კითხვები საპენსიო რეფორმის ირგვლივ

კითხვები საპენსიო რეფორმის ირგვლივ

ასაკის მატებასთან ერთად ადამიანები, როგორც წესი, საკუთარი სიბერის დაგეგმვაზე იწყებენ ფიქრს, რაშიც მნიშვნელოვანი ადგილი პენსიას უკავია. დღევანდელი საპენსიო სისტემა სახელმწიფო პენსიასა და კერძო დაგროვებით ფონდებს ეფუძნება. სახელმწიფო პენსია, რომელიც, ფაქტობრივად, სოციალური დახმარებაა საპენსიო ასაკის ადამიანებისთვის, ოდნავ აჭარბებს (180 ლ.) ოფიციალურ საარსებო მინიმუმს (167 ლ.). თუმცა ამ უკანასკნელის დათვლის მეთოდოლოგია და, შესაბამისად, ოდენობაც არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი. პოპულარობით არ სარგებლობს კერძო საპენსიო ფონდები. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის მდგომარეობით, არასახელმწიფო საპენსიო სქემაში მხოლოდ 22 507 ადამიანია ჩართული და საპენსიო რეზერვები 24 მილიონ ლარს შეადგენს.

ამ ფონზე, საინტერესოდ ჟღერს მთავრობის მიერ დაგეგმილი საპენსიო რეფორმა, რომლის მიზანი კერძო დაგროვების სტიმულირება და მოსახლეობის დასაქმებული ნაწილისთვის სიბერეში ღირსეული პენსიის უზრუნველყოფაა. სქემაში, რომელშიც 40 წლამდე ადამიანების მონაწილეობა სავალდებულო იქნება, დასაქმებულის ხელფასის 2% სახელმწიფო საპენსიო ფონდში გადაირიცხება, რასაც კიდევ დაემატება დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მიერ გადახდილი 2-2%, ანუ ჯამში ხელფასის 6%. რეფორმაზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და მისი კონცეფცია 2016 წლიდან არსებობს. ამა წლის 31 ოქტომბერს კი საქართველოს კანონის პროექტი დაგროვებითი პენსიის შესახებ გამოქვეყნდა.

საპენსიო რეფორმა ასევე გახდა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პროექტ “რეფორმეტრის” განხილვის საგანი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმების პროგრესს აფასებს. საპენსიო რეფორმის პირველმა შეფასებამ, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში გაიმართა, აჩვენა, რომ გეგმის 38,8% უკვე შესრულებულია. გეგმა, თავის მხრივ, 4 ცალკეულ კომპონენტად იშლება: (I) ინსტიტუციური მოწყობის კუთხით დაგეგმილი ნაბიჯების 14.5%-ია შესრულებული, (II) კომპეტენციის გაძლიერება, რაც, ძირითადად, შესაბამისი კადრების მომზადებას გულისხმობს, 50%-ით შეფასდა; რეფორმისთვის საჭირო (III) ინფრასტრუქტურისა და შესაბამისი ბიუჯეტის 11.4%-ია სახეზე; ყველაზე დიდი ნაწილი სამუშაოებისა შესრულებულია (IV) სამართლებრივი ჩარჩოს მოწესრიგების კუთხით – 72.6%. 

მთავრობის ანგარიშის მიხედვით, დასრულებულია რეფორმის კონცეფცია, რომელიც მოიწონა მთავრობამ და რომელსაც მიეცა კანონპროექტის სახე; განისაზღვრა საპენსიო სისტემის ფუნქციონირების წესები და მოხდა მარეგულირებელი ორგანოს იდენტიფიცირება; ასევე შემუშავდა მოთხოვნები აქტივების მმართველი კომპანიების მიმართ.

“რეფორმეტრის” ფარგლებში საპენსიო რეფორმა ასევე შეაფასა სპეციალურმა შემფასებელთა ჯგუფმაც, რომელიც დაკომპლექტებულია იმ დაინტერესებული ჯგუფების წარმომადგენლებით, ვისზეც რეფორმა პირდაპირ ან ირიბად ახდენს გავლენას. ჯგუფში წარმოდგენილნი არიან ბიზნეს- და პროფესიული კავშირები, საფინანსო და სადაზღვევო სექტორი, ასევე აკადემიური წრის წარმომადგენლები. ჯგუფმა საპენსიო რეფორმას, 10 მაქსიმალური ქულიდან, 3.97 დაუწერა. თუმცა აღსანიშნავია ის, რომ შეფასების მომენტში ზემოხსენებული კანონპროექტი გამოქვეყნებული არ იყო. აღნიშნული ქულაც, თავის მხრივ, 3 კომპონენტისგან შედგება: (I) არსებულმა საპენსიო სისტემამ საკმაოდ დაბალი – 3.09 ქულა მიიღო; ვერც (II) რეფორმის პროგრესმა დაიმსახურა მაღალი შეფასება – 3.34 ქულა და შედარებით მეტი ოპტიმიზმი დაფიქსირდა რეფორმით გათვალისწინებული (III) შედეგების მიმართ, რომელმაც 5.36 ქულა დაიმსახურა.

