ალბერტ აინშტაინის ხელნაწერი აუქციონზე $13 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა

ალბერტ აინშტაინის ხელნაწერი აუქციონზე $13 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა

მე-20 საუკუნის უდიდესი მეცნიერის, ალბერტ აინშტაინის ხელნაწერი 23 ნოემბერს პარიზში გამართულ აუქციონზე 11.6 მილიონ ევროდ გაიყიდა, რაც ამ დროისთვის 13 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება. ეს დაახლოებით ოთხჯერ მეტია იმ თანხის რაოდენობაზე, რამდენადაც ნივთის გაყიდვას იმედოვნებდნენ. აღსანიშნავია, რომ მოცემული დროისთვის 54-გვერდიანი დოკუმენტი აინშტაინის ყველაზე ძვირად ღირებული ხელნაწერია.

როგორც ცნობილია, ხელნაწერი შეიცავს შენიშვნებს ფარდობითობის ზოგადი თეორიისთვის, რომლის შესახებაც ნაშრომი მეცნიერმა 1915 წელს გამოაქვეყნა. ის Aguttes-ის სააუქციონო სახლის სახელით გასაყიდად Christie’s-მა გამოიტანა. ამ უკანასკნელის განცხადებით, ეს აინშტაინის ყველაზე ძვირფასი ხელნაწერია, რომელიც ოდესმე აუქციონზე წარუდგენიათ. Christie’s-ის წარმომადგენლები მის გაყიდვას 2-3 მილიონ ევროდ იმედოვნებდნენ, თუმცა შემოთავაზებებმა მათ მოლოდინს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ ხელნაწერის საწყისი ფასი 1.5 მილიონი ევროთი იყო განსაზღვრული, რაც დაახლოებით 1.7 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტია.

ცნობისთვის, აქამდე ალბერტ აინშტაინის ყველაზე ძვირად ღირებული ხელნაწერის სტატუსი ე.წ „ღმერთის წერილს“ ეკუთვნოდა, რომელიც 2018 წელს 2.8 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. მანამდე კი ბედნიერების საიდუმლოს შესახებ წერილში 2017 წელს 1.56 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადეს.

ალბერტ აინშტაინის ყველაზე ძვირად ღირებული ხელნაწერის ახალი მფლობელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ მოცემულ დოკუმენტში ჩანაწერები 1913-1914 წლებში, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში არის გაკეთებული. მასში აინშტაინის კოლეგისა და მეგობრის, შვეიცარიელი ინჟინრის, მიქელე ბესოს მიერ გაკეთებული შენიშვნებიცაა თავმოყრილი. Christie’s-ის წარმომადგენლების განცხადებით, ხელნაწერი შთამომავლობას სწორედ ამ უკანასკნელის წყალობით შემორჩა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *