ფოტო: Getty Images
ოთხშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიას იმსახურებს, თუმცა საკუთარ შანსებთან დაკავშირებით ეჭვი ეპარება.
„არ ვიცი, როგორი იქნება მათი გადაწყვეტილება“ – თქვა ტრამპმა 2026 წლის ჯილდოს შესახებ, რომლის მფლობელსაც ნორვეგიის ნობელის კომიტეტი პარასკევს გამოაცხადებს. „მათი რეპუტაციიდან გამომდინარე, შესაძლოა, ჯილდო ჩემნაირ ადამიანებს არ გადასცენ“ – დასძინა მან.
მას შემდეგ, რაც გასულ წელს თეთრ სახლში დაბრუნდა, ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ „იმსახურებს ჯილდოს, რომელიც, შესაძლოა, მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულია.“
„ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ ის ირიბად მივიღე წინა ჯილდოს მფლობელისგან. მან თქვა, რომ ისტორიაში არავინ იმსახურებს მას პრეზიდენტ ტრამპზე მეტად,“ – განმარტა ტრამპმა.
შეგახსენებთ, ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა მარია კორინა მაჩადომ იანვარში ტრამპს საკუთარი, 2025 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის მედალი გადასცა, რითაც ვენესუელაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისთვის აშშ-ის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდა.
დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ პრემია მას უნდა გადაეცეს, რადგან გასული წლის იანვარში თანამდებობის დაკავების შემდეგ რვა კონფლიქტის მოგვარებაში იყო ჩართული.
კამბოჯის, ისრაელისა და პაკისტანის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ტრამპი ნომინანტად წარადგინეს, თუმცა ამის გადამოწმება შეუძლებელია.
იმ კონფლიქტებში ჩართული მხარეები, რომელთა მოგვარებასაც ტრამპი საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს, აშშ-ის პრეზიდენტის დიპლომატიურ როლს სადავოდ ხდიან. ზოგიერთ რეგიონში, მათ შორის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და კამბოჯა-ტაილანდის საზღვარზე, საბრძოლო მოქმედებები კვლავ განახლდა.
ტრამპმა ვერ შეძლო ვერც რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება, მიუხედავად იმისა, რომ პირობა დადო, ომს თეთრ სახლში მისი მეორე ვადის პირველივე დღეს დაასრულებდა. აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულმა დარტყმებმა კი შვიდთვიანი, მუდმივად მზარდი დაძაბულობა გამოიწვია, რამაც გლობალური ენერგომომარაგება შეაფერხა და ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ საწვავის ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა.
ნობელის მშვიდობის პრემიის წლევანდელ ფავორიტებს შორის პაპი ლეო, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო და პალესტინის ტერიტორიების საკითხებში სპეციალური მომხსენებელი არიან.