აღნიშნულ შეფასებას წინ უძღოდა ჯგუფის წევრთა შორის დისკუსია, რომლის შედეგად გამოიკვეთა, რომ ზოგადად, ბიზნესგაერთიანებების წარმომადგენლები მიესალმებიან რეფორმის იდეას, თუმცა აღნიშნავენ, რომ კონცეფციის ხშირი ცვლა და პროცესის ნელი ტემპი ერთგვარ დაბნეულობას იწვევს ბიზნესში. საქართველოს პროფკავშირების აზრით კი, საპენსიო რეფორმის მთავარი მიზანი სიღარიბის შემცირება უნდა იყოს. შესაბამისად, ჯეროვანი ყურადღება უნდა მიექცეს სოციალურ პენსიას, როგორც მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტრუმენტს ამ კუთხით. მარტივი საპროგნოზოა ის, რომ დაგროვებით სისტემაში მონაწილეობას, არაფორმალური დასაქმების გამო, მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ შეძლებს და, შესაბამისად, ისინი სიბერეში მხოლოდ სახელმწიფო პენსიაზე იქნებიან დამოკიდებულები. პროფკავშირისთვის მისაღებია რეფორმის კონცეფციით გათვალისწინებული პენსიის ინდექსაციის გეგმა, თუმცა არასაკმარისად მიაჩნიათ მისი მიბმა მხოლოდ ინფლაციასთან. მათი აზრით, სიღარიბის შემცირება ე.წ. ჩანაცვლების კოეფიციენტის (პენსიისა და საშუალო ხელფასის ფარდობა) ეტაპობრივი ზრდით მიიღწევა. მხოლოდ ინფლაციასთან ინდექსირება კი, ჩანაცვლების ისედაც დაბალ, 18%-იან მაჩვენებელს დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დაბლა დასწევს. ამიტომ, მათი აზრით, მთავრობამ ინდექსაციის სხვა საშუალებებიც უნდა გამოიყენოს.

იმავე საკითხთან დაკავშირებით, აკადემიური სფეროს წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა ეჭვი იმაზე, რომ მაშინ, როცა სოციალური პენსიის ოდენობის შეფარდება საარსებო მინიმუმთან ხდება, რამდენად ადეკვატურია მისი გაანგარიშების არსებული წესი. როგორც მინიმუმ, აუცილებელია მეთოდოლოგიაში ცვლილებები, სამომხმარებლო კალათის შექმნა პენსიონერებისთვის და ამ ჯგუფისთვის ინფლაციის დაანგარიშება ცალკე. წინააღმდეგ შემთხვევაში, საარსებო მინიმუმი ვერ ასახავს რეალობას.

მთავრობასთან კომუნიკაციის დონით კმაყოფილნი არ არიან აქტივების მმართველი კომპანიები და ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ დროულად მოხდეს მათი ინფორმირება ნებისმიერ ცვლილებასთან დაკავშირებით. მათ გამოთქვეს შიში იმაზე, რომ თუ მათი ინფორმირება გონივრულ ვადაში არ მოხდება, ისინი ვერ შეძლებენ გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობას და ფონდის საქმიანობაში ჩართვას.

საინტერესოა ისიც, რომ ამჟამინდელი კანონმდებლობით და საპენსიო რეფორმის კონცეფციითაც, მკაცრად იკრძალება საპენსიო ფონდის აქტივების ინვესტირება ფონდთან და მის აქტივების მმართველ კომპანიებთან აფილირებული კომპანიების ფასიან ქაღალდებში. განუვითარებელი და მცირე მასშტაბის კაპიტალის ბაზრის პირობებში ასეთი ტიპის შეზღუდვა შესაძლოა დიდ ბარიერს წარმოადგენდეს საპენსიო ფონდების საინვესტიციო საქმიანობისთვის. არსებობს წინადადება, რომ სრული აკრძალვის ნაცვლად, შესაძლოა უმჯობესი იყოს არსებობდეს ასეთ ინსტრუმენტებში ინვესტირებაზე ანგარიშგებისა და საჯაროობის მკაცრი ნორმები, აგრეთვე, კანონმდებლობით დაწესებული ინვესტირების მკაცრი ზღვრები.

ფაქტია, რომ საპენსიო რეფორმის მიმართ, ერთი მხრივ, ოპტიმისტური დამოკიდებულება არსებობს საზოგადოებაში, თუმცა, მეორე მხრივ, არის ბევრი კითხვა და შენიშვნა, რომელთა გათვალისწინების გარეშე ალბათ სწორი არ იქნება ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება. რეფორმის შეფასება გრძელდება “რეფორმეტრის” ფარგლებში და განახლებული შედეგები 6 თვეში ერთხელ განთავსდება პროექტის ვებგვერდზე: ReforMeter.iset-pi.ge

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *