მაქკენზი სკოტმა აშშ-ის Girl Scouts-ს რეკორდული მოცულობის შემოწირულება გადასცა

მაქკენზი სკოტმა აშშ-ის Girl Scouts-ს რეკორდული მოცულობის შემოწირულება გადასცა

მაქკენზი სკოტი მსხვილ ნაციონალურ არაკომერციულ ორგანიზაციებში მოცულობითი შემოწირულებების განხორციელებას განაგრძობს. ამჯერად, ფილანთროპმა და მილიარდერმა რეკორდული, $84.5 მილიონი ამერიკულ Girl Scouts-ს (GSUSA) გადასცა. სკოტის შემოწირულება ყველაზე დიდი საჩუქარია, რომელიც აშშ-ის Girl Scouts-ებს ოდესმე ერთი დონორისგან მიუღია, რაც ზოგადად მაქკენზის დონაციებისთვის დამახასიათებელიცაა.

მილიარდერი ფილანთროპის მიერ აშშ-ის Girl Scouts-ებისთვის გადაცემული თანხა მრავალფეროვნების ახალი ინიციატივების შექმნას, კარიერული მზაობისა და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესების საკითხებს, STEM-ის პროგრამების გაფართოებასა და ბანაკების ობიექტების განახლებას მოხმარდება. აშშ-ის Girl Scouts-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სოფია ჩანგმა, სკოტის შემოწირულებას ორგანიზაციის საქმიანობისა და ძალისხმევის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი უწოდა, რაც დაეხმარება გოგონებს, განივითარონ ლიდერობისთვის საჭირო უნარები და კავშირები როგორც მათ საზოგადოებებში, ასევე გლობალურად.

მაქკენზის მიერ გაღებული თანხა აშშ-ის ნაციონალურ Girl Scouts-სა და 29 რეგიონულ განყოფილებაზე გადანაწილდება, რომელთაც „საბჭოები“ ეწოდებათ. განცხადების თანახმად, შემოწირულებისთვის საბჭოთა შერჩევის კრიტერიუმები გასაჯაროებული არაა და მასში არც GSUSA მონაწილეობს. ყველა შემოწირულების გადაცემასა და გადანაწილებას თავად სკოტი და მისი გუნდი ახორციელებს.

Girl Scouts-ებში მონაწილე გოგონების რაოდენობამ პიკს 2003 წელს, 2.8 მილიონი წევრით მიაღწია, თუმცა ამის შემდგომ კლებას განაგრძობს. პანდემიამ მდგომარეობა განსაკუთრებით გააუარესა. Associated Press-ის მონაცემებით, 2019 წლიდან 2020 წლამდე Girl Scouts-ში მონაწილეთა რაოდენობა 30%-ით, 1.4 მილიონიდან 1 მილიონამდე შემცირდა. Girl Scouts-ში იმედოვნებენ, რომ მაქკენზი სკოტის შემოწირულება, მათ ახალი წევრების მოზიდვასა და გოგონების ჩართულობის ზრდაში დაეხმარებათ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *