რაში დებენ ინვესტიციას მსოფლიოს ულტრამდიდრები?

რაში დებენ ინვესტიციას მსოფლიოს ულტრამდიდრები?

მსოფლიოს ულტრამდიდრები, რომელთა ქონების წმინდა ღირებულება $30 მილიონს სცდება, თავიანთი ფინანსების ინვესტიციისთვის ძირითადად რამდენიმე მიმართულებას ირჩევენ ხოლმე. ულტრამდიდრების ქონების გადანაწილებაზე მონაცემები Knight Frank-მა 2023 წლის სიმდიდრის ანგარიშში წარმოადგინა. რეიტინგი ეფუძნება ხუთასზე მეტი კერძო ბანკირის, სიმდიდრის მენეჯერისა და ოჯახის ოფისის გამოკითხვებს, რომლებიც კოლექტიურად $2.5 ტრილიონის აქტივებს ზედამხედველობენ.

Knight Frank-ის მონაცემებით, ულტრამდიდრების საერთო სიმდიდრის 32%-ს და, შესაბამისად, უმსხვილეს აქტივსაც საცხოვრებელი სახლები წარმოადგენს. სიმდიდრის ანგარიშში წარმოდგენილი თითო პირი საშუალოდ 3.7 სახლს ფლობს. აქციებში ინვესტიციები ულტრამდიდრების ქონების თითქმის 20%-ს შეადგენს, ამ მხრივ აქციებში ინვესტიციების ყველაზე მაღალი მოცულობით ამერიკელები გამოირჩევიან – 33%, შემდეგ მოდის ევროპა – 28%-ით და აზია – 26%-ით.

კერძო კაპიტალისა და ვენჩურული კაპიტალის ინვესტიციები, რომლებიც მათ შორის მოიცავს ინვესტიციებს სტარტაპებში, რომელთა აქციების საჯაროდ განთავსება ჯერ არ მომხდარა, ულტრამდიდრების კოლექტიური სიმდიდრის 6%-ს წარმოადგენს. Titanbay-ის ცალკეული ანგარიში გვიჩვენებს, რომ ულტრამდიდრების საშუალო ინვესტიცია კერძო კაპიტალის კომპანიაში საშუალოდ $1.8 მილიონიდან $6.9 მილიონამდე მერყეობს.

ფუფუნების საგნებში ჩადებული ინვესტიციები, ხელოვნების ნიმუშებით დაწყებული, კლასიკური მანქანებით დასრულებული, ულტრამდიდრების საერთო ქონების საშუალოდ 3%-ს მოიცავს. ამ ნივთების დიდი ნაწილი ღირებულებას დროთა განმავლობაში ინარჩუნებს. რეალურად, რთული ეკონომიკური გარემოს მიუხედავად, რომლის დროსაც S&P 500 დაახლოებით 19%-ით დაეცა, ფუფუნების საგნების ათეულში წარმოდგენილი ნივთების ღირებულება (მათ შორისაა ხელოვნების ნიმუშები, საათები, სამკაულები, ღვინო, ვისკი) 2022 წლის განმავლობაში გაიზარდა.

ხელოვნების ბაზარზე მხოლოდ გასულ წელს ფასები 29%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე დიდი მატება იყო ფუფუნების საგნებში. მდიდრული მანქანებისა და საათების შემთხვევაშიც ფასების საკმაოდ მაღალი, შესაბამისად, 25%-იანი და 18%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ცნობისთვის, 2022 წელს გლობალურად იმ პირთა რაოდენობა, რომელთა ქონების წმინდა ღირებულება $30 მილიონს აჭარბებდა, დაახლოებით 579,000-ს უტოლდებოდა. ულტრამდიდრების უმეტესი ნაწილი ნიუ-იორკში, ტოკიოსა და სან-ფრანცისკოში ცხოვრობს. მომავალი 5 წლის განმავლობაში ულტრამდიდრების გლობალური რიცხვი სავარაუდოდ 29%-ით, 744,000 ადამიანამდე გაიზრდება.

ულტრამდიდართა მიერ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციები პროცენტულად შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. საცხოვრებელი სახლები – 32%
  2. აქციები – 18%
  3. კომერციული საკუთრება – 14%
  4. ობლიგაციები – 12%
  5. კერძო კაპიტალი / ვენჩურული კაპიტალი – 6%
  6. კომერციული საკუთრების ფონდები – 5%
  7. კომერციული საკუთრება REITs -3%
  8. ფუფუნების საგნები – 3%
  9. ოქრო – 2%
  10. კრიპტოაქტივები – 1%
  11. სხვა – 4%