უკრაინაში საშუალო ხელფასი თითქმის 24%-ით გაიზარდა

უკრაინაში საშუალო ხელფასი თითქმის 24%-ით გაიზარდა

უკრაინელების საშუალო ნომინალური ხელფასი 2021 წლის ივნისის მონაცემებით წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 23.6%-ითაა გაზრდილი. სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საშუალო ხელფასმა 14,313 უკაინული გრივნა, ანუ 532 აშშ დოლარი შეადგინა.

საწარმოებში, ინსტიტუტებსა თუ ორგანიზაციებში სრული განაკვეთით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასი 2021 წლის ივნისში 2.4-ჯერ მეტია მინიმალური ხელფასის მაჩვენებელზე, ანუ 6,000 უკრაინულ გრივნაზე, რაც 223 აშშ დოლარს უდრის. საინტერესოა, რომ 2021 წლის მაისთან შედარებით, საშუალო ნომინალური ხელფასი 6%-ითაა გაზრდილი.

ყველაზე მაღალი საშუალო ნომინალური ხელფასი ივნისში საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო სფეროში დაფიქსირდა. საშუალო ხელფასმა ამ ინდუსტრიაში 975 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 38.4%-ით მეტია. საშუალო ხელფასის სიდიდით მეორე ადგილზე საფინანსო და სადაზღვევო ინდუსტრიებია. ამ სფეროებში დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასი 844 აშშ დოლარია, რაც 17.4%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. რაც შეეხება მესამე ადგილს, მას 740 აშშ დოლარის საშუალო ხელფასით საჯარო ადმინისტრაციისა და თავდაცვის სფეროები იკავებს.

საინტერესოა ისიც, თუ რომელ სფეროებშია ყველაზე დაბალი საშუალო ნომინალური ხელფასი. ამ მაჩვენებლით ყველაზე ცუდი ვითარება სარესტორნო ინდუსტრიაში და ადმინისტრაციულ სამსახურებშია. საშუალო ნომინალური ხელფასი ამ ინდუსტრიებში 330-დან 410 აშშ დოლარამდე მერყეობს.

სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საშუალო ნომინალური ხელფასი 2020 წლის ივნისში 427 აშშ დოლარი იყო, რაც 7.4%-ით მეტია 2019 წლის მონაცემთან შედარებით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *