ჯეფ ბეზოსის თქმით, AI-ის წყალობით 3-დღიან სამუშაო კვირაზე გადასვლა სრულიად შესაძლებელია

ჯეფ ბეზოსის თქმით, AI-ის წყალობით 3-დღიან სამუშაო კვირაზე გადასვლა სრულიად შესაძლებელია

ფოტო: Getty Images

Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით პროდუქტიულობის ზრდამ შესაძლოა მომავალში ადამიანებს კვირაში მხოლოდ სამი დღე მუშაობის და ოჯახის ერთი შემოსავლით უზრუნველყოფის შესაძლებლობა მისცეს. ამის შესახებ ბეზოსმა Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა და არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ AI ფართომასშტაბიან უმუშევრობას გამოიწვევს.

ბეზოსის თქმით, AI-ის მიერ მოტანილი პროდუქტიულობის ზრდის შედეგად შესაძლოა ადამიანმა გადაწყვიტოს, რომ ოჯახის უზრუნველსაყოფად კვირაში სამი დღე მუშაობაც საკმარისი იქნება. მისი ვარაუდით, ორმაგი შემოსავლის მქონე ოჯახების ნაწილმა შეიძლება მეორე შემოსავლის საჭიროებაც აღარ დაინახოს და ერთ-ერთმა პარტნიორმა სამსახური დატოვოს. მილიარდერს ამ სცენარის კონკრეტული მექანიზმი არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ სწორედ ეს შესაძლებლობა აძლევს მას საფუძველს იფიქროს, რომ AI-მ შესაძლოა სამუშაო ადგილების მასობრივი შემცირების ნაცვლად, მომავალში შრომის მსურველთა დეფიციტი გამოიწვიოს.

AI-ის გამო სამუშაო ადგილების შემცირებას „ბევრი ჭკვიანი ადამიანი პროგნოზირებს“, თუმცა ბეზოსმა თქვა, რომ მათ „უბრალოდ არ ეთანხმება“.

Fox News-ის წამყვანმა ბრეტ ბაიერმა ბეზოსს Amazon-ის მიერ ბოლო 12 თვის განმავლობაში დაახლოებით 30,000 სამუშაო ადგილის შემცირებაზეც ჰკითხა. ბეზოსმა ეს გადაწყვეტილება კომპანიის მიერ პანდემიის შემდეგ თანამშრომლების რაოდენობის სწრაფ ზრდას და დაქირავების მასშტაბურ ტალღას დაუკავშირა.

ჯეფ ბეზოსმა ასევე ისაუბრა AI-ის ინდუსტრიის შესაძლო „ბუშტზე“. მისი თქმით, ასეთ პერიოდებში სპეკულანტებმა შესაძლოა ფული დაკარგონ, თუმცა ბუშტის გასკდომის შემთხვევაში თავად ტექნოლოგიები და გამოგონებები არ ქრება. კითხვაზე, არის თუ არა მსოფლიო ამჟამად AI-ის ბუშტის მოწმე, ბეზოსმა უპასუხა, რომ ამის თქმა რთულია, თუმცა „რაც ვიცით, ისაა, რომ ტექნოლოგია რეალურია“. მისივე თქმით, ასეთი ბუშტი საზოგადოებისთვის შესაძლოა სასარგებლოც იყოს, რადგან ის სხვადასხვა იდეის დაფინანსებას უწყობს ხელს, მაშინაც კი, თუ ინვესტორები საბოლოოდ ფულს კარგავენ.

ბაიერმა ბეზოსს ასევე ჰკითხა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივაზე, ხელოვნურ ინტელექტს „Super Intelligence“, ანუ „SI“, ეწოდოს. Amazon-ის დამფუძნებელმა იდეას მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ სიტყვა „artificial“ არც ისე მიმზიდველია, რადგან „არავის უნდა ხელოვნური დამატკბობელი ან ხელოვნური არომატიზატორი“ და ეს სიტყვა გარკვეულწილად „ყალბს“ ნიშნავს.

Forbes-ის შეფასებით, ჯეფ ბეზოსის ქონება დაახლოებით $378.6 მილიარდს შეადგენს, რაც მას მსოფლიოში მეორე უმდიდრეს ადამიანად აქცევს.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი