Reuters: აშშ და რუსეთი ევროპისთვის გაზის მიყიდვის განახლების საკითხს განიხილავენ

Reuters: აშშ და რუსეთი ევროპისთვის გაზის მიყიდვის განახლების საკითხს განიხილავენ

ფოტო: Alex Kraus/Bloomberg

 

საკითხთან დაკავშირებული ანონიმური პირების მიერ Reuters-ისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთისა და აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა, „ჩრდილოეთის ნაკადის“ (Nord Stream) გაზსადენებში ამერიკელი ინვესტორის ჩართვის თაობაზე მოლაპარაკებები გამართეს. შეგახსენებთ, აღნიშნული მილსადენები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე გერმანიას გაზით ამარაგებდა.

წყაროების ცნობით, განხილვებში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო მრჩეველი კირილ დმიტრიევი და აშშ-დან ჯარედ კუშნერი მონაწილეობდნენ.

კუშნერი, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის ზავის მიღწევას ცდილობს, ბიზნესსაქმიანობას მშვიდობის აღდგენის მთავარ ფაქტორად მიიჩნევს. ასეთი გარიგება ამერიკელ ინვესტორებს საშუალებას მისცემდა, ომის დასრულების შემდეგ ევროპის მიმართულებით განხორციელებული ენერგომომარაგებიდან მოგება მიეღოთ.

ბოლო კვირების განმავლობაში დმიტრიევი და კუშნერი ერთმანეთს მოსკოვსა და ნიუ-იორკში შეხვდნენ.

„ნებისმიერი გარიგების თაობაზე მოლაპარაკებები რუსეთმა DFC-სა (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაცია) და ფინანსთა სამინისტროსთან უნდა აწარმოოს. ამასთან, შეთანხმება სარგებელს უნდა უქმნიდეს აშშ-ის გადასახადის გადამხდელებსა და კომპანიებს,“ – განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მილსადენთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

დმიტრიევი, რომელიც გერმანიაში რუსული გაზის მიწოდების განახლების მომხრეა, გასულ თვეში აშშ-ის ენერგეტიკისა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებს შეხვდა, რათა რუსეთ-ამერიკის ენერგეტიკული თანამშრომლობის პოტენციური ინიციატივები განეხილა.

ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენად არის დაინტერესებული ვაშინგტონი გერმანიისთვის რუსული გაზის მიწოდების განახლებით. აშშ-ის ოფიციალური პირის განცხადებით, არსებული დაბრკოლებების გათვალისწინებით, საშუალოვადიან პერსპექტივაში გარიგების დადება ნაკლებად სავარაუდოა. „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენები აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციების ქვეშაა მოქცეული, რაც მათ ამოქმედებას უკანონოს ხდის.

ტრამპს ამ სანქციების გაუქმება ან შემსუბუქება შეუძლია, მაგრამ თუ დემოკრატები მომავალ თვეში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში კონგრესზე კონტროლს მოიპოვებენ, ეს მისთვის რთული გახდება.

გერმანია და სხვა ევროპული ქვეყნები, რომლებიც მილიარდობით ევროს ხარჯავენ რუსეთისგან თავდაცვის მიზნით სამხედრო ძალების გაძლიერებაზე, „ჩრდილოეთის ნაკადის“ ხელახლა გახსნას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი“ და რუსული გაზი ევროპაში სანქცირებულია და გერმანიამ ალტერნატივები იპოვა. მან თქვა, რომ მილსადენების ხელახლა გახსნა მთავრობის თანხმობას საჭიროებს და ეს მათ არ სურთ.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.