ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში, კაპიტალის ბაზარზე მზარდი აქტიურობა შეინიშნება – ეს კი გამოიხატება როგორც ემისიების სიმრავლეში, ასევე მათ მრავალფეროვნებაში. თუკი წლების განმავლობაში საქართველოდან ევროობლიგაციებს ძირითადად ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტები და სახელმწიფო ორგანიზაციები უშვებდნენ, დღეს უკვე რამდენიმე ქართული კომპანიის წარმატების მაგალითიც გვაქვს. შედეგად, კომპანიები იზიდავენ მათ საჭიროებებზე მორგებულ ფულს, რომლის ინვესტირებასაც შემდგომ ზრდაში ახდენენ. თუმცა საერთაშორისო ბაზარზე გასვლა არც მარტივი და არც ხანმოკლე პროცესია. რამდენიმე წინაპირობის დაკმაყოფილება მოუწია კომპანია “სილქნეტსაც”, რომლის გამოშვებული $200 მილიონის ევროობლიგაციები დღეს Euronext Dublin-ის გლობალურ საფონდო ბირჟაზე ოფიციალურად დაიშვა. პროფესიონალი მენეჯმენტი, ფინანსური გამჭვირვალობა, მაღალი საკრედიტო რეიტინგი, სწორი სტრატეგია და კომპანიის სიდიდე ის ძირითადი ფაქტორებია რის საფუძველზეც “სილქნეტს” 60-მდე საერთაშორისო ინვესტორმა ნდობა გამოუცხადა და შედეგად მისი არაუზრუნველყოფილი ევროობლიგაციების მფლობელი გახდა.
პროცესის ერთ-ერთი თანამონაწილე “თიბისი ბანკი” იყო, რომელმაც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, “სილქნეტთან” ერთად, რამდენიმე წარმატებული პროექტი უკვე განახორციელა.
მერი ჩაჩანიძე მეორე წელია შეუერთდა “თიბისი ბანკის” გუნდს, რომელიც “სილქნეტის” მსგავს მსხვილ ბიზნეს ჯგუფებს ემსახურება. დღეს ის ბანკის კორპორატიული ბიზნესის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებს. მერი ჩაჩანიძემ “თიბისი ბანკში” მსხვილი ამერიკული საინვესტიციო ფონდიდან გადაინაცვლა. 10 წლის განმავლობაში, როგორც მთავარ საინვესტიციო ოფიცერს, მუშაობა სხვადასხვა სექტორის არაერთ მსხვილ კომპანიასთან მოუწია. მის პროფაილს უკავშირდება 20-მდე მსხვილი ინვესტიციის განხორციელება, როგორც საქართველოს ბაზარზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის რანგში, კომპანიებისთვის სტრატეგიის შემუშავება, მისი განხორციელების ზედამხედველობა და საერთაშორისო ბაზრებიდან თანხების მოზიდვა მის პირდაპირ სამუშაოს წარმოადგენდა, დღეს კი მსგავს მომსახურებას TBC ბანკის გუნდთან ერთად სთავაზობს კლიენტებს.
ასე იყო “სილქნეტის” მიერ ევროობლიგაციების გამოშვების შემთხვევაშიც. თუ როგორ შეძლო ქართულმა კომპანიამ ათობით უცხოელი ინვესტორის მოზიდვა, ამას მერი ჩაჩანიძე Forbes-ს უყვება.
“თიბისი ბანკი” სილქნეტის ევროობლიგაციების ემისიის თანამონაწილე ისეთ საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად იყო როგორიცაა J.P. Morgan და UBS. რა გზავნილია ქართული კომპანიის მხრიდან მსგავსი მოცულობის ევროობლიგაციების გამოშვება უცხოელი ინვესტორებისთვის და როგორ ცვლის ეს ფაქტი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართ?
ევროობლიგაციების გამოშვება კომპანიისთვის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. პირველ რიგში, ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიამ საერთაშორისო დონეზე, ინვესტორების მხრიდან მიიღო ნდობა და აღიარება, რაც გამოიხატება იმაში, რომ მათ შეიძინეს არაუზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდები “სილქნეტში”. ეს კომპანიისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა. აქამდე საქართველოდან ძირითადად ფინანსური ინსტიტუტებისა და სახელმწიფო ორგანიზაციების მხრიდან ხდებოდა ევროობლიგაციების გამოშვება.
საქართველო უნდა მოხვდეს საერთაშორისო ინვესტორების რადარზე, მეტი ინტერესი გამოიწვიოს, მეტი ინვესტორი დააინტერესოს და შესაბამისად მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში. ამ ყველაფრის ხელშემწყობი ერთ-ერთი ფაქტორი კი ქართული კერძო კომპანიების საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაა. ევროობლიგაციების გამოშვება კომპანიებს ეხმარება ერთის მხრივ საერთაშორისო რესურსებზე წვდომაში, მეორე მხრივ კი დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირებაში, რათა უფრო მოქნილად და მარტივად შეძლონ კომპანიის საჭიროებაზე მორგებული ფინანსური რესურსის მოზიდვა.
როგორც ვიცით, $200 მილიონის ევროობლიგაციების გამოშვება “თიბისის” და “სილქნეტის” თანამშრომლობის პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როგორი იყო განთავსების წინა მოსამზადებელი პერიოდი?
“სილქნეტი” და “თიბისი ბანკი” ბოლო 18 თვის განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურად თანამშრომლობენ და ერთობლივად ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ. 2017 წელს, ერთობლივად მოხდა ლარის ობლიგაციების გამოშვება, რომელიც ლარში ნომინირებული ობლიგაციების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ემისია იყო საქართველოში. 2018 წელს კი განხორციელდა ყველაზე მასშტაბური ტრანზაქცია – “ჯეოსელის” შეძენა. ეს ორ ქართულ კომპანიას შორის ყველაზე დიდი გარიგება იყო, რომელიც ყველაზე მსხვილი სინდიცირებული სესხით დაფინანსდა. ამ ტრანზაქციაზე თიბისი ბანკს ჰქონდა მთავარი მომწყობის (Mandated Lead Arranger) როლი “თიბისი ბანკის” გარდა, დაფინანსებაში მონაწილება მიიღო რეგიონის 9 ბანკმა. ეს კი ნიშნავს, რომ 10-მა ფინანსურმა ინსტიტუტმა გამოუცხადა ნდობა როგორც ტრანზაქციას, ასევე მენეჯმენტის გუნდს, რომ ორი კომპანიის შერწყმის რთული პროცესი წარმატებით განხორციელდებოდა.
რა როლი აქვს უშუალოდ კომპანიის მენეჯმენტს მსგავსი ტრანზაქციების განხორციელებისას? როგორ შეაფასებდით სილქნეტის გუნდის და მენეჯმენტის მზაობას ამ კონკრეტული პროექტის შემთხვევაში?
საქართველოს ბაზარზე ბევრი კომპანია არ არის, რომელსაც შეუძლია მსგავსი დიდი და სტრატეგიული პროექტების განხორციელება. ამას სჭირდება, გამოცდილი მენეჯმენტი სწორი ხედვით, რომელიც ინვესტორების და სხვა სტეიკჰოლდერების ხედვასთან თანხვედრაშია. ასევე, აუცილებელია ბიზნესის განვითარების ეფექტური და განხორციელებადი სტრატეგია. “სილქნეტის” მენეჯმენტი მაღალი დონის პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული. გუნდს ყველა საჭირო ცოდნა, გამოცდილება და რესურსი გააჩნია, რომ ეს ტრანზაქცია წარმატებით შემდგარიყო.
თიბისი ბანკის ჩართულობა და როლი როგორია მსგავს პროცესებში? რას სთავაზობთ კერძო კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან კორპორაციული ობლიგაციების ბაზარზე გამოჩენით?
ქართულ კომპანიებს, არსებულ თუ პოტენციურ კლიენტებს, თანამშრომლობის ისეთ მოდელს ვთავაზობთ, როდესაც “თიბისი ბანკის” პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მრჩევლის როლშია და კომპანიის მენეჯმენტთან ერთად, მონაწილეობს ბიზნესის განვითარების დაგეგმვაში, ოპტიმალური ფინანსური ინსტრუმენტების შერჩევასა და მოზიდვაში. ამის კარგი მაგალითი იყო “თიბისი ბანკის” ჩართულობა “სილქნეტის” ლარის ობლიგაციების გამოშვებაში. მოგვიანებით, კომპანია “სილქნეტმა” მიიღო სტარტეგიული გადაწყვეტილება და ევრობონდის ემისია განახორციელა. “თიბისი ბანკი” ჩართული იყო უშუალოდ მოსამზადებელ პროცესში, რომელიც საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივია. “თიბისი ბანკმა” “სილქნეტთან” ერთად უზრუნველყო ის ინსტრუმენტები, რომელიც დაეხმარა ევროობლიგაციის წარმატებით გამოსაშვებას. საუბარია ორ ძირითად ინსტრუმენტზე: ეს არის რევოლვირებადი საკრედიტო ხაზი, რომელიც დამატებით კომფორტს უქმნის ობლიგაციის მფლობელებს, რომ მათი თანხები დროულად იქნება მომსახურებული. მეორე პროდუქტი კი ჰეჯირების ინსტრუმენტია, რომელიც მუდმივად გამოწვევაა ქართული კომპანიისთვის, რომელსაც უცხოურ ვალუტაში ნომინირებული ვალდებულებები აქვს, ხოლო ბიზნესი კი ადგილობრივ ვალუტაშია. უცხოურ ვალუტაში ნომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვებისას, ჰეჯირების ინსტრუმენტი საშუალებას იძლევა, კომპანიამ დააზღვიოს ადგილობრივი ვალუტის შესაძლო გაუფასურებით გამოწვეული ნეგატიური ეფექტი მის მოგებიანობასა და გადახდისუნარიანობაზე.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში თიბისისთვის ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როდესაც კორპორაციული ობლიგაციების გამოშვების თანამონაწილე იყო, შეგვიძლია, თუ არა, ვთქვათ რომ საქართველოში ეს ბაზარი აქტიურდება და თქვენი აზრით რა იქნება ერთგვარი ლოკომოტივი რომ პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს და გააქტიურდეს?
ბოლო პერიოდს თუ გადავხედავთ, ფასიანი ქაღალდების ბაზარი საკმაოდ აქტიური ტემპით ვითარდება. თიბისი კაპიტალმა, ბოლო 1 წლის განმავლობაში, 8 ფასიანი ქაღალდი განათავსა სხვადასხვა ფინანსური თუ კორპორატიული კლიენტებისთვის, რაც უკვე მაჩვენებელია ამ მიმართულების გააქტიურების. კომპანიები ზრდასთან ერთად საჭიროებენ, რომ მეტად სოფისთიცირებული ფინანსური ინსტრუმენტები და გადაწყვეტილებები ჰქონდეთ, ხოლო ფასიანი ქაღალდის ბაზარზე აქტიურობა ზუსტად ამის ერთ-ერთი გამოძახილია. ვფიქრობ, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო აქტუალური გახდება ეს ბაზარი. ევროობლიგაციების განვითარების კუთხით, მნიშვნელოვანი და ძირითადი ფაქტორია კომპანიის ზომა. საქართველოს ბაზრის ზომიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ბევრი კომპანია არ გვყავს, რომელიც მზად იქნება ევროობლიგაციის გამოსაშვებად. საერთაშორისო ბაზარზე ემისია რამდენიმე ასეული მილიონის უნდა იყოს, შესაბამისად, კომპანიის სიდიდეც უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ ლევერიჯს.
გარდა ამისა, კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშემწყობი გარემო ფაქტორებია: რეგიონსა და ქვეყანაში პოლიტიკური და ფინანსური სტაბილური, გამართული საკანონმდებლო ბაზა, ინვესტორისთვის სახარბიელო კანონმდებლობა და აღსრულების წესები.