კლიმატოლოგები: დედამიწის ორივე პოლუსზე ანომალიური სითბო ფიქსირდება

კლიმატოლოგები: დედამიწის ორივე პოლუსზე ანომალიური სითბო ფიქსირდება

დედამიწის  ორივე პოლუსზე, ბოლო რამდენიმე დღეა, ანომალიური სითბო ფიქსირდება, რაც, მეცნიერთა განცხადებით, კლიმატური პროცესების ბევრად უფრო სწრაფ და რადიკალურ ცვლილებაზე მიუთითებს. კლიმატოლოგების განსაზღვრებით, ტემპერატურული ცვლილებები „უპრეცედენტო“, „ისტორიული“ და „დრამატულია“.

ანტარქტიდაზე ტემპერატურის, საშუალოზე 40°C-ით მაღალი, რეკორდული დონე გასული შაბათ-კვირიდან ფიქსირდება. ბოლო სამ დღეში ყინულის დნობის მატება და  ნორმალურზე 30°C-ით მაღალი ტემპერატურაა არქტიკის სადგურებზეც. ჩვეულებრივ, წლის ამ პერიოდში, ანტარქტიდა „მისი ზაფხულის“ შემდგომ სწრაფად გადადის გაყინვის ფაზაში, ხოლო არქტიკა, დღეების ზრდასთან ერთად, ნელ-ნელა ზამთრის პერიოდიდან გამოდის. შესაბამისად, ორივე პოლუსისთვის, დათბობის მსგავსი მაჩვენებელი უპრეცედენტოა.

კლიმატოლოგების შეფასებით, დედამიწის ორივე პოლუსზე ტემპერატურის სწრაფი მატება კლიმატური კრიზისის გაუარესებაზე მიუთითებს. ამას ერთვის განსაკუთრებით ცხელი ზაფხული აშშ-ში, კერძოდ წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთით, სადაც ტემპერატურამ 2021 წელს 50 °C-ს მიაღწია. ამჟამად კი, სხვა სადგურებთან ერთად, რეკორდული სითბო რუსულ მეტეოროლოგიურ სადგურ Vostok-ზეც დაფიქსირდა, სადაც მარტის საშუალო -53°C-დან ტემპერატურა -17.7°C-მდე ჩამოვიდა. Vostok-ის სადგური სამხრეთ პოლუსთან სიახლოვით (1.300კმ) და 1983 წელს დედამიწაზე დაფიქსირებული ყველაზე დაბალი ტემპერატურით (-89.2°C) გამოირჩევა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს კლიმატის მკვლევართა მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის პირველივე თავში, კლიმატური ცვლილებების სამთავრობათშორისო პანელმა მსოფლიო უპრეცედენტო და უკვე მიმდინარე პროცესების შესახებ გააფრთხილა – რაც მათ შორის პოლარულ დნობასაც მოიცავდა.

ClimateReanalyzer.org

საშიშროება ორმხრივია: პოლუსებზე ტემპერატურული მატება იმ ზიანს ასახავს, რომელსაც თავად კაცობრიობა აყენებს კლიმატს და მეორე, დნობამ პოლუსებზე შესაძლოა კასკადური ცვლილებების პროცესი დააჩქაროს და მსოფლიოსთვის შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს. პოლარული ზღვის ყინულის დნობა, განსაკუთრებით არქტიკაში, „მუქი ფერის ზღვის“ წარმოშობას განაპირობებს, რომელიც ჩვეულებრივზე მეტ სითბოს შთანთქავს. ანტარქტიდაზე ყინულის დნობა კი ზღვის დონის მნიშვნელოვან მატებას იწვევს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *