ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის (NIOC) აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ეკონომიკური ზეწოლის მიუხედავად, ქვეყანაში ნავთობის წარმოება 2018 წლის სანქციებამდე არსებულ დონეს აღწევს. 2018 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2015 წლის ბირთვული შეთანხმება ცალმხრივად დატოვა და ირანის წინააღმდეგ ხელახალი სანქციები დააწესა.
ირანი ამ ეტაპზე 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რაც შესაძლოა, ქვეყნისთვის რიგი ეკონომიკური სანქციების მოხსნით დასრულდეს. ბირთვული გარიგება, ოფიციალურად ცნობილი, როგორც ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა (JCPOA) ირანის ბირთვულ პროგრამას ზღუდავს. JCPOA-ის შეთანხმება ირანთან ერთად დიდ ბრიტანეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, გერმანიას, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს აერთიანებს.
2018 წელს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სანქციების დაწესებამ ქვეყნის ნავთობწარმოება მნიშვნელოვნად შეამცირა. მიუხედავად ამისა, NIOC-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მონაცემები სანქციებამდელ დონეს უბრუნდება, რაც დღეში 3.8 მილიონი ბარელი ნავთობის წარმოებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის მთავრობამ ობიექტების აღდგენისა და წარმოების სანქციების დაწესებამდე არსებულ დონემდე გაზრდისთვის $500 მილიონი გამოყო.
ირანის ნავთობის მინისტრის განცხადებით, ირანის კალენდარული წლის განმავლობაში (20 მარტს დასრულდა) ნავთობიდან მიღებულმა შემოსავალმა $18 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს თითქმის 2.5-ჯერ აღემატება. ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების OPEC-ის ჯგუფის ყოველთვიური ანგარიშით, თებერვალში ირანის დღიურმა ნავთობწარმოებამ 2.54 მილიონი ბარელი შეადგინა.