მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელისა და ეგვიპტის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნების საზღვართან, რაფაჰში ერთმანეთის მისამართით ცეცხლი გახსნეს. წყაროები ეგვიპტის მხარეს ერთი გარდაცვლილის შესახებ იტყობინებიან.
შეგახსენებთ, ბოლო დღეების განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალებმა რაფაჰში საომარი მოქმედებები განაახლა და ტერიტორია რამდენჯერმე მძიმედ დაბომბა. ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ბოლო დაბომბვას 45 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი ეგვიპტის საზღვართან მომხდარს ინციდენტს უწოდებს და განმარტავს, რომ გამოძიება დაწყებულია. IDF ოფიციალურად არ აცხადებს, თუ რომელმა მხარემ გახსნა ცეცხლი, თუმცა ადგილზე მყოფი ისრაელელი სამხედროები ირწმუნებიან, რომ ცეცხლი ეგვიპტურმა მხარემ გახსნა.
ეგვიპტის უსაფრთხოების ძალების დაღუპული თანამშრომლის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი, ღარიბ აბდელ-ჰაფეზი ავრცელებს.
ღაზის სექტორში შექმნილი ვითარების გამო, ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისა და საკუთარი ქმედებების შეზღუდვისაკენ საერთაშორისო პარტნიორები და სამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციები სულ უფრო აქტიურად მოუწოდებენ. მიუხედავად ამისა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ რაფაჰში საომარი მოქმედებების შეჩერებას არ გეგმავს.