იშვიათი მიწაელემენტები: სად შეგვიძლია მათი პოვნა?

იშვიათი მიწაელემენტები: სად შეგვიძლია მათი პოვნა?

იშვიათი მიწაელემენტები გახლავთ მეტალების ჯგუფი, რომელთაც მწვანე ეკონომიკისათვის კრიტიკული ინგრედიენტების დანიშნულება აქვთ. აღნიშნული ელემენტების რეზერვების ლოკაცია კი უმნიშვნელოვანეს ღირებულებას წარმოადგენს. სტატიაში წარმოგიდგენთ დედამიწის უიშვიათესი ელემენტების ცნობილი რეზერვების ადგილსამყოფელს ქვეყნების მიხედვით, რომლის შესახებაც ინფორმაცია შეერთებული შტატების გეოლოგიის საზოგადოება აქვეყნებს.

იშვიათ მიწის მეტალებს ერთ ჯგუფად აერთიანებენ, რომელიც გეოლოგიაში REE-ს სახელით არის ცნობილი. ის წარმოადგენს 17 ვერცხლისფერი თეთრი რბილი მძიმე ლითონების ნაკრებს, რომელშიც ერთიანდება: ლანთანი (La), ცერიუმი (Ce), პრაზეოდიმი (Pr), ნეოდიმი (Nd), პრომეთიმი (Pm), სამარიუმი (Sm), ევროპიუმი (Eu), გადოლინიუმი (Gd), ტერბიუმი (Tb), დისპროზიუმი (Dy), ჰოლმიუმი (Ho), ერბიუმი (Er), თულიუმი (Tm), იტერბიუმი (Yb), ლუტეციუმი (Lu), სკანდიუმი (Sc) და იტრიუმი (Y).

აღსანიშნავია, რომ ეს ორი უკანასკნელი, სკანდიუმი და იტრიუმი, ლანთანიდების ოჯახს არ განეკუთვნება, თუმცა ისინი მაინც უიშვიათესი მეტალების ჯგუფში ერთიანდებიან იმის გათვალისწინებით, რომ მათ მსგავსი მინერალური შემადგენლობა და ქიმიური თვისებები აქვთ.

იშვიათი მიწის მეტალების უმეტესობა ტრადიციულ და დაბალნახშირბადიან ტექნოლოგიებში კატალიზატორებად და მაგნიტებად გამოიყენება. გარდა ამისა, ამ სახის მეტალებს სპეციალური ლითონების შენადნობების, მინისა და მაღალი ხარისხის ელექტროხელსაწყოების წარმოებაში გამოიყენებენ.

მაგალითად, ნეოდიმისა და სამარიუმის შენადნობები შეიძლება გამოიყენონ ძლიერი მაგნიტების შესაქმნელად, რომლებიც მაღალი ტემპერატურისადმი მდგრადი იქნება. ეს თვისება ამ ელემენტებს იდეალურად აქცევს კრიტიკულად მნიშვნელოვანი  ელექტრომოწყობილობებისა  და თავდაცვის პროდუქციის სპექტრისათვის.

დღესდღეობით ყველაზე ძლიერი მაგნიტი არის ნეოდიმის შენადნობი რკინასა და ბორთან. მასთან სხვა იშვიათი მიწის ელემენტების, დისპოზიუმისა და პრაზეოდიმის დამატებამ მაგნიტის მოქმედების სიძლიერე და თვისებები შეიძლება შეცვალოს.

სწორედ ამგვარ მაგნიტებსა და ელემენტებს საჭიროებენ ჰიბრიდული და ელექტრომანქანების ძრავები, ქარის ტურბინების გენერატორები, მყარი დისკები, პორტატიული ელექტრონიკა და მობილური ტელეფონები. თანამედროვე ტექნოლოგიებისათვის მათი მნიშვნელობა მათ მოპოვებასა და დამუშავებას ბევრი სახელმწიფოსათვის კითხვის ნიშნის საგნად აქცევს.

მაგალითისათვის, ერთი მეგავატი სიმძლავრის ქარის ენერგიის წარმოება 171 კილოგრამ იშვიათი მიწის ელემენტს მოითხოვს. ამერიკული მოიერიშე F-35-ის საწარმოებლად კი 427 კილოგრამია საჭირო. ვირჯინიის კლასის ბირთვული წყალქვეშა გემი კი თითქმის 4.2 ტონა ამგვარ ელემენტებს იყენებს.

იშვიათი მიწის ელემენტების მაღაროებითა და მარაგებით მსოფლიოში ჩინეთი ლიდერობს. მას რეზერვებში 44 მილიონი ტონა ამგვარი ელემენტი აქვს დაკონსერვებული, ხოლო 140 000 ტონას მაღაროების საშუალებით ყოველწლიურად მოიპოვებს.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მეორე ადგილს რეზერვების რეიტინგში ვიეტნამი იკავებს. მას რეზერვებში 22 მილიონი ტონა იშვიათი მიწის ელემენტები აქვს დაცული, თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი წლიური მოპოვების მაჩვენებელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია და მხოლოდ 1000 ტონას უტოლდება. იმავეს თქმა შეიძლება რეიტინგში მესამე ადგილზე მყოფ ბრაზილიაზე, რომელსაც 21 მილიონი ტონა იშვიათი მიწის ელემენტების რეზერვი აქვს, თუმცა ვიეტნამის მსგავსად ყოველწლიურად ისიც მხოლოდ 1000 ტონას მოიპოვებს.

საინტერესოა, რომ ჩინეთი მსოფლიო რეზერვების 38%-ს ფლობს, ვიეტნამი 19%-ს, ხოლო ბრაზილია – 18.1%-ს. ტერიტორიით მსოფლიოში უდიდესი სახელმწიფო, რუსეთი, რეიტინგში მეოთხე ადგილზე იმყოფება. მას რეზერვების სახით 12 მილიონი ტონა იშვიათი მიწის ელემენტები აქვს. თუმცა წარმოების მაჩვენებელი აქაც დაბალია. 2020 წელს ქვეყანაში მხოლოდ 2 700 ტონა იშვიათი მიწის ელემენტები მოიპოვეს.

სანაცვლოდ სხვაგვარი სიტუაციაა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ქვეყანას საკმაოდ მწირი რაოდენობის რეზერვები აქვს 1.5 მილიონი ტონა ელემენტების სახით. თუმცა ის ყოველწლიურად 38 000 ტონა ელემენტს მოიპოვებს. შეერთებული შტატები დიდად არის დამოკიდებული კრიტიკული მნიშვნელობის ელემენტების ჩინეთიდან იმპორტზე.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ იშვიათი მიწის ელემენტების ინდუსტრიაში ჩინეთის დომინირება შემთხვევითი სულაც არ ყოფილა. მრავალწლიანი კვლევები და სამრეწველო პოლიტიკა ჩინეთს დაეხმარა, ბაზარზე უმაღლესი პოზიცია ჩამოეყალიბებინა. ახლა კი ქვეყანას აქვს უნარი, გააკონტროლოს წარმოება და ამ ძვირფასი ლითონების გლობალური ხელმისაწვდომობა.

Visual Capitalist
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.