ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი აღარაა

ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი აღარაა

Amazon-ის დამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ჯეფ ბეზოსი, პლანეტის უმდიდრესი ადამიანი აღარაა. Forbes-ის მილიარდერთა სიაში მისი ადგილი 72 წლის ფრანგმა მილიარდერმა ბერნარ არნომ დაიკავა.

2021 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, კომპანია Amazon-ის აქციების ფასი 7.6%-ით შემცირდა. აქციების ფასის ვარდნის პარალელურად მისი დამფუძნებლის ქონებამ 13.9 მილიარდი აშშ დოლარით იკლო, რის შედეგადაც ჯეფ ბეზოსი მილიარდერთა რეიტინგში ერთი საფეხურით ჩამოქვეითდა. ბეზოსთან ერთად $4.6 მილიარდით შემცირდა მისი ყოფილი მეუღლე მაკენზი სკოტის ქონება, რომელიც ამჟამად, $56 მილიარდით, უმდიდრეს ადამიანთა სიაში 22-ე ადგილზეა.

პლანეტის უმდიდრესი ადამიანი, ბერნარ არნო, ფრანგული კომპანია LVMH-ის (Moet Hennessy-Louis Vuitton) დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. მის მფლობელობაშია ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა: Louis Vuitton, Christian Dior, Bulgari, Tag Heuer, Sephora, Hennessy და Tiffany. პანდემიის პერიოდში არნო 100 მილიარდი აშშ დოლარით გამდიდრდა, მის მფლობელობაში LVMH-ის აქციების 47%-ია, რაც 400 მილიარდი აშშ დოლარის ტოლფასია.

აღსანიშნავია, რომ Amazon-ის მსგავსად, გასული კვირის მონაცემებით, 1.4%-ით შემცირდა LVMH-ის კონგლომერატები, რის შედეგადაც ფრანგმა ბიზნესმენმა 2.9 მილიარდი აშშ დოლარით იზარალა. ამის მიუხედავად, არნომ 198.9 მილიარდი აშშ დოლარით Forbes-ის მილიარდერთა სიაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა და ჯეფ ბეზოსი, 50-დღიანი ლიდერობის შემდგომ, $3.6 მილიარდიანი სხვაობით უკან მოიტოვა (5 აგვისტო, 22:00 საათი).

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად აქციების ფასების ვარდნისა, Amazon-ის შემოსავალმა 2021 წლის მეორე კვარტალში 113 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 27%-ით მაღალია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. Amazon-ის წარმომადგენლების ვარაუდით, მომავალი კვარტლის მოგებამ $106-112 მილიარდი აშშ დოლარი უნდა შეადგინოს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *