Kanye West-სა და მის კომპანიებს $438,558-ის კომპენსაციის გადახდა დაეკისრათ

Kanye West-სა და მის კომპანიებს $438,558-ის კომპენსაციის გადახდა დაეკისრათ

ფოტო: Jean-Baptiste Lacroix/AFP/Getty Images  

სასამართლომ Kanye West-ს საავტორო უფლებების დარღვევისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. საქმე მის „გრემის“ მფლობელ სიმღერას, „Hurricane“-ს ეხება, რომელშიც, მოსარჩელეების მტკიცებით, დემო-ტრეკის ფრაგმენტი უნებართვოდ იყო გამოყენებული.

ვერდიქტი ნაფიცმა მსაჯულებმა სამშაბათს გამოიტანეს. გადაწყვეტილების მიხედვით, უშუალოდ Ye-ს დაახლოებით $176,000-ის გადახდა დაეკისრა, ამდენივე თანხა კი მის კომპანიას, Yeezy LLC-ს. დამატებითი ფინანსური პასუხისმგებლობა დაეკისრა კომპანიებს Yeezy Supply-სა ($41,625) და Mascotte Holdings-ს ($44,627).

სარჩელი ორგანიზაცია Artists Revenue Advocates-მა ოთხი მუსიკოსის სახელით შეიტანა. საქმე ეხებოდა ერთწუთიან ინსტრუმენტულ დემო-ტრეკს – „MSD PT2“, რომელიც მუსიკოსებმა 2018 წელს შექმნეს. მოგვიანებით ტრეკის ნაწილი Ye-სთან მოხვდა და გამოყენებული იყო სიმღერის ადრეულ ვერსიაში, რომელიც თავდაპირველად „80 Degrees“-ის სახელით გავრცელდა, შემდეგ კი „Hurricane“-ად გამოვიდა.

მოსარჩელეების მხარე ამტკიცებდა, რომ დემო-ტრეკი „Hurricane“-ის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა და მისი გამოყენება ავტორების თანხმობისა და ლიცენზიის გარეშე მოხდა. ადვოკატების განცხადებით, მხარეებს შორის შეთანხმება არასდროს გაფორმებულა.

სასამართლოზე გაირკვა, რომ Kanye West-მა აღნიშნული სემპლი მოგვიანებით სიმღერის საბოლოო ვერსიიდან ამოიღო, თუმცა ის გამოყენებული იყო 2021 წელს ატლანტაში გამართულ მასშტაბურ შოუზე, რომელსაც დაახლოებით 40,000 ადამიანი დაესწრო. მოსარჩელეების თქმით, ღონისძიებიდან, მერჩენდაიზინგიდან და სტრიმინგ-გარიგებებიდან Ye-მ მილიონობით დოლარის შემოსავალი მიიღო.

Ye-ს დაცვის მხარე კი ამტკიცებდა, რომ მუსიკოსები თავდაპირველად თავად იყვნენ დაინტერესებული დემოს გამოყენებით და სოციალურ ქსელებში ამას საჯაროდ აღნიშნავდნენ. ადვოკატების თქმით, საქმე ფინანსური სარგებლის მიღების მცდელობას უფრო ჰგავს, ვიდრე საავტორო უფლებების რეალურ დავას.

საქმემ დამატებითი ყურადღება მიიპყრო იმ ფონზეც, რომ Kanye West-ი ბოლო წლებში არაერთი სამართლებრივი და საზოგადოებრივი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა. მუსიკოსს საავტორო უფლებების დარღვევის გამო წარსულშიც არაერთხელ უჩივლეს, ხოლო მისი ანტისემიტური განცხადებები და სოციალური მედიის პოსტები ფართო კრიტიკის საგანი გახდა.