რამდენიმე ირანელი მაღალჩინოსნისა და დიპლომატის ინფორმაციით, ირანმა რუსეთისთვის „მიწა-მიწა“ ტიპის რაკეტების და უფრო მეტი დრონის მიწოდების პირობა დადო. ირანის გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლური ძალების აღშფოთებას გამოიწვევს.
შეთანხმება 6 სექტემბერს შედგა, მაშინ როდესაც ირანის ოფიციალური პირები, რუსეთთან იარაღის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებებისთვის რუს მაღალჩინოსნებს შეხვდნენ. მოსკოვში ირანის მხრიდან წარდგენილ პირებს შორის იყვნენ ქვეყნის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, „ეროვნული გვარდიის“ მაღალი თანამდებობის ორი პირი და „ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს“ წარმომადგენლები.
შეხვედრის შესახებ ინფორმირებული ირანელი დიპლომატის განცხადებით, რუსებმა ირანისგან დრონების მიწოდების გაზრდა და გაუმჯობესებული სიზუსტის რაკეტების, მათ შორის Zolfaghar-ისა და Fateh-ის მიწოდება მოითხოვეს.
დასავლელი ოფიციალური წარმომადგენლის დასტურით, ირანსა და რუსეთს შორის არსებობს შეთანხმება „მიწა-მიწა“ ტიპის მცირე დიაპაზონის ბალისტიკური რაკეტების, მათ შორის Zolfaghar-ის მიწოდების შესახებ. ირანელმა დიპლომატმა კი უარყო დასავლელი ოფიციალური პირების მტკიცებები, რომ მსგავსი ტრანსფერები გაეროს უშიშროების საბჭოს 2015 წლის რეგულაციის დარღვევაა.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, ბოლო კვირებში რუსეთის მიერ თავდასხმები ირანული Shahed-136-ის გამოყენებით განხორციელდა. ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდების ფაქტს უარყოფს, კრემლი კი აცხადებს, რომ მის სამხედრო ძალებს უკრაინაზე თავდასხმისთვის ირანული საფრენი აპარატები არ გამოუყენებია.