დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ისრაელმა ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. თუმცა სახმელეთო ოპერაციის ტემპი ისეთი აქტიური არ აღმოჩნდა, როგორსაც სამხედრო ექსპერტები ელოდნენ. Reuters-თან სამხედრო სპეციალისტების მიერ გაკეთებული კომენტარების თანახმად, ამის მიზეზი „ჰამასის“ მძევლების დაბრუნებაზე დაყოლიებაა.
შეგახსენებთ, რომ „ჰამასმა“ ამ დროისათვის 239 დატყვევებული მძევლიდან, ჯერჯერობით მხოლოდ ოთხი გაათავისუფლა. დიდი ალბათობით, „ჰამასს“ მძევლები სექტორის მიწისქვეშა გვირაბებში ჰყავს დატყვევებული.
სხვა მოსაზრებებით, ისრაელის თავდაცვის ძალების ფრთხილი ტაქტიკა „ჰამასის“ მებრძოლების „წაქეზებასაც“ ისახავს მიზნად. მოგეხსენებათ, „ჰამასის“ ბრძოლის ერთ-ერთ უმთავრეს ტაქტიკას მიწისქვეშა გვირაბების გამოყენება წარმოადგენს. ისრაელის თავდაცვის ძალების ფრთხილი მოქმედება კი შესაძლოა, „ჰამასის“ მებრძოლების გვირაბებიდან ამოყვანას ემსახურებოდეს, რითაც ისინი მარტივი სამიზნეები ხდებიან.
მოქმედების ტაქტიკასა და სტრატეგიაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი. ისრაელის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელის, ამოს იადლინის მიერ ჟურნალისტებისთვის მიცემული ინტერვიუს თანახმად კი, ამგვარი ტაქტიკა რაც შეიძლება მეტი ტერორისტის განეიტრალებას ემსახურება.
„ჰამასის“ ლიდერების განცხადებებით, მძევლების გასათავისუფლებად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაა საჭირო. ისრაელი კი ცეცხლის შეწყვეტას არ თანხმდება. ცნობისათვის, 2011 წელს „ჰამასმა“ ერთი ისრაელელი ჯარისკაცის სანაცვლოდ 1,000 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლება მოითხოვა.
ისრაელის თავდაცვის ძალებს სახმელეთო ოპერაციაში მთავრობამ ორი ამოცანა დაუსახა. პირველი „ჰამასის“ ინფრასტრუქტურისა და ოპერაციული შესაძლებლობების განადგურება, ხოლო მეორე მძევლების გათავისუფლებაა. ამისათვის, ისრაელის თავდაცვის ძალებმა თავი ასიათასობით რეზერვისტსა და სამხედროს მოუყარა. პირველი საბრძოლო მოქმედებები ღაზის სექტორის ჩრდილოეთიდან დაიწყო. სამხედრო ოპერაციაში ჯავშანსატანკო შენაერთების გარდა ვერტმფრენები და დრონებიც არიან ჩართული, თუმცა ჩრდილოეთის მიმართულება სახმელეთო ოპერაციის დაწყების ერთადერთი ფრონტი არ გახლავთ – ისრაელის თავდაცვის ძალები ქალაქში სამხრეთიდანაც შევიდნენ.
როგორც ისრაელის, ისე პალესტინურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელის თავდაცვის ძალების ჯავშანტექნიკასა და ტანკებს გზებზე მცირე მასშტაბის წინააღმდეგობა შეხვდა.
პარალელურად მცირე ზომის შეტაკებები „ჰამასის“ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში, მიწისქვეშა გვირაბებშიც დაიწყო. მიწისქვეშა გვირაბები „ჰამასისთვის“ სამეთაურო შტაბის, თავდასხმის პოლიგონისა თუ რაკეტების გაშვების პლაცდარმს წარმოადგენს. IDF-ის განცხადებით, 29 ოქტომბერს სპეციალური ოპერაციების ძალებს მიწისქვეშა გვირაბებში „ჰამასის“ მებრძოლებთან შეტაკება მოუხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ტერორისტი განეიტრალდა.