კანდიდატის სტატუსი და ახალი რეკომენდაციები საქართველოს ეკონომიკისთვის

კანდიდატის სტატუსი და ახალი რეკომენდაციები საქართველოს ეკონომიკისთვის

სტატია თავდაპირველად დაიბეჭდა 2023 წლის დეკემბრის ნომერში. ჟურნალის გამოცემიდან რამდენიმე დღეში, 14 დეკემბერს, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ოფიციალურად მიიღო.

8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ 2022 წლის ივლისში ევროკავშირის მიერ გაცემული 12 რეკომენდაცია სრულად არ შეასრულა, საქართველოს მაინც გაეხსნა გზა კანდიდატის სტატუსისკენ.

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შემდეგ მომდევნო ეტაპი ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების დაწყებაა, რომელზეც უკრაინა და მოლდოვა უკვე გადავლენ. საქართველო რომ უკრაინას და მოლდოვას დაეწიოს და წევრობის მოლაპარაკებებში ჩაერთოს, ამისთვის ახალი პირობები აქვს შესასრულებელი. ევროკომისიამ საქართველოს მთავრობას 9 რეკომენდაცია მისცა, რომლებიც მოიცავს როგორც წინა 12 რეკომენდაციის შეუსრულებელ ნაწილს, ასევე ახალ დავალებებს. რეკომენდაციებს დაემატა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გაძლიერება.

გარდა აღნიშნული რეკომენდაციებისა, ევროკომისიამ გამოაქვეყნა 122-გვერდიანი დოკუმენტი, სადაც დეტალურად არის მოცემული, რა უნდა გააკეთოს საქართველომ. ეს დოკუმენტი 119 რეკომენდაციას მოიცავს, რომელთა უმეტესი ნაწილი ტექნიკური ხასიათისაა. საქართველომ პროგრესი უნდა აჩვენოს აღნიშნულ ვრცელ დოკუმენტში მოცემულ საკითხებში. 119 რეკომენდაციიდან უმეტესი ეკონომიკური შინაარსისაა, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნების ეკონომიკის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და პრაქტიკის დაახლოებას მოითხოვს. ევროკავშირი პირველ რიგში მისი წევრი ქვეყნების საერთო ეკონომიკური სივრცეა.

ეკონომიკური შინაარსის რეკომენდაციები ორ ნაწილად იყოფა: 1. ფუნდამენტები გაწევრიანების პროცესისთვის და 2. წევრობის ვალდებულებების შესრულების უნარი.

რეკომენდაციების დიდი მოცულობიდან გამომდინარე, აღნიშნულ სტატიაში მხოლოდ გაწევრიანების პროცესისთვის საჭირო ფუნდამენტურ წინაპირობებს შევეხებით, რომლებიც მოიცავს: ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის არსებობას, ევროკავშირში არსებულ კონკურენციასთან და საბაზრო ძალებთან თავსებადობის უნარს, სახელმწიფო შესყიდვებს, სტატისტიკას და ფინანსურ კონტროლს.

ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის არსებობა

ევროკომისიის შეფასებით საქართველოში საბაზრო ეკონომიკა ზომიერად ფუნქციონირებს. მთავარ გამოწვევად სასამართლო, პოლიტიკური პოლარიზაცია და სახელმწიფო ინსტიტუტებზე მაღალი ხარისხის პოლიტიკური კონტროლი სახელდება. პრობლემად არის მიჩნეული უმუშევრობის მაღალი დონე და არაფორმალური დასაქმება. საბანკო სექტორი კარგად კაპიტალიზებულია, მაღალი ლიკვიდურობით და მოგებიანობით გამოირჩევა, თუმცა არასაბანკო ფინანსური სექტორი არ არის განვითარებული. აქვე არის აღნიშნული, რომ ბოლო წლებში ეროვნულმა ბანკმა მაკროეკონომიკურ სტაბილურობაში მნიშვნელოვანი დადებითი როლი ითამაშა, თუმცა 2023 წლის ივნისში პარლამენტის მიერ ეროვნულო ბანკის შესახებ კანონის ცვლილებამ ბანკის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა შეასუსტა.

ევროკომისიის რეკომენდაციები მომავალი ერთი წლისთვის შემდეგია:

  • უნდა გაძლიერდეს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობა. მთავარ რისკად რუსი მიგრანტებისგან მიღებული ფინანსური რესურსების შესაძლო უკან გადინება სახელდება;
  • საქართველოს შრომის ბაზრის სისუსტეებზე მუშაობა. უნდა შემცირდეს, როგორც უმუშევრობის დონის და არაფორმალური დასაქმება, ასევე მნიშვნელოვანი გენდერული და რეგიონული სხვაობები;
  • არასაბანკო ფინანსური სექტორის განვითარება.
ევროკავშირში არსებულ კონკურენციასთან და საბაზრო ძალებთან თავსებადობის უნარი

ევროკომისიის შეფასებით, საქართველო გარკვეული დონით მზადაა ევროკავშირში არსებულ კონკურენციასთან და საბაზრო ძალებთან თავსებადობის კუთხით. საქართველო კარგად იზიდავს ინვესტიციებს ევროკავშირის ქვეყნებისგან და ევროკავშირი საქართველოსთვის არის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი. საქართველოს ეკონომიკა დივერსიფიცირებულია, მაგრამ ტურიზმზე მაღალი დამოკიდებულება და საქონლის დაბალი ექსპორტი მას საგარეო შოკების მიმართ მოწყვლადს ტოვებს. კომისიის შეფასებით, განათლების მიღწევების შეზღუდული დონე და განათლების ხარისხის შესაბამისობა შრომის ბაზართან გავლენას ახდენს საქართველოს ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე და მის პოტენციურ ზრდას აფერხებს. კომპანიების მიერ კვლევებსა და ინოვაციებზე დანახარჯები დაბალია. ინფრასტრუქტურაში გაზრდილი ინვესტიციების მიუხედავად, სატრანსპორტო ქსელის სიმჭიდროვე და ხარისხი დაბალია.

ევროკომისიის რეკომენდაციები მომავალი ერთი წლისთვის შემდეგია:

  • სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რაც სახელმწიფო ინვესტიციების მენეჯმენტის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობით უნდა განხორციელდეს;
  • ინოვაციების სტიმულირება. კერძო და სახელმწიფო ინვესტიციების მხარდაჭერა კვლევებსა და განვითარებაში, განსაკუთრებით ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით;
  • განათლებისა და ტრენინგების ხარისხის გაუმჯობესება, რომლის შედეგები თავსებადი უნდა იყოს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან.
სახელმწიფო შესყიდვები

ევროკომისიის შეფასებით, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში საქართველო გარკვეული დონით მზადაა. 2023 წლის თებერვალში სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მიღებული ახალი კანონი კარგ პროგრესად არის შეფასებული (ახალი კანონი ძალაში 2025 წლის პირველი იანვრიდან შევა).

ევროკომისიის რეკომენდაციები მომავალი ერთი წლისთვის შემდეგია:

  • საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო კიდევ უფრო უნდა დაუახლოვდეს ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვებს;
  • თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო შესყიდვების ევროდირექტივასთან საკანონმდებლო დაახლოება;
  • სახელმწიფო შესყიდვების დავების განხილვის საბჭოს შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერება.
სტატისტიკა

ევროკომისიის შეფასებით, სტატისტიკის სფეროში საქართველო გარკვეული დონით მზადაა. შეზღუდულ პროგრესად არის შეფასებული ოფიციალური სტატისტიკის შესახებ მიღებული კანონი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) რესურსები არასაკმარისია, როგორც დასაქმებულთა რაოდენობიდან, ისე მათი ხელფასებიდან გამომდინარე. ასევე, შეზღუდულად მიეწოდება მონაცემები ევროკავშირის სტატისტიკურ სამსახურს – ევროსტატს.

ევროკომისიის რეკომენდაციები მომავალი ერთი წლისთვის შემდეგია:

  • უნდა გაძლიერდეს კოორდინირება და თანამშრომლობა ჯეოსტატსა და მთავრობის ადმინისტრაციას შორის, ასევე სამინისტროებთან და სააგენტოებთან;
  • უნდა გაუმჯობესდეს საქსტატის ჰუმანური და ტექნიკური შესაძლებლობები;
  • უნდა გაიზარდოს მაღალი ხარისხის მონაცემების წარმოება და ევროსტატისთვის მათი დროულად მიწოდება.
ფინანსური კონტროლი

ევროკომისიის შეფასებით, ფინანსური კონტროლის სფეროში საქართველო გარკვეული დონით მზადაა. აქვე აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში ამ მხრივ არანაირი პროგრესი არ ყოფილა. საქართველოში მოქმედებს სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლის კანონი, რომელიც ადეკვატურ საფუძველს იძლევა, ფინანსური კონტროლი საერთაშორისო სტანდარტებს დაუახლოვდეს და ევროკავშირის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. საჯარო სექტორში მენეჯერული აღრიცხვა, ფინანსური მენეჯმენტი და შიდა აუდიტი ეფექტიანად არ ხორციელდება, რაც არასაკმარისი შესაძლებლობებისა და მისი საჭიროების არასათანადო აღქმისგან გამომდინარეობს.

ევროკომისიის რეკომენდაციები მომავალი ერთი წლისთვის შემდეგია:

  • ფინანსური მართვისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელება და მენეჯერული ანგარიშვალდებულების გაძლიერება;
  • ფინანსთა სამინისტროში არსებული ფინანსურ კონტროლზე მომუშავე ცენტრალური ერთეულის შესაძლებლობების გაძლიერება როგორც ფინანსური, ასევე ჰუმანური რესურსების მატების გზით;
  • თაღლითობის წინააღმდეგ მომუშავე ოფიციალური საკოორდინაციო სამსახურის შექმნა.