ფოტო: Getty Images
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დონალდ ტრამპმა ორ აღმასრულებელ ბრძანებაზე ხელმოწერა დროებით გადაავადა. მათ შორის ერთი აშშ-ში საქონლის ხორცის ფასის შემცირებას ეხება, ხოლო მეორე – ქვეყანაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობის აღდგენას.
პირველი ბრძანების თანახმად, საქონლის ხორცის ექსპორტიორ ყველა ქვეყანას დროებით შეუჩერდებოდა სატარიფო კვოტა, რომელიც იმპორტის წინასწარ დადგენილი მოცულობის მიღწევის შემდეგ უფრო მაღალ ტარიფს აწესებდა. ეს კი აშშ-ში უცხოური საქონლის ხორცის უფრო დიდი რაოდენობით და დაბალი ტარიფით შეტანის შესაძლებლობას გააჩენდა. საბოლოო ჯამში აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი საქონლის ხორცის გაიაფება იყო.
2026 წლის იანვრისთვის 450 გრამი ფარშირებული საქონლის ხორცის ღირებულება აშშ-ში $6.75-ს შეადგენდა, რაც ყველა დროის მაქსიმალური მაჩვენებელია. მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 16%-ით არის გაზრდილი.
ჯერჯერობით უცნობია, როდისთვის გადაიდო აღნიშნულ აღმასრულებელ ბრძანებაზე ხელმოწერა.
დარგის ექსპერტების მოსაზრებით, საქონლის ხორცის ფასების ზრდის მთავარი მიზეზი აშშ-ში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმების შემცირებაა. ცნობისთვის, ამჟამად აღნიშნული ფერმების რაოდენობა 1951 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. მიზეზი წლების განმავლობაში ტეხასსა და ოკლაჰომაში მძიმე გვალვებია, რის გამოც ფერმერებს საქონლის დიდი ნაწილის გაყიდვა მოუწიათ.
წელს აშშ-ში საქონლის ხორცის იმპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ექსპორტიორები ძირითადად ბრაზილია, ავსტრალია და კანადა არიან.

















