Koch Industries-ი, Nestle, Renault – კომპანიები, რომლებიც რუსეთთან კავშირების გამო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცნენ

Koch Industries-ი, Nestle, Renault – კომპანიები, რომლებიც რუსეთთან კავშირების გამო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცნენ

გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Nestle, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ, აგრესორის წინააღმდეგ არასაკმარისი სადამსჯელო ზომების მიღების გამო გააკრიტიკა. თუმცა ფაქტია, რომ შვეიცარიული სურსათის გიგანტი მხოლოდ ლიდერობს იმ მრავალეროვნული კომპანიების მცირე, მაგრამ ძლევამოსილ სიას, რომლებმაც, მიმდინარე ომის მიუხედავად, რუსეთში ბიზნესოპერაციების შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

ზელენსკიმ Nestle შვეიცარიაში, პროტესტის მონაწილეებისთვის გამართული ვიდეომიმართვისას გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც უკრაინელი ბავშვები  ქალაქების  დაბომბვისას კვდებიან, მათი ბიზნესი რუსეთში მუშაობას კვლავ აგრძელებს. საპასუხოდ კი Nestle, რომლის ბიზნესიდან რუსული წილი მხოლოდ 2%-ს შეადგენს, ამტკიცებს, რომ ქვეყანაში შეწყდა ყველანაირი რეკლამა და კაპიტალური ინვესტიცია და მხოლოდ ძირითადი პროდუქციის მიწოდებაა შენარჩუნებული.

Forbes-ის შეფასებით, აშშ-ში მეორე უმსხვილესი კერძო კომპანია Koch Industries-ი, მისი შვილობილი კომპანია Guardian Industries-ის წყალობით, რომელიც რუსეთში მინის მწარმოებელ ორ ობიექტს მართავს, ყოველწლიურად $115 მილიარდის შემოსავალს იღებს. ამერიკული კონგლომერატის დირექტორი დეივ რობერტსონი რუსეთში დარჩენის მიზეზებს ხსნის და აცხადებს, რომ კომპანიას ქვეყანაში საკუთარი თანამშრომლების მიტოვება ან რუსეთის მთავრობისთვის მათ ბიზნესზე მმართველობის გადაცემა არ სურს.

Koch Industries-ის გარდა, Yale University-ის პროფესორის მიერ შედგენილი სიის მიხედვით, სულ მცირე 36-მა სხვა ფირმამ თქვა უარი რუსეთში ბიზნესოპერაციების შეჩერებაზე ან შემცირებაზე. ამავდროულად, პროფესორი ჯეფრი ზონენფელდი 350 კომპანიასაც ასახელებს, რომლებიც ტოვებენ რუსეთს ან აჩერებენ ოპერაციების მართვას ქვეყანაში.

შვეიცარიის სიდიდით მეორე ბანკი Credit Suisse-ი იმ მსხვილ ფირმებს შორისაა, რომლებმაც რუსეთში დარჩენა გადაწყვიტა. ბანკის აღმასრულებელი ხელმძღვანელის განცხადებით, კომპანიის რუსეთთან ურთიერთობა „გადახედვის“ პროცესშია, თუმცა სესხებისა და შვილობილი კომპანიების გზით ქვეყანასთან $1.1-მილიარდიანი კავშირები, Credit Suisse-ის რუსეთიდან გასვლას ნაკლებად სავარაუდოს ხდის.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ცალკეული იმ კომპანიების დასახელებისგან, რომლებიც კვლავ ინარჩუნებდნენ კავშირებს რუსეთთან, თავს იკავებდა. თუმცა ერთ-ერთ გამოსვლაში ზელენსკიმ შვეიცარიულ ბანკებს მიმართა და განაცხადა, რომ იმ ხალხის ფული, რომლებმაც ეს ომი წამოიწყეს, სწორედ მათ ბანკებში იყო და მათ წინააღმდეგ ბრძოლისკენაც მოუწოდა. თავად შვეიცარიამ გასულ თვეში ევროკავშირის მიერ სანქცირებული პირებისთვის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად ამისა, შვეიცარიის ბანკირთა ასოციაციის შეფასებით, შვეიცარიის ბანკების ოფშორულ ანგარიშებზე $215 მილიარდამდე რუსული ფულია განთავსებული.

რუსულ ბიზნესში რაიმე სახის ცვლილების შესახებ ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია ფრანგულ ავტომწარმოებელ Renault-საც. ამჟამად კომპანიას რუსეთში 40,000-მდე თანამშრომელი ჰყავს და ის რუსული საავტომობილო ბაზრის დაახლოებით მესამედს იკავებს. Reuters-ის ცნობით, Renault-ს აქციების ფასი, უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ, 30%-ით დაეცა.

რუსეთში ახალი მედიკამენტების გამოცდას აგრძელებს ბრიტანული ფარმაცევტული გიგანტი AstraZeneca-ც, თუმცა მისმა კონკურენტებმა, Pfizer-მა და GlaxoSmithKline-მა, ქვეყანაში კლინიკური ცდების შეჩერების შესახებ გასულ კვირას განაცხადეს.

კრიტიკის შედეგად კი  რუსეთთან ბიზნესურთიერთობებში ცვლილებების შეტანა რამდენიმე ცნობილმა კომპანიამ გადაწყვიტა. მათ შორის არიან საბურავების მწარმოებელი ფირმები Bridgestone-ი და Pirelli, რომლებიც მიმდინარე კვირაში ქვეყანაში წარმოებას შეაჩერებენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.