გაეროს ახალი ანგარიში: მსოფლიოს კლიმატური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად სამი წელი აქვს

გაეროს ახალი ანგარიში: მსოფლიოს კლიმატური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად სამი წელი აქვს

გაეროს კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის (IPCC) უახლესი ანგარიშით, კლიმატური ცვლილების კატასტროფული შედეგების თავიდან ასაცილებლად, მსოფლიომ 2030 წლისთვის ნახშირბადის ემისიები მეოთხედით უნდა შეამციროს. ამისათვის ემისიებმა პიკს 2025 წლამდე უნდა მიაღწიოს, შემდგომ კი მკვეთრი ვარდნა დაიწყოს. თუმცა ესეც არ იქნება საკმარისი და მსოფლიოს, დასახული მიზნების მისაღწევად, დამატებითი ინვესტიციები დასჭირდება CO2-ის აღმოსაფხვრელ ტექნოლოგიებში.

შესაბამისი ზომების გატარებით მსოფლიომ, მომავალი ათწლეულის განმავლობაში, შესაძლოა, ტემპერატურის მატების მინიმალური, 1.5°C-გრადუსიანი მაჩვენებელი შეინარჩუნოს. თუმცა  მსგავსი მატებაც კი საშიშია და გაანადგურებს პლანეტაზე არსებული მარჯნის რიფების უდიდეს ნაწილს, ასევე ბევრ დაბლობ რეგიონს უდაბურად აქცევს. მიუხედავად ამისა, მოხსენების მთავარი ავტორი სარა ბერჩი ტემპერატურის 1.5°C-გრადუსიანი მიზნის მიღწევასაც ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევს, რადგან ამ შედეგისთვის თითოეულმა ქვეყანამ და ინდუსტრიამ ემისიების უსწრაფესი გზით შემცირება უნდა მოახერხოს.

ბერჩის მიერ სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, სათბური აირების საშუალო წლიური ემისიები ბოლო ათი წლის განმავლობაში კაცობრიობის ისტორიისთვის რეკორდულ ნიშნულს უტოლდება. შესაბამისად, მსოფლიო არაა მზად ტემპერატურის მატების მაჩვენებელი 1.5°C-ზე შეინარჩუნოს.

თუმცა მოხსენება რამდენიმე ოპტიმისტურ საკითხსაც ეხება და აღნიშნავს, რომ მთავრობებმა და კერძო სექტორმა, სულ მცირე, იციან, თუ რა უნდა გააკეთონ ენერგიის მოხმარების შესამცირებლად. ამის მიუხედავად, კითხვად რჩება, განახორციელებენ თუ არა რადიკალურ ცვლილებებს უარესი კლიმატური სცენარის თავიდან ასაცილებლად. IPCC-ის ანგარიშით, სწორი პოლიტიკის, ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების გამოყენებამ შესაძლოა, 2050 წლისთვის სათბური აირების ემისიების 40-70%-იანი შემცირება გამოიწვიოს.

მეორე ოპტიმისტური ფაქტი ისაა, რომ მიუხედავად 2010-2019 წლებში საშუალო წლიური გლობალური სათბური აირების ემისიების რეკორდული მაჩვენებლისა, ზრდის ტემპი შენელებულია. ქვეყნების მიერ შემოღებული პოლიტიკით მცირდება ტყეების განადგურება და იზრდება განახლებადი ენერგიის წილი. გარდა ამისა, უკანასკნელ ათწლეულში, მზისა და ქარის ენერგიის, ასევე ლითიუმის იონის ბატარეების ხარჯი 85%-ითაა შემცირებული.

IPCC-ს მოხსენების თანახმად, 2050 წლისთვის ქარისა და მზის ენერგიამ მსოფლიო ენერგიის მოთხოვნის უდიდესი ნაწილი უნდა დააკმაყოფილოს. სანაცვლოდ, მსოფლიომ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ქვანახშირის გამოყენება. ნახშირბადის შეგროვებისა და შენახვის გარეშე ქვანახშირის გამოყენება 2030 წლისთვის 76%-ით უნდა შემცირდეს, რაც საკმაოდ ამბიციური მიზანია.

მართალია, წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებაზე კონსენსუსის მიღწევა მარტივია, თუმცა შეთანხმების პირობების შესრულება რიგი ქვეყნებისთვის კვლავ პრობლემურია. მაგალითად, ჩინეთმა, სათბური აირებით მსოფლიოს უმსხვილესმა დამბინძურებელმა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ, ენერგოფასების მატების გამო ქვეყანაში ქვანახშირის გამოყენება გაზარდა. ევროკავშირისა და აშშ-ის ლიდერები კი შეშფოთებას გამოთქვამენ, რადგან ბუნებრივი აირის მაღალი ფასები ქვანახშირზე გლობალური მოთხოვნის გაზრდის გამომწვევი მიზეზი გახდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *