ისრაელში 60 წელს გადაცილებულ პირები კორონავირუსის ვაქცინის მესამე დოზას მიიღებენ

ისრაელში 60 წელს გადაცილებულ პირები კორონავირუსის ვაქცინის მესამე დოზას მიიღებენ

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყანაში მომავალ კვირას 60 წელს გადაცილებული პირების კორონავირუსის ვაქცინის მესამე დოზით აცრა იგეგმება.

ბრძანება, 60 წელს გადაცილებული მოსახლეობისთვის გაძლიერებული, ე.წ. „ბუსტერ“ დოზის გაკეთების შესახებ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტსა და ჯანდაცვის მაღალი რანგის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდგომ გაიცა. შედეგად, ისრაელი გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მოქალაქეებს კორონავირუსის ვაქცინის მესამე დოზით აცრის. აღსანიშნავია, რომ ისრაელის პოლიტიკის გაგრძელებას ბულგარეთი და თურქეთი აპირებენ, ამერიკის შეერთებულ შტატები კი ჯერ კიდევ ვაქცინის მესამე დოზის დამტკიცების პროცესშია.

პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტის განცხადებით, მათი მიზანია როგორც მოქალაქეების სიცოცხლის, ასევე ისრაელის სახელმწიფოს ყოველდღიური საქმიანობის დაცვა. გარდა ამისა, ისრაელმა ხელახლა ცნო ე.წ. „მწვანე დაშვების სისტემა”, რომელიც მასობრივ ღონისძიებებზე მხოლოდ ვაქცინირებული, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ან ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირების დასწრებას ითვალისწინებს.

ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილება ბოლო პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის ზრდამ განაპირობა. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, ბოლო კვირაში ვირუსის ინფიცირების შემთხვევებმა 2,000-ს გადააჭარბა, 159 პაციენტი კი მძიმე მდგომარეობაშია. მთავრობა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ინფიცირების შემთხვევების გაორმაგებას პროგნოზირებს, პაციენტთა რაოდენობას კი შესაძლოა ქვეყანაში არსებული სამედიცინო დაწესებულებები ვერ გაუმკლავდნენ.

ისრაელში ვაქცინაცია ხელმისაწვდომია ყველასთვის 12 წლის ასაკიდან. ამჟამად ქვეყანაში მოსახლეობის 55% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით აცრილია. მიუხედავად ამისა, მილიონამდე მოქალაქეს ისევ არ მიუღია ვაქცინის დოზა, მათგან კი 234.000 სწორედ 50 წელს გადაცილებული პირია. ამ ეტაპზე მთავრობა ისრაელის მოქალაქეებს იმ ქვეყნებში მგზავრობას  უკრძალავს, სადაც კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი საგრძნობლად მაღალია. ამის მიუხედავად, ინფიცირების შემთხვევების ზრდას ექსპერტები სხვა ქვეყნებიდან შემოტანილ ახალ შტამებს უკავშირებენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *