლობს – მათზე მოსახლეობის ხარჯების დიდი წილი მოდის.

სექტემბრის ბოლოს დაფიქსირებული 12.3%-იანი ინფლაცია ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში, 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის სექტემბრამდე, ძირითადი სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება საშუალოდ 12.3%-ით გაძვირდა. 12.3%-იან ინფლაციაში ყველაზე მაღალი წვლილი სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების გაძვირებამ შეიტანა – 5% პუნქტი. ბოლო ერთ წელიწადში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 16%-ით გაძვირდა. სურსათის შემდეგ ინფლაციაში ყველაზე მაღალი წვლილი – 2.5% პუნქტი ტრანსპორტის ჯგუფში შემავალი საქონლისა და მომსახურების გაძვირებამ შეიტანა. მათ შორის, ყველაზე დიდი გავლენა ბენზინის 44%-ით გაძვირებამ იქონია. 1.7% პუნქტით გაზარდა ინფლაცია კომუნალური გადასახადების ზრდამ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ინფორმაციით, ბოლო ერთ წელიწადში მხოლოდ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გაიაფდა 1.1%-ით, და კავშირგაბმულობა – 0.6%-ით.

სამომხმარებლო კალათას თუ უფრო ჩაშლილად ვნახავთ, ყველაზე მეტად ბადრიჯანი გაძვირდა 152%- ით. შემდეგ მოდის კიტრი 82%-ით, მზესუმზირის ზეთი 77%-ით, მწვანილი 72%-ით და ა.შ.

15 პროდუქტი, რომლებიც ერთ წელიწადში ყველაზე მეტად გაძვირდა

დასახელება

ფასების ზრდის დონე

ბადრიჯანი

152%

კიტრი

82%

მზესუმზირის ზეთი

77%

მწვანილი

72%

თერმომეტრი

68%

ჭარხალი

65%

სტაფილო

61%

კომბოსტო

58%

ლურსმანი

46%

ბენზინი

44%

პომიდორი

42%

კივი

38%

მწვანე ლობიო

37%

დიზელის საწვავი

37%

შაქარი

36%

მონაცემების წყარო: საქსტატი

კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ინფლაციური პროცესები მთელ მსოფლიოში გააძლიერა. ერთი მხრივ, საქონლისა და მომსახურების მიწოდების პრობლემა შეიქმნა, მეორე მხრივ კი ქვეყნების მთავრობებმა მოსახლეობის სოციალური დახმარებები გაზარდეს, ბიზნესს სუბსიდირება გაუზარდეს ან/და საგადასახადო შეღავათები დაუწესეს. ცენტრალურმა ბანკებმა ძირითადად მონეტარული პოლიტიკის შერბილებას (რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას) მიმართეს. როდესაც პროდუქციის მიწოდება მცირდება და ამ დროს მოთხოვნა არ მცირდება ან იზრდება, პროდუქციის ფასი აუცილებლად მოიმატებს. ფასები იმ შემთხვევაშიც შეიძლება გაიზარდოს, თუ მოთხოვნაც შემცირდება. ასეთ დროს ქვეყანაში მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა საგრძნობლად მძიმდება. მდგომარეობა გაართულა იმ გარემოებამაც, რომ პანდემია იმაზე მეტხანს გრძელდება, ვიდრე თავიდან მოელოდნენ. გასული წლის ბოლოდან სახელმწიფოებს პანდემიის გარკვეულ დონესთან შეგუება და ეკონომიკური შეზღუდვების შემსუბუქება მოუწიათ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2021 წელს მსოფლიოში ინფლაციის დონე 4.8% იქნება, რაც ბოლო 14 წლის რეკორდული მაჩვენებელია. მათ შორის, განვითარებულ ქვეყნებში ინფლაცია 3.5% იქნება, განვითარებადში კი 5.8%. კიდევ უფრო მაღალი ინფლაციაა ევროპის განვითარებად ქვეყნებში – 8.5%. სავალუტო ფონდს საქართველო შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ჯგუფში ჰყავს შეყვანილი. აღნიშნული ჯგუფის ქვეყნებში 2021 წელს ფასები 10.3%-ით გაიზრდება.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, გლობალური ინფლაციის პრობლემას, პირველ რიგში, ბოლო ერთ წელიწადში ნავთობის 70%-ით გაძვირება იწვევს, რაც, თავის მხრივ, ტრანსპორტის აღდგენამ გამოიწვია. 28%-ით არის გაძვირებული სურსათი, მათ შორის, ზეთი 40%-ით გაძვირდა, მარცვლეული კი 23%-ით. ხორბალი ბოლო ორ წელიწადში 45%-ით არის გაძვირებული. ლითონები და მინერალები 49%-ით გაძვირდა.

სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2021 წლის ბოლოს საქართველოში წლიური ინფლაციის დონე 13.1% იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია დღეს მსოფლიოს ყველა ქვეყანას მეტ-ნაკლებად აწუხებს, საქართველოში დაფიქსირებული ფასების ზრდა ამ ფონზეც მაღალია. ფონდის მიერ პროგნოზირებული 13.1%-იანი ინფლაციის დონით საქართველო მსოფლიოში მე-19 ადგილზეა. საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან 13.1%-ზე მაღალი ინფლაცია მხოლოდ თურქეთშია, სადაც სექტემბერში 20%-ს მიაღწია.

საქართველოში დაფიქსირებულ მაღალ ინფლაციაში პირველ რიგში მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდა ე.წ. იმპორტირებულ ინფლაციას, ანუ ძირითადი სამომხმარებლო საქონლის გაძვირებას (ნავთობი და სურსათი). გარდა იმისა, რომ ნავთობისა და სურსათის მსოფლიო ფასები გაიზარდა, საქართველოს შემთხვევაში იმპორტის გაძვირება ლარის გაუფასურებამაც გამოიწვია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იმპორტირებული საქონელი 18%-ით გაძვირდა, ხოლო ადგილობრივი წარმოების – 7%-ით (2021 წლის აგვისტოს მდგომარეობით). ლარის გაუფასურებამ ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფის ზრდაც გამოიწვია, რამაც, გარდა იმისა, რომ უშუალოდ გაზარდა ინფლაცია, პროდუქციის წარმოებაც გააძვირა.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის ივნისში ლარი დოლარის მიმართ გამყარდა და კურსი დასტაბილურდა, საქონლისა და მომსახურების ფასებმა ზრდა ისევ განაგრძო. ამის მიზეზი იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდის გაგრძელება და საქართველოში შიდა მოთხოვნის ზრდაა. გასული პერიოდის სტატისტიკა უჩვენებს, რომ საქართველოში შინამეურნეობების მოხმარება პანდემიის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვების დროს მცირდებოდა, ხოლო სხვა დროს მნიშვნელოვნად იზრდებოდა. სახელმწიფო სექტორის მოხმარება კი 2020 წლის პირველი კვარტალიდან 2021 წლის მეორე კვარტალის ჩათვლით უწყვეტად იზრდებოდა საშუალოდ 5.4%-ით (მე-3 კვარტალის მონაცემები ჯერ ცნობილი არ არის). 2020 წლის სექტემბრიდან ზრდა დაიწყო ეკონომიკის დაკრედიტებამ. სექტემბერ-დეკემბერში დაკრედიტების საშუალო თვიური ზრდა 5.3% იყო. დაკრედიტების ზრდას მთავრობის მიერ სესხის პროცენტის სუბსიდირება და 9%-დან 8%-მდე შემცირებული მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უწყობდა ხელს. 2021 წლიდან სესხების სუბსიდირება მთავრობის მხრიდან შემცირდა, ხოლო პოლიტიკის განაკვეთი თანდათან 10%-მდე გაიზარდა. შედეგად თებერვალ- -აგვისტოში სესხების ზრდის საშუალო ტემპი 2%-მდე შემცირდა. პანდემიის დაწყებიდან ლარში განთავსებულ დეპოზიტებსა და სესხებზე საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, ასევე არ შეცვლილა განაკვეთი უცხოურ ვალუტაში სესხებზე. ეს მიანიშნებს, რომ ფულის მიწოდების მხრივ სიჭარბე არ იყო (ასეთ შემთხვევაში განაკვეთები შემცირდებოდა).

დღეისათვის საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა ფასების ზრდის შეჩერებაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ იმპორტირებული ინფლაცია და კომუნალური გადასახადების ზრდა ერთჯერადი ფაქტორებია, გამკაცრებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ მეტი დადებითი შედეგი უნდა მოიტანოს. თუმცა, არის ორი მნიშვნელოვანი გამოწვევა: 1. მთავრობის ხარჯები და ბიუჯეტის დეფიციტი და 2. ინფლაციური მოლოდინი. 2020-2021 წლებში მთავრობის მიერ 9 მლრდ ლარამდე ახალი ვალის აღებას და ამ თანხის სოციალურ დახმარებებში, სუბსიდიებსა და სხვა მიმდინარე პროგრამებში დახარჯვას დიდი გავლენა ჰქონდა მოთხოვნის ზრდაზე. თუმცა ვალის მეშვეობით სოციალური ფონის მეტად გაუარესება და ეკონომიკის მეტად კლება შეჩერდა. ამასთან, როდესაც მთავრობა სესხებს ასუბსიდირებდა (მაგალითად, იპოთეკური სესხები, ბიზნესსესხები), გამკაცრებული პოლიტიკის ეკონომიკაზე გავლენას არბილებდა. ეროვნული ბანკი ცდილობდა, ამაღლებული რეფინანსირების განაკვეთით დაკრედიტების ტემპი შეემცირებინა, ხოლო მთავრობა ამის საწინააღმდეგოდ ცდილობდა, მოსახლეობას სესხის აღებაში დახმარებოდა. 2022 წლიდან ბიუჯეტის ხარჯების ზრდის შეჩერება და დეფიციტის შემცირება მნიშვნელოვან დადებით როლს ითამაშებდა ინფლაციის მოთოკვაში. ხარჯების შემცირების მთავარი ხელშემშლელი გარემოება ჩავარდნილი მასობრივი ვაქცინაციაა. წელს მთავრობა კოვიდპაციენტების მკურნალობაზე სულ მცირე მილიარდ ლარს დახარჯავს და მომავალი წლისთვის უკვე აქვს გამოყოფილი 500 მლნ ლარი, რაც, სავარაუდოდ, საკმარისი არ იქნება.

ზოგადად, პანდემიას გაურკვევლობა ახასიათებს და ეკონომიკური გათვლების გაკეთება რთულდება. განვლილმა პერიოდმა და მიმდინარე წლის 8 თვეში დაფიქსირებულმა 12%-იანმა ეკონომიკურმა ზრდამ აჩვენა, რომ ინფლაციასა და ლარის კურსის სტაბილურობაზე მეტი აქცენტი უნდა გაკეთებულიყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.