"იყიდება" საქართველო

"იყიდება" საქართველო

ინვესტიციების მოზიდვა და ექსპორტის ხელშეწყობა – ორი მთავარი მისიის შესრულებას ექვს ქვეყანაში ექვსი კომერციული ატაშე, სავარაუდოდ, შემოდგომიდან შეუდგება. ატაშეების შესარჩევი კონკურსი უკვე გამოცხადებულია. მთავრობაში ირწმუნებიან, რომ კომერციული ატაშეების საქმიანობის გაზომვა შესაძლებელი იქნება, რადგან მათი გეგმები კონკრეტულ დროში გაიწერება.

აშშ, გერმანია, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები – ეს ის ექვსი ქვეყანაა, სადაც საქართველოს კომერციული ატაშეები ეყოლება, მაგრამ როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, ატაშეებს “მეზობელ ქვეყნებზეც მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება”. ატაშეების როტაციის ვადა სამი წელი იქნება.

დიპლომატიური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებით, კომერციულ ატაშეებს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით თანამდებობაზე ეკონომიკის მინისტრი დანიშნავს. ეკონომიკის სამინისტრო ვალდებულია, გაწიოს ატაშეების შენახვის ხარჯები, გადაუხადოს ხელფასი და უზრუნველყოს ისინი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით; ასევე, ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, ეკონომიკის სამინისტრომ უნდა დაადგინოს თანხის ოდენობა, რომელსაც ერთჯერადად ატაშე და მისი ოჯახის წევრები პირველადი საყოფაცხოვრებო მოწყობისათვის მიიღებენ.

იმავე კანონის თანახმად, კომერციული ატაშე იმყოფება დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ოპერატიულ დაქვემდებარებაში და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობას ეკონომიკური დიპლომატია პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ხელმძღვანელ სანდრო ჭუმბურიძეს მიაჩნია, რომ კომერციული ატაშეს ინსტიტუტის შექმნა საელჩოებისთვისაც აუცილებლობას წარმოადგენდა, რადგან რიგითი დიპლომატები კომერციული ატაშეს ფუნქციებს სრულყოფილად ვერ ითავსებდნენ, მაგრამ ყოფილი დიპლომატისთვის გაუგებარია, რატომ ნიშნავს კომერციულ ატაშეს თანამდებობაზე ეკონომიკის მინისტრი და არა – საგარეო საქმეთა მინისტრი.

“ვფიქრობ, კომერციული ატაშეს დანიშვნა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეროგატივა უნდა იყოს. თავად ეკონომიკური ატაშესთვისაც არაა სახარბიელო ორმაგ დაქვემდებარებაში ყოფნა, რადგან თუ ელჩმა სხვა რაღაც უთხრა და ეკონომიკის სამინისტროდან სხვა ინსტრუქცია მიიღო, ეს თანამშრომლობას გაართულებს”, – ამბობს სანდრო ჭუმბურიძე და დიპლომატიურ სამსახურში ყოფნის საკუთარ 10-წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კომერციული ატაშეს ინსტიტუტი დამოუკიდებლად პრაქტიკულად ვერ იფუნქციონირებს, თუ მას ზურგი ელჩმა არ გაუმაგრა.

“ადგილსამყოფელი ქვეყნის საელჩოში პირველი პირი ელჩია, რომელსაც გაცილებით მეტი წონა აქვს”, – აღნიშნა მან.

“უკვე დიდი ხანია, ამგვარი დაქვემდებარებით არიან თავდაცვის ატაშე, პოლიციის ატაშე და უსაფრთხოების ატაშე. როგორც ვიცით, არანაირი უხერხულობა არ შექმნილა”, – ასე პასუხობენ ჭუმბურიძეს ეკონომიკის სამინისტროდან. მათ პოზიციას იზიარებს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძეც.

რაც შეეხება კომერციული ატაშეების ფუნქციებს, EUGBC-ის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ “მათ უნდა შეასრულონ ყველაზე მძიმე სამუშაოები”.

“ატაშეებმა უნდა მოიძიონ, თუ რა სექტორებში შეიძლება თანამშრომლობა საქართველოსა და ადგილსამყოფელ ქვეყანას შორის და გააკეთონ სრულყოფილი ანალიზი. მათ კარგად უნდა შეისწავლონ იმ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები, სადაც წარგზავნიან, რათა ინტერესების თანხვდენა მოხდეს. გარდა ამისა, კომერციულმა ატაშეებმა ისეთი განწყობა და კონტაქტები უნდა ჩამოაყალიბონ კომპანიებთან, რომ, პირობითად, ყოველწლიურად ან ორ წელიწადში ერთხელ მაინც საქართველოში ჩამოიყვანონ დაინტერესებული ინვესტორები და ადგილზე გააცნონ ბიზნესგარემო”, – ამბობს ის.

“მთავარია, კომერციული ატაშეები მხოლოდ წერილების მიმოცვლით არ დაკავდნენ”, – ესაა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ატაშეებისთვის – ასე ფიქრობს საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ყოფილი დირექტორი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი, რომელიც დღესაც ინვესტორებს იზიდავს, ოღონდ “ანაკლია სითის” აღმასრულებელი დირექტორის პოზიციიდან.

“ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონისა და ქალაქ ანაკლიის საკითხზე მუშაობისას შევარჩიე რამდენიმე სტრატეგიული ქვეყანა და შევქმენი კომპანიების “ოქროს სია”, ვისთან მუშაობასაც ვაპირებ. ანალოგიურად უნდა იმოქმედონ ატაშეებმაც და, რაც მთავარია, მათი საქმიანობის ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოიპოვონ ინვესტორთა ნდობა, მაგრამ ნდობა რომ დაიმსახურო, აუცილებელია, პოტენციურ ინვესტორს დაპირებული ინფორმაცია დროულად და ხარისხიანად მიაწოდო. ასე შეძლებ პროფესიონალური ურთიერთობის დამყარებას და მეორე მხარის დარწმუნებას, რომ კომერციულ ატაშეს შეუძლია საქართველოში მისი ინტერესების დაცვა. მათი “წარმატების საზომი” კი იქნება დაინტერესებული ინვესტორების ჩამოყვანა საქართველოში და ხელშეკრულების ეტაპებამდე მიყვანა”, – აცხადებს ქეთი ბოჭორიშვილი.

ქეთი ბოჭორიშვილმა Forbes Georgia-სთვის ატაშეს როლშიც წარმოიდგინა თავი და ქვეყნების მიხედვით “პოპულარული მიმართულებებიც” გამოყო.

“არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საელჩო არ გვაქვს, არადა ძალიან დიდი პოტენციალია ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად – საინტერესო ბაზარია როგორც საექსპორტოდ, ისე – ინვესტიციების მოსაზიდად; ასევე არსებობს დიდი პოტენციალი, რომ ჩინური კომპანიები, რომელთაც ევროპის ბაზარი აინტერესებთ, დავარწმუნოთ, საქართველოში განავითარონ წარმოება და გამოიყენონ ჩვენი სავაჭრო რეჟიმები ევროპის თუ სხვა ბაზრებზე შესასვლელად; აშშ დიდია და შეუძლებელია, მთელი ქვეყანა მოვიცვათ, აქ კონკრეტული გეგმის მიხედვით უნდა მოხდეს მუშაობა”, – ჰყვება ის.

გარდა ამისა, ატაშეების ეფექტიანობისთვის, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც საინვესტიციო სააგენტოს ყოფილი დირექტორი გამოყოფს, კომერციული ატაშეს ინსტიტუტის ბიუჯეტია.

“მხოლოდ ოფისის ხარჯები და ატაშეს შრომის ანაზღაურება საკმარისი არ არის. აუცილებელია, ატაშეებს ჰქონდეთ ბიუჯეტი ინვესტიციების თუ ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის. მაგალითად, როდესაც შენი ფუნქცია საექსპორტო პროდუქტების გაყიდვის ხელშეწყობაა, აუცილებელია ე.წ. პროდუქციის წარმოჩენა დეგუსტაციის (სურსათის შემთხვევაში) ნიმუშების გამოფენის მეშვეობით, ადგილობრივ მედიაში ქვეყნისა და პროდუქციის პოპულარიზაცია, ღონისძიებების მოწყობა და სხვა. შესაძლოა, რიგ ქვეყნებში, სადაც ექსპორტის ხელშეწყობა იქნება პრიორიტეტი, სასაწყობე სივრცეების შექმნაც გახდეს საჭირო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშირებული, მაგრამ როცა აქტივობები იქნება მიზანმიმართული, შედეგი აუცილებლად დადგება”, – ამბობს ქეთი ბოჭორიშვილი.

