იტალია მაისის შუა რიცხვებში ტურისტებისთვის გაიხსნება

იტალია მაისის შუა რიცხვებში ტურისტებისთვის გაიხსნება

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ იტალია მზადაა, მაისის შუა რიცხვებიდან უმასპინძლოს ტურისტებს ევროკავშირის ქვეყნებიდან.

ევროკავშირი ივნისისთვის ამზადებს ჯანმრთელობის პასპორტს კონტინენტზე მოგზაურობის გასამარტივებლად. რის მისაღებადაც საჭიროა, ევროკავშირის მოქალაქე იყოს ვაქცინირებული და ჰქონდეს COVID-19-ის ტესტი გაკეთებული ან დაადასტუროს, რომ კორონავირუსისგან ახალი გამოჯანმრთელებულია.

როგორც მარიო დრაგი აღნიშნავს, იტალიას, რომლის ეკონომიკის 13% ტურიზმს უკავშირდება, საკუთარი მწვანე ბარათი მაისის შუა რიცხვებისთვის მზად ექნება.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, იტალიის მოსახლეობის 11% ვაქცინირებულია. აპრილში იტალია ევროპაში პირველი ქვეყანა  იყო, რომელმაც მედპერსონალი დაავალდებულა, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინით აეცრათ.

ქვეყანა კოვიდ-19-ის მესამე  ტალღას მარტში ელოდება.

მსოფლიო მოგზაურობა & ტურიზმის საბჭოს (WTTC) მიხედვით, პანდემიის შედეგად 2020 წელს გლობალურად საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 73%-ით შემცირდა და ტურიზმში დაახლოებით 62 მილიონი სამუშაო ადგილი დაიკარგა.