მილიარდერი ბიზნესმენი ჯეფ ბეზოსი ამერიკის კოსმოსურ სააგენტოს, NASA-ს, 2 მილიარდი დოლარის ხარჯებს აუნაზღაურებს იმ შემთხვევაში, თუ კოსმოსური სააგენტო მის კომპანია Blue Origin-ს, ასტრონავტების მთვარეზე დასასმელად კოსმოსური ხომალდის აგების კონტრაქტს გაუფორმებს.
აპრილში NASA-მ მილიარდერი მეწარმის, ილონ მასკის SpaceX 2.9 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის კონტრაქტით დააჯილდოვა კოსმოსური ხომალდის ასაგებად. SpaceX-ის ხომალდმა, NASA-ს კონტრაქტის თანახმად, მისია 2024 წელს უნდა განახორციელოს. ამ კონტრაქტის მისაღებად აპრილში Blue Origin-იც იბრძოდა ამერიკულ სამხედრო აღჭურვილობის კომპანია Lockheed Martin-თან ერთად.
NASA-სათვის მიწერილ წერილში ჯეფ ბეზოსი აღნიშნავს, რომ Blue Origin-ი შეერთებული შტატების მთავრობას 2 მილიარდ დოლარს მიმდინარე და მომდევნო ფისკალურ წელიწადში გადაუხდის. კომპანია სისტემური უზრუნველყოფის ხარჯებს დაფარავს.
NASA-ს სპიკერმა განაცხადა, რომ ბეზოსის წერილის შესახებ საქმის კურსში იყო, თუმცა ამ თემაზე დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია. ჯეფ ბეზოსს მიაჩნია, რომ შეერთებული შტატების კოსმოსურმა სააგენტომ SpaceX-ს უპირატესობა უსამართლოდ მიანიჭა.
შეგახსენებთ, რომ ექვსი დღის წინ ჯეფ ბეზოსი ეკიპაჟის სამ წევრთან ერთად კოსმოსში საკუთარი, Blue Origin-ის მიერ დამზადებული ხომალდით გაფრინდა. ამ ქმედებით კი კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა კოსმოსური ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისაკენ.