კომფორტის ზონა

კომფორტის ზონა

მთავარია, შევძლოთ და “კომფორტის ზონა” გავაფართოოთ, ამერიკულ, ევროპულ და სხვა ახალ ბაზრებზე გავიდეთ!

სარეიტინგო სააგენტო FITCH-მა მორიგი რუსული ემბარგოს შეფასებები დადო და ისინი არ განსხვავდება ქართული საინვესტიციო ბანკებისა და ეკონომისტების შეფასებებისგან:

 ეკონომიკა (მშპ/GDP) შემცირდება 0,5%-ით

რუსეთის წილი FDI (პირდაპირი უცხოური ინვესტიციები) მინიმალურია და 5%-შეადგენს.

რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა წლიურად 4.7%-ით შემცირდება.

საქართველოში ტურისტების 20%-ზე მეტი რუსეთიდან იყო. თუმცა რუსი ვიზიტორები საქართველოში ძირითადად საავტომობილო გზით ჩამოდიან და სააგენტო მათ კომპენსირებას სხვა ქვეყნების (ძირითადად სხვა მეზობელი ქვეყნების) ხარჯზე ელის.

FITCH ასკვნის და სამართლიანადაც, რომ ქართული ეკონომიკის ყველაზე სუსტი მხარე მაინც საგარეო ფაქტორებზე დამოკიდებულებაა. მათ შორის, ეს არაა მხოლოდ ჩვენს სამეზობლოსა თუ სავაჭრო პარტნიორებზე დამოკიდებულება. სააგენტო არ წერს, მაგრამ ღირს ამოვიკითხოთ და ვიცოდეთ, თუ რატომ უნდა ვიყოთ მადლიერი მომხდარისა დღეს, 2019 წელს და არა, ვთქვათ, 2023 წელს, როცა ჩვენი ეკონომიკა ხელისუფლებისა და ბიზნესის ახლომხედველური მიზნების და ამოცანების მისაღწევად, სრულად შეიყვანდა ქვეყანას რუსულ ეკონომიკურ სპირალში, საიდანაც გამოსვლა ცალსახად ფატალური შედეგების მომტანი იქნებოდა.

რატომ შეჰყავს, ჩავყევით, მივყვებით ან მოვდუნდით სიტუაციაში? ამ სპირალის რთული მხარეებისა და ფატალური ფინიშის ლენტის დანახვის გარეშე, ახსნას ვერ ვნახავთ. მიზეზი მარტივად ასახსნელია როგორც ხელისუფლების, ასევე ბიზნესის გადმოსახედიდანაც. მარტივი ახსნა ორსიტყვიანია: კომფორტის ზონა. ცოტა რომ ჩავშალოთ კომფორტიც და ზონაც, შემდეგ სურათს მივიღებთ:

პოლიტიკურმა ცვლილებებმა 2013 წლიდან თითქმის სრულად მოხსნა ემბარგოს ელემენტები რუსეთთან. ამან შედარებით გამოაცოცხლა ექსპორტიც და დაიწყო ტრადიციულ, თუმცა სუპერსარისკო პოლიტიკურ ბაზართან შეჯვარების მორიგი აქტი. რას იგებს ამ ყველაფრით ხელისუფლება, რომელიც არ გამოირჩევა, არც შემჩნეულია რაიმე ტიპის მძაფრი და რადიკალური შიდა ინსტიტუციური რეფორმებით? ზუსტად იმას, რაც ამ ხელისუფლების ხასიათსა და შინაგან კონსტიტუციაშია: ვიყოთ მშვიდად და ვიაროთ ინერციით.

ჰოდა, მივდივართ ასე ინერციულები (4,5% GDP ზრდა) და ამას (ინერციას) დაატყო ხელი გარანტირებული ბაზრის (რუსეთი) სრულად გახსნამ 2013 წლიდან. დიახ, ამ ხელისუფლების სრულიად შეგნებული არჩევანია ინერციული განვითარება და მისი ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი მდგენელი – რუსეთის ფედერაციის გასაღების ბაზრის არსებობა. ეს არის ის იდეალური პეიზაჟი, რომელიც სრულად ჯდება დღევანდელი პოლიტიკური მმართველობის გემოვნებაში. და მერე რა, რომ საქართველოს ეკონომიკაში ოკუპანტი რუსეთის მონაწილეობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება (2019 წელი – საქართველოს ეკონომიკაში რუსეთის წილი 10%-დან 15 %-მდეა) და უმნიშვნელოვანეს საარჩევნო 2020 წელს, ყველანაირი წინასწარი გათვლებით, სრულიად ტრაგიკულ-სიმბოლურ სტატისტიკურ მაჩვენებელზე ანუ ეკონომიკის 20%-იან დამოკიდებულებაზე გავიდოდით. ანუ, ზუსტად და დაახლოებით იმდენით ვიქნებოდით (20%!) ეკონომიკურად დამოკიდებული ჩრდილოელზე, რაც ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორს, რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული საქართველოს კუთვნილი ტერიტორიებისა.

დღესაც საქართველოს მთავრობა პერიოდულად გადართულია საჯარო ნარატივზე, რომ არიქა, ქართული ბიზნესისგან ვიღებთ გზავნილებს, რომ ვიღუპებით და გვიშველეთ, რუსული ბაზარი იქნებ არ დაიხუროსო. ამიტომ ცდილობს “ყველა არხის” გამოყენებას პრობლემის დასარეგულირებლად, რომლებიც უპირობოდ თავად შექმნეს და გაცილებით მძიმე პოლიტიკურ ფასს იხდიან, ვიდრე პარლამენტის თავჯდომარის სრულიად დაგვიანებული გადადგომა გახლდათ. დასაკარგი გასაღების ბაზრები ნამდვილად არ გვაქვს, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ჩვენს გეოგრაფიულ მდებარეობას და იმ უმოწყალო ფაქტს, რომ ევროპის უახლოესი დედაქალაქი შედარებით ღარიბი ბულგარეთის სოფიაა. სამხრეთ სამეზობლოში კი პრობლემებია ომების და სანქციების გამო. და მაინც, სიტყვასაც არ ძრავენ, რომ ოდნავ მაინც დატოვონ თავიანთი საოცნებო “კომფორტის ზონა”, რომელიც სრულ ეკონომიკურ დამოკიდებულებას გამოიწვევს ჩრდილოელ მეზობელზე საშუალოვადიან პერსპექტივაშივე, მათ შორის ჩვენი “ბიზმესმენების” (აქ შეცდომა არ არის – ბიზმესმენები არიან) შემხედვარე, რომლებიც, მსგავსად მათი პოლიტიკური ხელმძღვანელებისა, დაწაფებულნი არიან სწრაფ, მარტივ და თუნდაც მინიმალურ, მაგრამ დროებით გარანტირებულ შემოსავლებს და შედეგებს. ამ მოკლევადიანი, ახლომხედველური და მავნებლური ინერციისას კი ბედნიერია ყველა: ერისა და ბერის დიდი ნაწილი, გლეხობა, რომელსაც ჯიუტად არ უნდა ფერმერობა, მეღვინეები (დიდი ნაწილი), რომლებიც ოთარ იოსელიანის გენიალური “გიორგობისთვის” უფროსობა პერსონაჟებს შენატრიან, ტურიზმისა და სერვისის სექტორი, რომელიც ჯერ “ოპელ ვექტრას” დონეზეა და “ტოიოტა პრიუსზეც” ვერ გავიდა. ბევრი გვაქვს სასწავლი და საშრომიც. და ახლა თქვენ მეუბნებით, რომ ასეთი “ზარმაცი” ან ბაქია საზოგადოების შემხედვარე, რა რთული განსაჭვრეტია, რომ ეს კომფორტის ზონა არც ერთს არ ეთმობა. და მერე რა, რომ რისკებია და ხვალ შეიძლება ნებისმიერი მიზეზით აღარც იყოს. ჩვენ ვიქნებით ტრადიციულად “წიშე ვადი, ნიჟე ტრავი”. მით უმეტეს, ვეღარც წყალს ვიყენებთ ჰესებისთვის და ბალახი თუ სიმწვანეც სულ ცოტა გვრჩება.

კრემლმა საქართველოსთან მიმართებით ეს გადაწყვეტილება მიიღო დღეს. რაც ხდება, ცალსახად ჩაგვაგდებს საკმაოდ რთულ მიმდინარე ვითარებაში, მაგრამ შედარებით საშუალოვადიან პერსპექტივაში ნამდვილად ჩამოგვაშორებს ბაზარს, რომელიც პოლიტიკურია, შემოსავლიანი, მაგრამ კრიპტოვალუტების რყევაზე სარისკოც!

დიახ, მე მადლობელი ვარ რუსეთის ხელისუფლების, რომ ახლა გასკდა “გავრილოვის ფურუნკული”, და არა ორი ან სამი წლის შემდეგ, როცა ჩვენს ეკონომიკას რუსეთი სრულად ჩაითრევდა დამოკიდებულების სპირალში და იქიდან გამოსვლა ფატალური შედეგების მომტანი იქნებოდა. კრემლის სანქციები თუ მისი გრძელვადიანი პოლიტიკა ხომ მისი უშუალო სამეზობლოს დასუსტებას და მათზე საკუთარი გავლენის თავს მოხვევას წარმოადგენს. რაც მეტია გავლენა, მით მეტია რისკი. დღეს გაცხადებული რისკებიდან რუსეთთან ურთიერთობაში შეგვიძლია გამოვყოთ შემდეგი მიმართულებები, რომელთაც გაცხადებული საფრთხე ემუქრება ჩრდილოელი მეზობლის საჯარო მიმართებებიდან გამომდინარე და ეს არის: ღვინო, ტურიზმი და… ჰო, მოდი, აქ დუდუკს დავწერ. რას ნიშნავს დუდუკი, ამას FORBES-ის მკითხველი ამ ედიტორიალის ბოლოს ამოიკითხავს.

ტურიზმი

ეროვნული ბანკი რუსეთიდან ტურისტების ნაკადის შემცირების ზარალს 200-300 მლნ დოლარად აფასებს. ამას ახლავს ემოციური ფონიც, რომელიც ასევე აისახება ლარის გაუფასურებაზე, თუმცა ამ ედიტორიალის გამოსვლისთვის ემოციებიც გადავლილი და ინდუსტრიებიც გადაწყობილი უნდა იყოს უფრო მკაცრ რეალობაზე, ვიდრე გარანტირებული მოლოდინები ჰქონდათ. ცხადია, რუსეთიდან ტურისტების ნაკადი არ იქნება ისეთი მასიური, როგორიც ბოლო ორი წლის განმავლობაში იყო, ისიც ცხადია, რომ აქ გადამწყვეტ როლს არა ავიაგადაზიდვების აკრძალვა, არამედ პოლიტიკური განცხადებები ასრულებს. თუმცა იმის თქმა, რომ საქართველოში არ ჩამოვა  რუსი ტურისტი, ისეთივე სიბრიყვეა, როგორც საკუთარი ბიზნესი სრულად რუსეთის ფედერაციაში შესაძლო გაყიდვებს დაუკავშირო. TBC-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ტურიზმი განსაკუთრებულად მისაქცევი მიმართულებაა, რადგან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის შემდეგ რუსეთიდან ტურისტული შემოსავლები დაახლოებით 50%-ით შემცირდება. იმავდროულად, მთლიან ტურისტულ შემოსავლებში რუსეთის წილი დაახლოებით 50%-ია. ბოლო 12 თვის განმავლობაში კი რუსეთიდან ამ გზით დაახლოებით $660 მლნ შემოვიდა. დაიდო G&T ტრადიციული ანალიტიკაც, საინვესტიციო ბანკში რუსეთის ფედერაციაზე ქართული ეკონომიკის დამოკიდებულებას დაახლოებით 10% აფასებენ (ექსპორტის, ტურიზმის, FDI-ისა და ფულადი გზავნილები) და მიიჩნევენ, რომ რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა წლიურად 4.7%-ით შემცირდება და ეს დაახლოებით 200 მლნ დოლარის დანაკლისი იქნება. საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზს, ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ანალიტიკოსები 0,5%დან – 1%-მდე ელიან.

ღვინო

გაცილებით “უკეთესი”პოზიციები გვაქვს ღვინის სექტორში, ოღონდ ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ამ დარგის აღორძინება 2006 წლის ემბარგოს უკავშირდება, როდესაც, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ალქიმიკოსებისა და დაძმარებული მეღვინეების დაყენებული “ფეკალური მასა” მარცხნივ და მარჯვნივ იგზავნებოდა ყოველგვარი სტანდარტისა თუ შემოწმების გარეშე და ძირითადად, ჩრდილოეთის მიმართულებით.

დღეს კი უკვე სხვაგან ვართ, ქვეყანაც და ეს ინდუსტრიაც. ექსპორტში ღვინის ექსპორტის წილით, საქართველო მსოფლიოს 80 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა! ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოს მთლიანი ექსპორტის 6.26% სწორედ ღვინოზე მოდიოდა და ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოს თითქმის ყველა ღვინის ექსპორტიორ ქვეყანას უსწრებს!

აქ ნუ იჩქარებთ გადაჭარბებულ სიხარულს, ბატონებო! ის, რომ საქართველო ღვინის ექსპორტის წილით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს, ერთი მხრივ, მცირე ზომისა და ნაკლებად დივერსიფიცირებულ ეკონომიკაზეც მიანიშნებს. რაც შეეხება ღვინის უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყნებს, მათ შორის საქართველო მე-19 ადგილს იკავებს. ანუ ვართ 20-ეულში, ავსტრალიასა და ჩილესთან ერთად, მაგრამ 2017-ში თუ ამ ორმა ქვეყანამ 2 მლრდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, საქართველომ ღვინის ექსპორტიდან 171 მლნ დოლარი დააგენერირა, რაც ცალსახად არ არის ცოტა ჩვენი მეღვინეებისთვის, გლეხებისთვის (რომლებიც ნელა უახლოვდებიან ფერმერის დამსახურებულ წოდებას) და მეურნებისთვის, მაგრამ თვალში საცემია ექსპორტის წილის სიდიდეც, ქვეყნის მომცრო ზომა და რისკების მაღალი დონეც. ჰოდა, აქაც შემოგვაპარეს უკვე – ემანდ როგორმე ქართული ღვინის გარეშეც გავძლებთ რუსეთშიო, იქაური (რუსეთი) მეღვინეთა ასოციაცია ტრადიციულად ასე გამოეხმაურა აქაური (ქართული) ღვინის ერთ-ერთი ასოციაციის სრულიად მაამებლურ, უთავმოყვარეო და ეკონომიკურად დისფუნქციურ განცხადებას.

დუდუკი

ხელისუფლებასა და მის წილ კომფორტის ზონაზე ზემოთაც მოგახსენეთ, მაგრამ “გავრილოვის ღამის” გამო შექმნილმა სახელისუფლებო კრიზისმა და მათი დუდუკის ქვეშ საზოგადოებრივი აზრის მოქცევის მასშტაბური კამპანიის ამოქოქვა მაფიქრებინებს, რომ რთულია არჩევნებისთვის შეეგუო ხელისუფლებას, რომელიც ამბობს, რომ ის, რაც მოხდა დღისით (გავრილოვი პარლამენტში) ამაზე პასუხისმგებელნი თავად არიან. ხოლო ის, რაც მოხდა პარლამენტთან (“გავრილოვის ღამე”) ამაზე პასუხისმგებელია ოპოზიცია. აქედან მორალი მარტივია: ხელისუფლება არის ცრუ, სუსტი ან მზეთუნახავი. შესაძლოა, სამივე ერთადაც.

და კიდევ, გაცილებით მძიმე ვერდიქტებს შორის, ვიდრე ზღაპრულ პერსონაჟებთან დაუმსახურებელი ალეგორიული ბმაა: ჩვენ გავიგეთ და ვიცით, რომ ის, რაც ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პირობებში, ამაზე პასუხისმგებელი იყო და არის ნაციონალური მოძრაობა, და ამიტომაც არის იქ, სადაც არის: ლიდერების ნაწილი – ციხეში, თავად პოლიტიკური პარტია – სრულად დანაწევრებული და ოპოზიციაში. მაგრამ მოქმედი ხელისუფლებისგან მივიღეთ გაცილებით მძიმე მოდელირებული რეალობა: თურმე ის, რაც ხდება “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში მთელი ამ წლების განმავლობაში, ამაზეც პასუხისმგებელი ნაციონალური მოძრაობაა – მაშინ სადღაა დღევანდელი ხელისუფლება და მისი პასუხისმგებლობა?

და მართლა ბოლოს: მოლოდინების მართვაში არსებული ჩავარდნა და მის შედეგად გამოწვეული კრიზისი დღეს შესაძლოა უფრო მწვავე პრობლემას წარმოადგენდეს, ვიდრე თავად ტურისტული ემბარგო. გავიხსენოთ თუნდაც 2006 წელი, როდესაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ქვეყანაში სტაგნაციას ვარაუდობდნენ, თუმცა წელი რეკორდული 9.4%-იანი ზრდით დასრულდა!

მთავარია, შევძლოთ და “კომფორტის ზონა” გავაფართოოთ, ამერიკულ, ევროპულ და სხვა ახალ ბაზრებზე გავიდეთ!

ინერციიდან გადავიდეთ განვითარებაზე.

გლეხობიდან – ფერმერობაზე.

ცეხავიკობიდან – მეწარმეობაზე.

უპასუხისმგებლობიდან – პოლიტიკოსობაზე.

სადღეგრძელოებიდან – რეალურ რეფორმებზე.