კომუნიზმმა რა ჰქმნა

კომუნიზმმა რა ჰქმნა

მიქაელ არამიანცი 1843 წლის 4 მაისს მთიან ყარაბაღში, სოფელ კეატუკში, სოფლის მამასახლისის ოვსეპის ოჯახში დაიბადა. მიქაელი 15 წლისა იყო, როდესაც სასწავლებლად ქალაქ შუშაში გაემგზავრა. სწავლა არ უჭირდა, ყველაფერს იოლად ითვისებდა და მეცნიერებისადმი დიდ ინტერესსაც იჩენდა. ბიჭი ტფილისის გიმნაზიაში სწავლის გაგრძელებაზე ოცნებობდა, თუმცა მან ადრეულ ასაკშივე წარმატებით გამოსცადა თავი ვაჭრობაში. საქ­მის შესას­წავ­­ლად იგი შუშაშივე ცნო­ბილ ვა­ჭარს თა­რუ­მანი­ანს თა­ნა­შემ­წედ მი­ა­ბა­რეს, რო­მე­ლიც სავაჭრო საქმიანობას ყა­რა­ბა­ღის გარ­და, საზღ­ვარ­გა­რე­თაც ეწე­ო­და. არამიანცი ხშირად ჩადიოდა თავრიზში, ირანში, სადაც ის ცოტა ხანში ფირ­მის წარ­მო­მად­გენ­ლადაც და­ნიშ­ნეს. ოთხ წე­ლი­წად­ში მი­ქა­ელ­მა თა­ვი­სი პირ­ვე­ლი კა­პი­ტა­ლი – 3,000 მა­ნე­თი – და­აგ­რო­ვა და 1871 წელს სამხრეთ კავკასიის ცენტრში, ტფილისში გადავიდა საცხოვრებლად.

28 წლის არამიანცმა საკმაოდ დიდი ქონება დააგროვა ქსო­ვი­ლე­ბით, აბ­რე­შუ­მითა და შა­ლით ვაჭრობით. ჩარ­თუ­ლი იყო შაქ­რის ტრან­ზი­ტულ კო­მერ­ცი­ა­ში ისეთ დიდ ქალაქებთან, როგორიც იყო მარ­სელ­ი, თავ­რიზ­ი და თე­ი­რანი. თუმცა, როგორც ქვემოთ ვნახავთ, ეს არ იყო არამიანცის ნამდვილი წარმატება, რადგან მას ჯერ არ გაუცნია ბაქოს ნავთობი და მასთან დაკავშირებული ფინანსური პერსპექტივები. არამიანცის ტფი­ლის­ში ცხოვრების პირველ ეტაპზე წარმატებული ბიზნესის გარდა, მის ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: მას შეუყვარდა ცნობილი კო­მერ­სან­ტის, შოლ­კო­ი­ან­ცის 18 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი – ეღი­სა­პე­ტი.

თუმცა, როგორც ეს ხშირად ხდებოდა, იმდროინდელ სამხრეთ კავკასიაში ცალკეული ბიზნესები ხშირად ზედმეტადაც კი იყვნენ დამოკიდებული რეგიონში არსებულ საგარეო პოლიტიკურ ვითარებაზე. ასე, მაგალითად, 1877-1878 წლებში მიმდინარე მორიგმა რუსეთ-თურქეთის ომმა დიდი გავლენა მოახდინა არამიანცის ბიზნესზე. ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების ჩაკეტვამ და საქართველოს საზღვრებთან წარმოებულმა საომარმა მოქმედებებმა არამიანცს თითქმის მთელი ქონება დააკარგვინა. სხვადასხვა მონაცემის მიხედვით, მას მხოლოდ 7,000 მანეთი და ტფილისში მტკვრის სანაპიროზე ერთი პატარა სახლი დარჩა. არამიანცს კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდა რთული ფინანსური მდგომარეობიდან გამოსასვლელად და 1884 წელს ბაქოში გამგზავრებამდე მისი კაპიტალი 40,000 მანეთს შეადგენდა.

1880-იანი წლების ბაქომ უკვე გაითქვა მსოფლიოში სახელი როგორც ნავთობის მოპოვების ცენტრმა. ქალაქში უკვე მუშაობდნენ ისეთი დიდი ფინანსური ოჯახები, როგორიც როტშილდები და ნობელები გახლდნენ. მათთვის კონკურენციის გაწევა რომ შეძლებოდა, არამიანცმა ბიზნესში ძველი მეგობრის ჩართვა გადაწყვიტა. ეს ტფილისის უმსხვილესი კომერციული ბანკის აქციონერი და ვიცე-თავმჯდომარე, პირველი გილდიის ვაჭარი ალექსანდრე მანთაშევი იყო. მათ ერთმანეთი ჯერ კიდევ არამიანცის თავრიზში ყოფნისას გაიცნეს. მანთაშევი ირანში მამასთან იყო ჩასული და იქ საკმაოდ დიდ მოგებას ვაჭრობით ნახულობდა.

თავდაპირველად ორ ადამიანს შორის კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა და მანთაშევი დათანხმდა კიდეც არამიანცის შემოთავაზებას, ბაქოში საერთო სანავთობო ბიზნესი დაეწყოთ.

სანავთობო ბიზნესი კარგად ვითარდებოდა, რაც აისახა კიდევაც 1899 წლის 11 ივნისს სააქციო და სანავთობო საზოგადოება “ა.ი. მანთაშევი და კომპანიის” დებულების ოფიციალურად დამტკიცებით. კომპანიის დამფუძნებლები იყვნენ ტფილისის პირველი გილდიის ვაჭარი მანთაშევი და ბაქოს პირველი გილდიის ვაჭარი არამიანცი. საერთო კაპიტალი 22 მილიონ მანეთს შეადგენდა, ანუ სულ 88 000 აქცია, სადაც თითოეული 250 მანეთად ფასობდა. მიღებული დებულების მიხედვით, კომპანიას ხუთი დირექტორისგან შემდგარი საბჭო მართავდა, რომლის არჩევაც აქციონერთა საერთო კრებით ხდებოდა. ამ კომპანიაში მიქაელ არამიანცს 25%-იანი წილი ჰქონდა.

ნავთობი მომავლის ბიზნესი აღმოჩნდა. არა­მი­ან­ცის საქმიანობა დღითი დღე ფართოვდებოდა. მაგალითისთვის, აფ­შე­რო­ნის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე (სადაც ქალაქი ბაქო მდებარეობს) კომ­პა­ნი­ის სა­კუთ­რე­ბა­ში იყო ნავ­თო­ბით მდი­და­რი დაახლოებით 174 ჰექტარი მიწის ფარ­თო­ბი. არამიანცს ასევე ეკუთ­ვ­ნო­და ნავ­თო­ბის ქარ­ხა­ნა, სა­ქა­ჩი სად­გუ­რე­ბი, სპე­ცი­ა­ლუ­რად მოწყო­ბი­ლი ნავ­მი­სად­გო­მი და უამ­რა­ვი სა­ხე­ლოს­ნო. სხვადასხვა მონაცემით, არა­მი­ან­ცს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ჰქონ­და გახ­ს­ნი­ლი სმირ­ნა­ში (თანამედროვე დასავლეთ თურქეთში მდებარე ქალაქი იზმირი), სა­ლო­ნიკ­ში (საბერძნეთი), კონ­ს­ტან­ტი­ნო­პოლ­ში (თანამედროვე სტამბოლი), ალექ­სან­დ­რი­ა­სა და კა­ი­რო­ში (ეგვიპტე). ამის გარდა წარმომადგენლობები ჰქონდა ჩამოყალიბებული დასავლეთ ევროპისა და შორეული აღმოსავლეთის ისეთ ქალაქებში, როგორიცაა მარ­სელ­ი, ლონ­დონ­ი, ბომ­ბე­ი­ და შან­ხა­ი­.

თუმცა დროთა განმავლობაში არამიანცსა და მანთაშევს შორის ურთიერთობა დაიძაბა. კომპანიის მიერ მიღებული დიდი შემოსავალი ორ მდიდარ ადამიანს შორის განხეთქილების საგნად იქცა. მანთაშევს კომპანიაში სრული დომინირება სურდა და ამიტომაც მალულად დაიწყო თავისი კომპანიონების აქციების შესყიდვა, რაც საერთო ბიზნესიდან მათ განდევნას გამოიწვევდა. არამიანცს მოუწია გასვლა სანავთობო წამოწყებიდან და საერთოდ ქალაქ ბაქოდან უკან, ტფილისში დაბრუნება. იმ დროისათვის მისი ქონება გაყიდული აქციებიდან 10,000,000 მანეთს აღწევდა.

თუმცა აქვე აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელმაც დიდად იმოქმედა არამიანცის გადაწყვეტილებაზე, ბაქო დაეტოვებინა: პრობლემები საკუთარ ოჯახში. მის მეუღლეს, ეღი­სა­პეტს, ბა­ქო არ მოს­წონ­და და ის უფრო პრო­ვინ­ცი­ულ განუვითარებელ ად­გი­ლად მიაჩნდა. ოჯახში ხშირი იყო უთანხმოებები და არამიანცი იძულებული გახდა, დათანხმებოდა ცოლის დაჟინებულ მოთხოვნებს, ტფილისში დაბრუნებულიყვნენ. თუმცა ამასაც კი არ გაუუმჯობესებია მდგომარეობა ოჯახის შიგნით. ეღისაპეტი ქალაქის სხვადასხვა კულტურულ დაწესებულებაში არამიანცის ქონების ფლანგვას განაგრძობდა. აქ კიდევ ერთი დამამძიმებელი გარემოება იყო. ბაქოში ყოფნისას არამიანცს ხელში ჩაუვარდა მეუღლის სასიყვარულო წერილები, რამაც ის ღალატში ამხილა ბაქოს გუბერნატორის დაცვის წევრთან. უფრო მეტიც, ჯერ კიდევ 1884 წელს ტფილისიდან ბაქოში გამგზავრებამდეც არამიანცამდე მოდიოდა ბევრი ჭორი ეღისაპეტის ღალატის შესახებ.

ასე, არამიანცის ბაქოდან წასვლა ნაკარნახევი იყო როგორც გართულებული ბიზნესგარემოთი, ასევე პირადი, ოჯახური მიზეზებით. ეღისაპეტასთან ცხოვრების გაგრძელება წარმოუდგენელი გახდა და მთელი რვა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა სასამართლო დავა. პირველი ქორწინებიდან მიქაელ არამიანცს ექვსი შვილი დარჩა.

ეღი­სა­პე­ტის შემ­დეგ, ტფილისში დაბრუნებული არა­მი­ან­ცი ქალაქის იმ დროს ცნო­ბილ ლა­მაზ­მანს, ევ­გე­ნია შხი­ანცს და­უ­ახ­ლოვ­და. მართალია, არამიანცს ევ­გე­ნია ოფიციალურად ცო­ლად არ შეურთავს, თუმცა ის მას საზოგადოდ თავის მე­უღ­ლედ სახავდა. მი­ქა­ელ­მა ევგენიას ქა­ლა­ქის ცენ­ტ­რ­ში, თანამედროვე კოსტავას ქუჩის დასაწყისში, სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი აუშე­ნა. დღემდე შემორჩენილი ეს სახლი არქიტექტურული თავისებურებით გამოირჩევა. არამიანცმა შხიანცის სახლის ეზოში პარიზში სპეციალური შეკვეთით დამზადებული ბრინჯაოს ირმების სკულპტურა დადგა. თუმცა აქაც, უკვე მეორედ, არამიანცს არ გაუმართლა: ურთიერთობა ევგენიასთან ხანმოკლე გამოდგა, რადგან შხი­ან­ც­მა ის მი­ა­ტო­ვა და საყ­ვა­რელ­თან ერ­თად ტფი­ლი­სი­დან გა­იქ­ცა.

არა­მი­ან­ცის ტფი­ლის­ში საბოლოოდ გადმოსვლამ ასევე იმოქმედა მის ბიზნესსაქმიანობაზე. ამიერიდან ის არ იყო ნავთობის ბიზნესში და იძიებდა ახალ სფეროებს, სადაც დიდი ფულის შოვნას მოახერხებდა. ბევრ სხვა საქმიანობასთან ერთად მშე­ნებ­ლო­ბის ბიზ­ნესმა დიდი ადგილი დაიკავა მის ცხოვრებაში. ეს ერ­თ­გ­ვა­რი ქველ­მოქ­მე­დე­ბაც იყო და ახალი ბიზნესწამოწყებაც. მაგალითად, არამიანცმა გოლოვინის (თანამედროვე რუსთაველის გამზირი) პროსპექტზე ააგო მდიდრული სასტუმრო, რომელსაც შვილების სახელების პირველი ასოებისგან შემდგარი სახელი, “არფასტო” (არამი, ფლორა, ანა, სოლომონი, თამარა (უფროსი ვაჟის მეუღლე) და ოვანესი) უწოდა. დღეს ამ შენობაში შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტია განთავსებული.

შემდეგ არამიანცმა გოლოვინის პროსპექტზევე კიდევ უფრო გრანდიოზული პროექტის წამოწყება გადაწყვიტა. გოლოვინისა და ბარიატინსკის ქუჩების კვეთაზე ვინმე როტინოვის სახლი მდგარა, სადაც ფოტოგრაფ პეტრე განკევიჩს ატელიე ჰქონდა მოწყობილი. არამიანცმა ეს შენობა შეისყიდა და მომავალი სასტუმროს პროექტის შექმნა იმ დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ, ტფილისსა და ბაქოში ცნობილ არქიტექტორს, გაბო ტერ-მიქელოვს მიანდო. არამიანცმა ტერ-მიქელოვი ევროპაში გაამგზავრა პროექტზე სამუშაოდ. შედეგად, 1915 წელს, გოლოვინის გამზირზე აშენდა სას­ტუმ­რო “მა­ჟეს­ტი­კი”, რომელიც დღეს ჩვენთვის “თბი­ლი­სი მა­რი­ო­ტით” არის წარმოდგენილი. “მაჟესტიკის” მშენებლობა საკმაოდ ძვირი დაჯდა, რადგან არქიტექტურულად შენობა მომრგვალებული ფორმის იყო.

თუმცა თუ არამიანცის ეს ორი პროექტი ნაწილობრივ კომერციული ხასიათის იყო, მისი ყველაზე დიდი და, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი საჩუქარი იყო ტფილისისთვის პირველი თანამედროვე საავადმყოფოს აშენება.

XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ტფილისში მხოლოდ ერ­თი, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი კლი­ნი­კა მოქ­მე­დებ­და, რო­მელ­საც ხალ­ხი “მი­ხა­ი­ლოვის სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს” ეძახ­და. პატარა სივრცისა და უფრო მეტად კი პაციენტების დი­დი ნა­კა­დის გა­მო, სა­ა­ვად­მ­ყო­ფო მუდ­მი­ვად გა­დატ­ვირ­თუ­ლი იყო. XX საუკუნის დასაწყისში არსებული სტატისტიკის მიხედვით, “მიხაილოვის საავადმყოფო” ყოველწლიურად დაახლოებით 6 000 პაციენტს ეუბნებოდა უარს მკურნალობაზე დაწესებულებაში ადგილების სიმცირის გამო. ტფილისში შეუძლებელი იყო ნორმალური სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მიღება. შესაბამისად, ახალი სამედიცინო დაწესებულება ქალაქის პირდაპირ საჭიროებას წარმოადგენდა. იმ დროს ტფილისის თავი ალექსანდრ არღუთინსკი-დოლგორუკი იყო, რომელიც ბაქოში 1902 წელს მიქაელ არამიანცთან გამართულ საუბარს იხსენებდა: 

“– რა სჭირდება ახლა ყველაზე მეტად ტფილისს? – მკითხა არამიანცმა.

– ქალაქს ბევრი რამე სჭირდება, მაგრამ უმთავრესი საავადმყოფოა. მიხაილოვის საავადმყოფოს ქალაქი ინახავს და ვალდებულია, მთელ მხარეს მოემსახუროს. ამადაც ბუნებრივია, რომ სნეულების მეათედსაც ვერ ართმევს თავს. ქალაქს კი ახალი საავადმყოფოსთვის ფული არ აქვს…”

ამ საუბრიდან ერთი წლის თავზე, 14 აპრილს ქალაქის უკვე ყოფილი თავისთვის მიწერილ წერილში არამიანცი იუწყებოდა: “მაქვს პატივი, ვაცნობო თქვენს ბრწყინვალებასა, რომ ქალაქის საავადმყოფოს მშენებლობას 100,000 მანეთს ვწირავ”. მშენებლობის დაფინანსების სანაცვლოდ არამიანცს სურდა, რომ საავადმყოფოს მისი სახელი დარქმეოდა.

საავადმყოფო რამდენიმე წლის განმავლობაში არქიტექტორ პავლე ზურაბიანის ხელმძღვანელობით შენდებოდა. მიუხედავად შემოწირულებისა, მშენებლობის საქმე ჭიანურდებოდა. მაგალითად, იმდროინდელ გაზეთებში გამოითქვა წუხილი, რომ ვერ ხერხდებოდა დროულად საავადმყოფოს არქიტექტურული გეგმის შემუშავება. ასე, პირველი გეგმის მიხედვით, შენობა 100,000 მანეთის ნაცვლად 140,000 მანეთამდე დაჯდებოდა, რამაც გამოიწვია საქმის გადადება, რათა ახალი შედარებით იაფი პროექტი შემუშავებულიყო.

საინტერესოა, რა ვნებათაღელვა გამოიწვია თავიდან არამიანცის მიერ 100,000 მანეთის შეწირვამ. მაგალითად, ტფილისის ქალაქის საბჭო დიდი ხნის განმავლობაში ბჭობდა იმაზე, თუ როგორ უნდა დაეხარჯათ აღნიშნული თანხა. ყველა თანხმდებოდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო საავადმყოფო, თუმცა საბჭოს წევრები ვერ თანხმდებოდნენ, უნდა ყოფილიყო ეს მხოლოდ “შინაგან სნეულებათა საავადმყოფო” თუ მასში ქირურგიული განყოფილებაც მოიაზრებოდა. მესამე ჯგუფი კი ფიქრობდა, რომ “შეშლილთა და სულით დავრდუმილთა საავადმყოფო უფრო საჭიროა ქალაქისთვისაო”. ამ უკანასკნელი მოსაზრების მთავარი მომხრე იყო საბჭოს წევრი, ექიმი მ. გედევანიშვილი. საბოლოოდ გაადაწყდა, რომ “შინაგან სნეულებით ავადმყოფთა სამკურნალო” გახსნილიყო.  

საბოლოოდ საავადმყოფო 1909 წლის დეკემბერში უნდა გახსნილიყო, თუმცა, როგორც ჩანს, 1910 წლის თებერვალში ამუშავდა. არამიანცის შემოწირულებით მთელი ქალაქი–საავადმყოფო აშენდა რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებით. არამიანცი საკუთარი სახსრებით ინახავდა შენობას, ავადმყოფების მკურნალობის საფასურს იხდიდა და თანამშრომლების ხელფასებსაც თავად უზრუნველყოფდა. ე. წ. “არამიანცის საავადმყოფოში” ევ­რო­პი­დან რენ­ტ­გე­ნის აპა­რა­ტიც კი ჩა­მო­ი­ტა­ნეს, რო­მე­ლიც იმდროინდელ მე­ფის რუ­სეთ­ში ძნელად თუ მოიპოვებოდა. უახლესი სამედიცინო ტექნიკის ყიდვა 250,000 მანეთი დაჯდა. თავდაპირველად კოპლექსი 100-120 პაციენტზე იყო გათვლილი, თუმცა სხვა მონაცემების მიხედვით, ახალ საავადმყოფოში 300-მდე ადგილი უნდა მოეწყოთ.

საავადმყოფოს დაგეგმარება განსაკუთრებული იყო და, მაგალითად, ქალაქში ეპიდემიის შემთხვევაში შესაძლებელი იყო საავადმყოფოს ოთხ იზოლირებულ ნაწილად დაყოფა. საავადმყოფოს ასევე გააჩნდა თავისი დამოუკიდებელი ელექტროსადგური, ცენტრალური გათბობა, სავენტილაციო სისტემა, სამზარეულოები და პროზექტურა.

სხვადასხვა მონაცემის გამოთვლით, “არამიანცის საავადმყოფოს” აშენება-აღჭურვაზე დაახლოებით 500,000 მანეთამდე დაიხარჯა.

1919 წლის 14 მა­ისს ტფი­ლი­სის რუ­სუ­ლე­ნო­ვან­მა გა­ზეთ­მა “გრუ­ზი­ამ” კრი­მი­ნა­ლუ­რი ქრო­ნი­კის სვეტ­ში ერ­თი პა­ტა­რა ინ­ფორ­მა­ცია და­ბეჭ­და, რო­მე­ლიც ადამიანის გა­ტა­ცე­ბას ეხე­ბო­და:

“ა­მა წლის 12 მა­ისს, და­ახ­ლო­ე­ბით სა­ღა­მოს 8 სა­ათ­ზე, სერ­გის ქუ­ჩა­ზე (დღე­ვან­დე­ლი მა­ჩა­ბლის ქუჩა – ე. ა.) სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან გა­მო­ვი­და ვა­ჭა­რი არა­მი­ან­ცი, რო­მე­ლიც საქ­მე­ებ­ზე მი­ე­მარ­თე­ბო­და. ლერ­მონ­ტო­ვი­სა და სერ­გის ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ზე იგი თავ­დას­ხ­მის მსხვერ­პ­ლი გახ­და. უც­ნობ­მა პი­რებ­მა არა­მი­ანცს ხე­ლი სტა­ცეს და იქ­ვე გა­ჩე­რე­ბულ ავ­ტო­მო­ბილ­ში შე­აგ­დეს. შემ­დეგ ავ­ტო­მო­ბი­ლი სწრა­ფად გა­ქან­და და გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­უ­ჩი­ნარ­და. რო­გორც შემ­თხ­ვე­ვის ად­გი­ლას მი­სულ მი­ლი­ცი­ე­ლებს თვით­მ­ხილ­ვე­ლებ­მა გა­ნუცხა­დეს, გამ­ტა­ცე­ბელ­თა ბან­დამ არა­მი­ან­ცი მან­ქა­ნა­ში იარა­ღის მუ­ქა­რით ჩას­ვა. ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ის არის ცნო­ბი­ლი, რომ ყა­ჩა­ღე­ბი სამ­ნი იყ­ვ­ნენ. მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ისიც შე­ნიშ­ნეს, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლის ნო­მე­რი იყო 19”.

ქა­ლა­ქის მი­ლი­ცი­ამ არა­მი­ან­ცის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის ზო­მე­ბი მი­ი­ღო. სწრა­ფად მი­აგ­ნეს და და­ა­კა­ვეს ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი, ვინ­მე ერ­ნესტ კრონ­ტა­ლი. მძღო­ლის ჩვე­ნე­ბით, არა­მი­ან­ცი გამ­ტა­ცებ­ლებ­მა ტფილისში, თანამედროვე კუ­კი­ის სა­საფ­ლა­ოს მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნეს. გამტაცებელთა აღ­მო­სა­ჩე­ნად მი­ლი­ცი­ამ ღა­მით ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ონ­ში ტო­ტა­ლუ­რი ჩხრე­კა ჩა­ა­ტა­რა და რამ­დე­ნი­მე სა­ეჭ­ვო პი­რი და­ა­კა­ვა. გა­ზე­თე­ბი არ წერ­დ­ნენ, რა ვი­თა­რე­ბა­ში მო­ხერ­ხ­და არა­მი­ან­ცის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. მხო­ლოდ ის არის ცნო­ბი­ლი, რომ ყა­ჩა­ღებ­მა ვა­ჭა­რი გა­ტა­ცე­ბი­დან ერ­თი დღის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

იმა­ვე დღეს, ტფი­ლი­სის სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის მი­ლი­ცი­ის უფ­როს­მა, ფა­ჩუ­ლი­ამ არა­მი­ან­ცი და­კითხა, მაგ­რამ მის­გან რა­ი­მე ხელ­ჩა­სა­ჭი­დი ინ­ფორ­მა­ცია ვერ მი­ი­ღო. არა­მი­ან­ცი ამ­ბობ­და, რომ გამ­ტა­ცებ­ლებს არ იც­ნობ­და, მა­თი გა­რეგ­ნო­ბა ვერ და­ი­მახ­სოვ­რა და ამ­დე­ნად, ბო­როტ­მოქ­მედ­თა ამოც­ნო­ბას ვერ შეძ­ლებ­და. არამიანცი ამტკიცებდა, რომ მას მხო­ლოდ 14 ათა­სი რუბ­ლი წა­არ­თ­ვეს, ხო­ლო ოქ­როს სა­ა­თი და ბრი­ლი­ან­ტე­ბით მო­ჭე­დი­ლი სამ­კა­უ­ლი უკან და­უბ­რუ­ნეს.

მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი მწი­რი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა, მი­ლი­ცი­ამ ძებ­ნა გა­ნაგ­რ­ძო და ჭი­ა­თუ­რა­ში, არა­მი­ან­ცის ერთ-ერ­თი გამ­ტა­ცე­ბე­ლი, ლა­ცია ლო­ლა­ძე და­ა­კა­ვა, რო­მე­ლიც ტფი­ლის­ში გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი დაც­ვის თანხლებით ჩა­მო­იყ­ვა­ნეს. ცო­ტა ხან­ში დად­გინ­და გამტაცებელთა ჯგუფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის ვი­ნა­ო­ბაც – ეს იყო ცნო­ბი­ლი ყა­ჩა­ღი, ფი­რა­ნა ზან­დუ­კე­ლი.

“ტფი­ლი­სის მი­ლი­ცი­ის უფ­როსს მო­უ­ვი­და ცნო­ბა, რომ ცნო­ბი­ლი ყა­ჩა­ღი ზან­დუ­კე­ლი, რო­მელ­საც ბრალ­დე­ბო­და აუარე­ბე­ლი და­ნა­შა­უ­ლი – მი­ლი­ცი­ე­ლის და გვარ­დი­ე­ლის მოკ­ვ­ლა, არა­მი­ან­ცის მო­ტა­ცე­ბა და სხვა, იმა­ლე­ბო­და ჯვრის მო­ნას­ტერ­ში (მცხე­თის რა­ი­ონ­ში). მის და­სა­ჭე­რათ, 7 ივ­ნისს, ნა­შუ­ა­ღა­მე­ვის პირ­ვე­ლის ნა­ხე­ვარ­ზედ ტფი­ლი­სი­დან 2 ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­ემ­გ­ზავ­რ­ნენ მი­ლი­ცი­ე­ლე­ბი. მი­ლი­ცი­ის უფ­რო­სის სუ­ლაქ­ვე­ლი­ძის, სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის უფ­რო­სის ფა­ჩუ­ლი­ას და სა­გან­გე­ბო რაზ­მის უფ­რო­სის კე­დი­ას მე­თა­უ­რო­ბით. რაზ­მ­მა ალ­ყა შე­მო­არ­ტყა ჯვრის მო­ნას­ტერს. გაჩხ­რი­კეს ბერ­თა ბი­ნა, მაგ­რამ ზან­დუ­კე­ლი არ აღ­მოჩ­ნ­და. და­ი­კითხა ბე­რი ილა­რი­ო­ნი (ე­რო­ბა­ში ილია ოზაშ­ვი­ლი), რო­მე­ლიც ეკ­ლე­სი­ას სდა­რა­ჯობ­და. მან კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ჰ­ყო მო­ნას­ტერ­ში ვინ­მეს ყოფ­ნა”.

ეს ერთადერთი გატაცება არ ყოფილა არამიანცების ოჯახში. ჯერ კი­დევ 1907 წელს, ბო­როტ­მოქ­მე­დებ­მა მი­სი შვი­ლი, სო­ლო­მო­ნი გა­ი­ტა­ცეს. არა­მი­ან­ც­მა მის და­სახ­ს­ნე­ლად 100 ათა­სი რუბ­ლი გა­და­ი­ხა­და, თუმცა ოჯახის თავს უეცრად დამტყდარი ქარტეხილები ამით არ ამოწურულა. 1908 წელს, მიუხედავად საუკეთესო საექიმო დახმარებისა, მიქაელის მეორე ვაჟი, ოვანესი გარდაიცვალა. წყალი შეუდგა ოჯახის ქონებასაც.

1910-იან წლებში საქართველოში ბიზნესი სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. მხოლოდ ძირფესვიანი შიდა ან საგარეო პოლიტიკური ცვლილებები თუ გამოიწვევდა ამ პროცესის შეჩერებას. სამწუხაროდ, რუსეთის იმპერიისთვის და კერძოდ საქართველოსთვის ასეთი მოვლენა პირველი მსოფლიო ომი და უმეტესწილად ამით გამოწვეული რუსეთის 1917 წლის თებერვლისა და ოქტომბრის ბოლშევიკური რევოლუციები იყო. ეს არ ჰგავდა ზემოთ ნახსენებ, არამიანცის მიერ 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად შემცირებულ ქონებას.

1914-1917 წლების მდგომარეობა განსხვავებული იყო, რადგან არა მარტო მცირდებოდა სავაჭრო ბრუნვა მეზობელ ქვეყნებთან დაკეტილი საზღვრების გამო, არამედ 1917 წლიდან შეიცვალა რუსეთის იმპერიაში არსებული სოციალური წესრიგი, რომელშიც მდიდარი ადამიანები ნეგატიურად აღიქმებოდნენ, 1921 წელს საქართველოში ბოლშევიკური რუსეთის შესვლის შემდეგ კი მათი ქონება მთლიანად ან ნაწილობრივ დაექვემდებარა ექსპროპრიაციას.

არამიანცი არ იყო გამონაკლისი და 1918-1921 წლებში სა­ქარ­თ­ვე­ლოს სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა მთავ­რო­ბამ მას სას­ტუმ­რო­ე­ბი და სახ­ლე­ბი ჩა­მო­არ­თ­ვა. გო­ლო­ვი­ნის პროსპექტზე მდე­ბა­რე მის სასტუმროებში 1918 წელს ჯერ გერ­მა­ნია-კავ­კა­სი­ის სა­ვაჭ­რო ბან­კი გახ­ს­ნეს, 1919 წელს კი პროფ­კავ­ში­რებს გა­დას­ცეს. არა­მი­ანცს მხო­ლოდ სერ­გის 4 ნო­მერ­ში მდე­ბა­რე სახ­ლი დარ­ჩა. არამიანცის ქონებას ტფილისის გარეთაც უქმნიდნენ პრობლემებს. 1918 წლის 1 მარტს გაზეთი “ერთობა” იუწყებოდა, რომ ბორჩალოს მაზრაში (სამხრეთი საქართველო) დაიწყო მდიდარი ადამიანების მამულების დარბევა. მათ რიცხვში იყვნენ სუმბათოვის, მელიქოვებისა და არამიანცის სახლები.

1921 წელს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ არა­მი­ან­ცი სერ­გის ქუ­ჩი­და­ნაც გა­მო­აგ­დეს. მი­ქა­ელს სა­კუ­თარ სახ­ლ­ში მხო­ლოდ პა­ტა­რა სარ­და­ფი შერ­ჩა, სა­დაც შვი­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და.

ტფი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე, ვა­ჭარ­თა უმაღ­ლე­სი გილ­დი­ის წევ­რი მი­ქა­ელ არა­მი­ან­ცი, რომ­ლის ქო­ნე­ბაც ოდესღაც მი­ლი­ო­ნებს შე­ად­გენ­და, 1924 წელს ტფილისში გარ­და­იც­ვა­ლა. არამიანცი ხოჯე­ვა­ნქის სომ­ხურ სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რ­ძა­ლეს. თუმცა მოგვიანებით სა­საფ­ლა­ოს დანგრევის შემდეგ არა­მი­ან­ცის საფ­ლა­ვი სა­მუ­და­მოდ და­ი­კარ­გა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *