ჯეფ ბეზოსი $ 213 მილიარდით სიმდიდრის ახალ რეკორდს ამყარებს

ჯეფ ბეზოსი $ 213 მილიარდით სიმდიდრის ახალ რეკორდს ამყარებს

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის – ჯეფ ბეზოსის ქონების ღირებულებამ Forbes-ის უმდიდრესთა სიაში $213 მილიარდს მიაღწია, რაც სიმდიდრის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. მსგავსია მონაცემი Bloomberg-ის რეიტინგშიც, სადაც ცოტა ხნის წინ ამ რიცხვს ილონ მასკიც მიუახლოვდა, როდესაც იანვარში მისი ქონების ღირებულება დროის მცირე მონაკვეთის განმავლობაში  $210 მილიარდამდე იყო ასული.

ჯეფ ბეზოსის ქონების მნიშვნელოვანი ზრდა პენტაგონის მიერ Microsoft-თან მონაცემთა დისტანციური დამუშავების (cloud-computing) $10-მილიარდიანი კონტრაქტის გაუქმებას უკავშირდება. ვინაიდან Microsoft-ი კომპანია Amazon.com-ის კონკურენტია, პენტაგონის ამ ნაბიჯს Amazon-ის აქციების 4.7%-იანი ზრდა მოჰყვა, რის შედეგადაც Amazon-ის დამფუძნებელი ბეზოსის ქონება $ 8.4 მილიარდით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ 5 ივლისს ჯეფ ბეზოსმა Amazon-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. ამჟამად ბეზოსი კომპანიაში მოღვაწეობას მმართველი საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარის პოზიციიდან აგრძელებს, საიდანაც, როგორც თავად განაცხადა, თავის ენერგიასა და ყურადღებას ახალი პროდუქტებისა და ინიციატივებისკენ უფრო აქტიურად მიმართავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *