მასკი, ჰუანგი, კუკი: ტექნოლოგიური სფეროს ლიდერები, რომლებიც ტრამპს ჩინეთში ვიზიტისას შეუერთდებიან

მასკი, ჰუანგი, კუკი: ტექნოლოგიური სფეროს ლიდერები, რომლებიც ტრამპს ჩინეთში ვიზიტისას შეუერთდებიან

ფოტო: Brandon Bell/Getty Images

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით ოთხშაბათს ეწვევა. ტრამპი პეკინში თავის ჩინელ კოლეგასთან, სი ძინპინთან ერთად სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომლის ძირითად საკითხებს შორის სავაჭრო ბარიერები, ხელოვნური ინტელექტის განვითარება და სხვა ეკონომიკური და ტექნოლოგიური თემები იქნება. საკითხების სპეციფიკიდან გამომდინარე, ტრამპს პეკინში ვიზიტის დროს თან ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებისგან შემდგარი დელეგაციაც შეუერთდება.

ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ებიდან ერთ-ერთი უკანასკნელი, რომლის სამიტზე მონაწილეობაც დადასტურდა, Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგია. „ჯენსენი ამჟამად უკვე Air Force One-ზე იმყოფება“, — დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ის პოსტში CNBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, თითქოს ჰუანგი პეკინში მოლაპარაკებებისთვის მიწვეული არ იყო. Nvidia-ს ხელმძღვანელმა კი ჯერ კიდევ გასულ კვირას მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ „მიწვევის შემთხვევაში, აშშ-ის წარმომადგენლობაში ყოფნა მისთვის დიდი პატივი და პრივილეგია იქნებოდა“.

ჰუანგის პეკინში ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ფონზე, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინეთში H200 ხელოვნური ინტელექტის ჩიპების გაყიდვაზე მკაცრი შეზღუდვები შეინარჩუნა. Nvidia კი აქტიურად მოუწოდებს თეთრ სახლს, გადახედოს შეზღუდვებს და ამტკიცებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ის ქმედებები შესაძლოა კონტრპროდუქტიულიც აღმოჩნდეს — წაახალისოს ჩინეთი, დააჩქაროს შიდა წარმოება და ინოვაციები, რაც გლობალურ ბაზარზე აშშ-ის დომინაციისთვის საფრთხის შემცველი აღმოჩნდება.

Nvidia-ს აღმასრულებელ დირექტორთან ერთად კი აშშ-ის დელეგაციის წევრებს შორის ილონ მასკი და ტიმ კუკიც იქნებიან. მასკი, Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი, კვლავ ცენტრალურ ფიგურად რჩება აშშ-ჩინეთის ეკონომიკურ ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი აზიურ ქვეყანაში Tesla-ს ფართომასშტაბიანი საწარმოო ოპერაციების გამო. ამავდროულად, მასკი ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდეგ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტსაც ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება ტიმ კუკს, ეს უკანასკნელი სამიტზე Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის რანგში მიიღებს მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ კუკი 1-ელი სექტემბრიდან თანამდებობას ტოვებს, Apple-ის CEO-ს პოსტზე ყოფნისას მისი გადაწყვეტილებები — მათ შორის სავაჭრო ომების გავლენის შიდა ინვესტიციებითა და საზღვარგარეთული წარმოებით დაბალანსება — მას პეკინის სამიტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად აქცევს. ცნობისთვის, ტარიფების გავლენის შესამცირებლად, Apple-მა ცოტა ხნის წინ აშშ-ში $500 მილიარდის ინვესტირება განახორციელა.

ავიაციის სექტორს Boeing-ის აღმასრულებელი დირექტორი კელი ორტბერგი წარმოადგენს. Boeing-ისთვის მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ დამძიმდა, რაც 2025 წლის აპრილში პეკინმა ამერიკულ საქონელზე იმპორტის გადასახადი 125%-მდე გაზარდა. ეს საპასუხო ზომები იყო აშშ-ის მიერ ჩინურ პროდუქტებზე ტარიფების 145%-მდე გაზრდაზე. შექმნილი მდგომარეობის მიუხედავადაც, ორტბერგი იმედოვნებს, რომ სავაჭრო დაძაბულობა კომპანიის ფინანსურ აღდგენას ხელს ვერ შეუშლის.

„ჩვენ ორი ზესახელმწიფო ვართ. სამხედრო თვალსაზრისით, ჩვენ მსოფლიოში უძლიერესი ერი ვართ, ჩინეთი კი მეორეა“, — განუცხადა თეთრ სახლთან შეკრებილ ჟურნალისტებს ტრამპმა გამგზავრებამდე.

ტრამპის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ პეკინში ვიზიტი „სავაჭრო საბჭოს“ შექმნის წინაპირობა იქნება, რომელიც სამომავლოდ მხარეებს შორის არსებულ უთანხმოებებს დაარეგულირებს. ახალმა ორგანომ ქვეყნებს შორის დაძაბული სავაჭრო ურთიერთობების დათბობას უნდა შეუწყოს ხელი.

ამ დრომდე ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე დაყრდნობით დაკომპლექტებული დელეგაცია შემდეგნაირად გამოიყურება:

ილონ მასკი, Tesla-სა და SpaceX-ის CEO

ტიმ კუკი, Apple-ის CEO

ჯენსენ ჰუანგი, Nvidia-ს CEO

ლარი ფინკი, BlackRock-ის CEO

სტივენ შვარცმანი, Blackstone Group-ის CEO

კელი ორტბერგი, Boeing-ის CEO

ბრაიან საიკსი, Cargill-ის თავმჯდომარე და CEO

ჯეინ ფრეზერი, Citigroup-ის CEO

ლარი კალპი, GE Aerospace-ის CEO

დევიდ სოლომონი, Goldman Sachs-ის თავმჯდომარე და CEO

სანჯაი მეჰროტრა, Micron-ის CEO

კრისტიანო ამონი, Qualcomm-ის CEO