“ანაკლია სითის” აღმასრულებელი დირექტორი დიდ როლს ანიჭებს განწყობასაც, რადგან მიაჩნია, რომ თუ ატაშეებმა თავად არ ირწმუნეს საქართველოს შესაძლებლობები და კონკურენტული უპირატესობები, ვერც ინვესტორების დაინტერესებას და დარწმუნებას შეძლებენ.

ქეთი ბოჭორიშვილი მომავალ კომერციულ ატაშეებს სამ რჩევას აძლევს: პირველი – ატაშეებმა უნდა ნახონ და კარგად შეისწავლონ ყველა ქართული პროდუქტი, რომლის ექსპორტიც შესაძლებელია მათ სამიზნე ბაზარზე; მეორე – პრიორიტეტად აქციონ ხარისხიანი ინვესტიციების მოზიდვა, რაც მოიტანს ცოდნას და ახალ ტექნოლოგიებს საქართველოში და მესამე და მთავარი – ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმა შეიმუშაონ.

“რამდენიმე წლის წინ ჩვენ მიზნად დავისახეთ ჩინეთის ბაზარზე ღვინის პოპულარიზაცია და ექსპორტის გაზრდა. ერთწლიანი აქტიური მუშაობით და მრავალმიმართულებიანი პენეტრაციის გეგმით, დღეს უკვე გვაქვს საგრძნობი შედეგი ქართული ღვინის ჩინეთის ბაზარზე გაყიდვების ზრდის კუთხით”, – ამბობს ქეთი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია Forbes Georgia-თან საუბარში იხსენებს, რომ საზღვარგარეთ კომერციული ატაშეების გაგზავნის იდეა ჯერ კიდევ მისი მინისტრობის დროს, 2011 წელს დაიბადა, მაგრამ მაშინ ეს იდეა ვერ განხორციელდა, რადგან დაითვალეს და იმდენად დიდ ხარჯებზე გადიოდნენ, რომ მაშინდელი მთავრობის პრიორიტეტებში ვერ ჩაჯდა.

ყოფილი მინისტრი კომერციული ატაშეების ინსტიტუტის ამოქმედების საჭიროებას ხედავს და იდეასაც იწონებს, მაგრამ ეჭვი ეპარება, რომ თითო ატაშემ დიდ ქვეყნებში კონკრეტული შედეგის დადება შეძლოს, ამიტომ, ვერა ქობალიას აზრით, ჰონკონგის მოდელის არჩევა უმჯობესი იქნებოდა.

“ჰონკონგი ინვესტიციების ატაშეებად ჰონკონგიდან კი არ გზავნის კადრებს, არამედ ინტერესის ბაზრებს ირჩევს, საერთაშორისო ტენდერს აცხადებს და ნებისმიერ საერთაშორისო კომპანიას, რომელიც ჰონკონგისთვის საინტერესო ქვეყანაშია, მონაწილეობის მიღება შეუძლია; გამარჯვების შემთხვევაში, კომპანიებს უწერენ კონკრეტულ დროსა და სექტორებზე გაწერილ დავალებებს (წელს ეს პრიორიტეტული სექტორებია Business and Professional Services, Transport/ Industrial, Innovation and Technology and Fintech), KPI-ის (ეფექტიანობის საკვანძო მაჩვენებლები) და თუ ვერ შეასრულებენ, კონტრაქტი წყდება. მაგალითად, საქართველოდან და ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებიდან წელს ჰონკონგის მიერ არჩეულმა კომპანიამ უნდა მოიზიდოს ოცი კომპანია ჰონკონგში და მინიმუმ ცხრამ უნდა გახსნას წარმომადგენლობა ან ინვესტიცია ჰონკონგში განახორციელოს. ამით ჰონკონგის მთავრობა საბიუჯეტო თანხებსაც ზოგავს, რადგან ატაშეს ხელფასის გარდა სჭირდება საცხოვრებელი, ტრანსპორტით უზრუნველყოფა და ა.შ.”, – ამბობს ვერა ქობალია და იმასაც აღნიშნავს, რომ მაღალი ხელფასი ეფექტიანობის გარანტიც არის, რომ “კომერციულ ატაშეებს კორუფციულ გარიგებებში ჩართვის ინტერესი არ ჰქონდეთ”.

საქართველოს ეკონომიკის ყოფილ მინისტრს და ასევე ინდონეზიის მთავრობის უკვე ყოფილ საერთაშორისო მრჩეველს რჩევები არც საქართველოს მომავალი კომერციული ატაშეებისთვის ენანება:

“თუ გადავხედავთ მსოფლიოს, ჰონკონგი, ტაივანი, სინგაპური – მსოფლიოში ყველაზე განვითარებულები, სერვისებზე არიან ორიენტირებული; საქართველო ნავთობითა და გაზით მდიდარი ქვეყანა არაა, მაგრამ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, შეგვიძლია სერვისების განვითარებით ვიყოთ რეგიონალური ჰაბი – ვფიქრობ, სწორედ ამაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. რაც შეეხება ინვესტიციების მოზიდვას, რა ინტერესი შეიძლება გრძელვადიან ინვესტორს ჰქონდეს, თუ მას განხორციელებული ინვესტიციის დაცულობის არ სჯერა, ამიტომ პირველ რიგში, სასამართლო სისტემის სრული რეფორმაა მნიშვნელოვანი და შემდეგ – სხვა დანარჩენი”, – აღნიშნა ვერა ქობალიამ.

კომერციული ატაშეებისთვის რჩევებს არც PMCG-ის თავმჯდომარე ლექსო ალექსიშვილი იშურებს:

  • მუდმივ კომუნიკაცია უნდა ჰქონდეთ საქართველოს ბიზნესწრეებთან, ბიზნესასოციაციებთან და უშუალოდ იყვნენ საქმის კურსში მათი საქმიანობების შესახებ;
  • ყოველთვის გლობალურად შეხედონ ეკონომიკურ პროცესებს. იცოდნენ და პულსზე ედოთ ხელი, თუ რა ხდება მსოფლიო და რეგიონულ დონეზე, განსაკუთრებით ჩვენს სამიზნე ქვეყნებში და მათ პარტნიორებში.
  • დაბოლოს, მთავარი: არ ჩათვალონ, რომ საქართველო, როგორც პატარა ქვეყანა, საკუთარი ღარიბი ეკონომიკით, უინტერესო შეიძლება იყოს სხვებისთვის, განსაკუთრებით განვითარებული ქვეყნებისთვის. ატაშეებმა (და არა მარტო მათ, ჩვენ ყველამ) უნდა დავძლიოთ პატარა ქვეყნის კომპლექსი და დავანახოთ და დავარწმუნოთ მსოფლიო, რომ შესაძლებლობების ქვეყანა ვართ, სადაც ინვესტიციის განხორციელებით დიდ ბაზრებზე თავისუფლად შეღწევის შანსები ეძლევათ.

ლექსო ალექსიშვილის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ ბიზნესში მუშაობის გამოცდილება, განსაკუთრებით საინვესტიციო ან კორპორაციულ საბანკო სექტორში და შეეძლოთ ბიზნესთან “მათ ენაზე კომუნიკაცია”.

“ატაშეებმა უნდა შეძლონ მსხვილი და საშუალო ინვესტორების დარწმუნება არა მხოლოდ იმაში, რომ საქართველო კარგი ბიზნესგარემოა მათი ბიზნესისთვის, არამედ ის, რომ საქართველოდან შეძლებენ ბიზნესის კეთებას მათთვის საინტერესო ბაზრებზე – იქნება ეს ჩინეთი თუ ევროკავშირი. შესაბამისად, კომერციულ ატაშეებს უნდა ჰქონდეთ უფრო გლობალური ხედვა და ცოდნა ეკონომიკისა და ბიზნესის, ვიდრე ეს მხოლოდ საქართველოს ეკონომიკის, პოლიტიკური მდგომარეობის და/ან საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შესახებ პრეზენტაციებია”, – ამბობს Forbes Georgia-თან საუბრისას PMCG-ის თავმჯდომარე.

გარდა ამისა, ალექსიშვილს მიაჩნია, რომ ატაშეებმა ექსპორტისა და უცხოური ინვესტიციებს ხელშესაწყობად, თანამშრომლობის ყველა პლატფორმა მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა გამოიყენონ.

“მაგალითად, გერმანიას გააჩნია “იმპორტის ხელშეწყობის სააგენტო” (www.importpromotiondesk.com), რომელიც ეხმარება წინასწარ განსაზღვრული ქვეყნების ბიზნესწარმომადგენლებს გერმანიაში იმპორტის განხორციელებაში. საქართველო არ არის ამ ქვეყნების ჩამონათვალში. მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუ არსებობს შანსი, რომ ქართულმა ბიზნესებმაც ისარგებლონ ამ სააგენტოს დახმარებით, ეს შანსი გამოვიყენოთ. ამიტომ ამ კუთხითაც გასააქტიურებელია საქმიანობა. ასევე, ალბათ ცოტა ნაადრევია ამაზე საუბარი, მაგრამ მომზადება ამ კუთხით აუცილებელია – ევროპასთან მიღწეული შეთანხმებით, ქართულ კომპანიებს ეძლევა შანსი, მონაწილეობა მიიღონ ევროპული ქვეყნების სახელმწიფო შესყიდვებში. შეიძლება ამ ეტაპზე ეს ზედმეტად არარეალისტურად ჟღერს, მაგრამ ეს დროც აუცილებლად დადგება. ჩვენთან თავს მოიყრიან ის კომპანიები, რომლებსაც ექნებათ უნარები და ამბიცია, შევიდნენ ევროპულ და/ან სხვა დიდ ბაზრებზე”, – აღნიშნა ალექსიშვილმა.

ასეთი მოლოდინები აქვთ კომერციული ატაშეს ინსტიტუტზე იმ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოზიციიდან თავადაც ზრუნავდნენ ქვეყანაში მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვაზე და ნაწილი დღესაც ამ საქმეს აკეთებს.

ახლა მთავარი კითხვაა, როგორ და რამდენ ხანში ერთხელ გაზომავს ეკონომიკის სამინისტრო ატაშეების ეფექტიანობას. სამინისტროში ირწმუნებიან, რომ კომერციულ ატაშეებს საკუთარ აქტოვობებზე ყოველდღიური ანგარიშგების ვალდებულება ექნებათ. გარდა ამისა, ატაშემ ყოველკვარტალურად უნდა წარმოადგინოს კვარტალის შედეგების შეჯამება, რომელიც კონკრეტულ ციფრებში იქნება გამოხატული.

“მომზადდება წლიური შემაჯამებელი ანგარიში, რითაც მოხდება მის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგების შეფასება და ეფექტიანობის დადგენა. ეფექტიანობის საზომი იქნება კომერციული ატაშეს მიერ განხორციელებული კონკრეტული აქტივობების შედეგად გაზრდილი ინვესტიციები, ახალი საერთაშორისო კომპანიების დაინტერესება საინვესტიციო წინადადებებით, გაზრდილი ექსპორტი და ასევე ყველა იმ ფუნქციის განხორციელების გზით მოტანილი შედეგი, რაც ატაშეს განსაზღვრული აქვს სამუშაოს აღწერილობით – ინოვაციური პროექტების ზრდა ქვეყანაში, ტურიზმის განვითარება და სხვა”, – განაცხადა Forbes Georgia-თან ინტერვიუში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.

კომერციული ატაშეები ძირითადად საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში განთავსდებიან, მაგრამ დავალებებს ცალსახად ეკონომიკის სამინისტროსგან მიიღებენ. მათ არც თანაშემწე ეყოლებათ და არც – აპარატი. დიმიტრი ქუმსიშვილის უწყებაში, 2018 წელს კომერციული ატაშეს ინსტიტუტის ბიუჯეტს ჯერჯერობით ვერ ასახელებენ. რაც შეეხება ატაშეების ხელფასს, სამინისტროში ამბობენ, რომ მათი თანამდებობრივი სარგო ადგილსამყოფელი ქვეყნების მიხედვით განისაზღვრება.

კიდევ ბევრი კითხვაა. სკეპტიციზმი – უფრო მეტი. კომერციული ატაშეების ეფექტიანობის შედარებით ზუსტი საზომი ალბათ მაინც იმ ექვსი ქვეყნიდან ახალი ინვესტორების გამოჩენა იქნება. იქამდე კი ვრჩებით ექვსი კომერციული ატაშეს მოლოდინში, რომლებმაც საქართველო მაქსიმალურად კარგად უნდა “გაყიდონ”.