კონჩიტებს გაზაფხულზე ითვლიან, პარტიებს - შემოდგომაზე

კონჩიტებს გაზაფხულზე ითვლიან, პარტიებს - შემოდგომაზე

ადგილობრივ პოლიტიკას, ამინდისგან განსხვავებით, გარდამავალი სეზონიც აქვს და მაისში სწორედ ამ სეზონში შევაბიჯეთ – NDI-ის ბოლო გამოკითხვის შედეგებმა პოლიტიკურად აქტიური ქართველების წარმოსახვაში 2016 წლის არჩევნების პირველი კონტურები მოხაზა. უკვე ყალიბდება გარკვეული წარმოდგენები შემდეგი პარლამენტის შემადგენლობაზე – მოსალოდნელია, ის ამჟამინდელზე უფრო მრავალფეროვანი იყოს, ერთი დომინანტი ძალის გარეშე, და პარლამენტის შიგნით სხვადასხვა სუბიექტის ტაქტიკური თანამშრომლობა ვიხილოთ. კონკრეტული სახეების ჩახაზვა ამ ზოგად კონტურებში ჯერ რთულია.

ნაციონალური მოძრაობიდან სამი ცნობადი და ერთი გავლენიანი პარლამენტარის გამოყოფამ, ახალი პარტიის დაარსების ამბიციით, შეიძლება ითქვას, გარდამავალი პოლიტიკური სეზონის დადგომა ძველი კალენდრით გვაუწყა (ეს ამბავი NDI-ის მიერ პოლიტიკური ძალების რეიტინგების გამოქვეყნებიდან ორ კვირაში, 25 მაისს გამოაშკარავდა). ეს ზუსტად ის ვადაა, რომელიც ქართველს ნებისმიერი ეტაპის (ახალი წლის, ზაფხულის, ან თუნდაც სასწავლო წლის) დადგომაში დასარწმუნებლად სჭირდება.

პოლიტიკური ძალების NDI-ის რეიტინგი პირდაპირ მოასწავებს მოვლენებით მდიდარ გარდამავალ სეზონს: პირველ ადგილზე მყოფი ქართული ოცნებისთვის ხმის მიცემას არჩევნებზე მიმსვლელთა სულ 24% – ანუ გამოკითხულთა 13% – აპირებს, ნაციონალური მოძრაობისთვის – 16%, თავისუფალი დემოკრატები და პატრიოტთა ალიანსი ბარიერის ზღვარზე მერყეობენ, 45% კი ყველას წინააღმდეგი ან მერყევია. ამ ფონზე, წარმოუდგენელია, ახალმა თუ კარგად დავიწყებულმა ძველმა სუბიექტებმა არ სცადონ ხილვად პოლიტიკურ სპექტრში დამკვიდრება. ჯაფარიძე-კუბლაშვილი-ხაჩიძე-მელაძე (რომელთა პოლიტიკურ პროექტს ჯერ საბოლოო სახელიც არ აქვს) ნამდვილად არ იქნებიან ამ მცდელობაში ერთადერთნი. წესით, უახლოეს თვეებში მოვლენები ინტენსიურად უნდა განვითარდეს – არჩევნებამდე არც იმდენი დროა დარჩენილი, რომ პოლიტიკოსები ბურიდანის ვირის როლში დიდი ხნით შეყოვნდნენ გზაგასაყართან. თუმცა საქართველოს პატარა და ჩამოუყალიბებელ ბაზარზე, სადაც ერთ კაცს სახელმწიფო ბიუჯეტის თანაზომადი ფინანსური დასტა უჭირავს, მეორეს კი სამშობლოზე ათჯერ დიდ ქვეყანაში ხვდება კოზირები, კარტების არევა ნებისმიერ მომენტშია მოსალოდნელი.

ამ სამმაგი პოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე, ქვეყნის ბედზე მოფიქრალთა წარმოსახვას იოლად იტაცებს ბევრად მსუბუქი, მაგრამ მოკლე დროში კონკრეტული შედეგით დასრულებადი ამბები.

დანადან კონჩიტამდე

ევროვიზიას, საბედნიეროდ, არათუ გლობალურ პოლიტიკურ პროცესებზე ან მსოფლიო ხელოვნების განვითარებაზე, შოუბიზნესზეც კი არა აქვს მნიშვნელოვანი გავლენა. ეს კონკურსი უკვე 60 წელია, რაც ტარდება, მაგრამ ევროპის ათეულობით ყველაზე გაყიდვად პოპმუსიკოსს შორის მხოლოდ შვედური ABBA-ა მისი მონაწილე და გამარჯვებული (ისიც 41 წლის წინ). ევროვიზია იმ ტიპის თვისებრივად უმნიშვნელო, მაგრამ გარეგნულად ხმაურიანი მოვლენაა, რომლის უდიდესი სარგებელიც აჟიოტაჟიდან გამოსატანი ირიბი დასკვნებია.

სანამ წლევანდელი ევროვიზიის პატარა ტკივილებს მივადგებით, 2014 წლის ევროვიზია გავიხსენოთ, რომლის ყველა ასპექტიც ქალური სილუეტითა და კაცური წვერით (თუ გაუპარსაობით) ცნობილმა კონჩიტა ვურსტმა გადაფარა. რა გვასწავლა კონჩიტას გამარჯვებამ? ზოგისთვის ეს დიდი ნაბიჯი იყო თანასწორუფლებიანობისა და ტოლერანტობისთვის ბრძოლაში. ზოგისთვის ევროპის გარყვნისა და ზნეობრივი დეგრადაციის საბოლოო მტკიცებულება – ბუნებრივია, ამაზე ქულების დაწერას ყველაზე აქტიურად კრემლი ცდილობდა. პუტინის მესიჯი მარტივი და იაფია: ჩვენ კარგს არაფერს გპირდებით, მაგრამ თუ ევროპას დაუახლოვდებით, კონჩიტები წაგლეკავენ.

აქ ისევ ლიბერალური არასამთავრობოებისთვის არაპოპულარული პოზიცია უნდა დავიკავო. კრემლის ლგბტ-თამაშში აყოლა “სასარგებლო იდიოტობაა”: ადამიანებმა არ უნდა დაიჯერონ, რომ მთავარი განსხვავება პუტინის რეჟიმსა და დასავლეთს შორის მართლაც ლგბტ თემის მიმართ დამოკიდებულებაა. რუსული პროპაგანდის მიზანი სწორედ ესაა. ლგბტ საკითხებზე ფოკუსირებით, უკანა პლანზე გადადის პუტინისტური წყობილების ისეთი ცოდვები, როგორიცაა ტოტალური კორუფცია, ნეონაციზმის მომძლავრება, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების უსირცხვილო ხოცვა, ნარკოტიკების, პროსტიტუციისა და პედოფილიის შავი ბაზარი, ჩეჩნური წინააღმდეგობის სისხლში ჩახშობა და ეთნოწმენდა საქართველოში. კონჩიტას წვერით დაშინების თავხედურ მცდელობებს არათუ ამ საკითხების მივიწყებით, მათზე ყურადღების ათმაგად გამახვილებით უნდა ვუპასუხოთ.

ევროვიზიის ისტორიაშივეა იმის კიდევ ერთი ნათელი ილუსტრაცია, რომ ლგბტ საკითხი კრემლისთვის მხოლოდ ტაქტიკური იარაღია და არა გულწრფელი თავსატკივარი. 1998 წელს ევროვიზიის კონკურსი ისრაელის წარმომადგენელმა, დანა ინტერნეიშენელმა მოიგო. ფართოდ გახდა ცნობილი, მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცეშიც, რომ დანა სქესშეცვლილი ტრანსსექსუალი იყო. გახსოვთ, რუსულ მედიასა და მის ქართულ სატელიტებს დანას გამარჯვების უკან დიდი ზნეობრივი საფრთხეები და შეთქმულებები დაენახათ, და ამაზე პოლიტიკური კამპანია აეგოთ? არც მე.

ევროვიზიის პოლიტარითმეტიკა

2015 წლის ევროვიზიას რაც შეეხება: აქ ქართველების მხრიდან ორი ძირითადი წუხილი გამოიკვეთა – “ევროპა რუსულ გაზზე გაიყიდა” და “ევროპას ვკიდივართ”. ერთიანი ფორმით: “ჩვენ ევროპას ვეტენებით, ევროპა კი – რუსეთს”. კონკურსის დღეს სოციალურ ქსელებში იმხელა აჟიოტაჟი იყო, რომ ჩემთვის სხვამხრივ სრულიად უინტერესო კონკურსის ზოგიერთი დეტალით დავინტერესდი. დასკვნები? ნუ გექნება ზედმეტი მოლოდინები, ნუ აკეთებ ზედმეტად შორსმიმავალ დასკვნებს კონკურსების შედეგებიდან, და თუ მაინც მიგაქვს გულთან ახლოს, ეცადე, უფრო ღრმად გაერკვე რიცხვებში.

პოლინა გაგარინას სიმღერა “მილიონი ხმა”, რომლის ტექსტიც, სცენაზე გამოსულთა ქათქათა თეთრ ტანსაცმელთან ერთად, მთლიანად ყალბ პაციფიზმს განასახიერებდა, დიდი ცინიზმი იყო იმათთვის, ვინც ევროვიზიას, რუსული სამხედრო აგრესიის წყალობით, საკუთარი სახლებისგან ასეულობით კილომეტრში აკვირდებოდა. ცხადია, პოლიტიკურად გაცნობიერებულ ადამიანს ამ იაფფასიანი შოუსთვის მხარი არ უნდა დაეჭირა, შესაძლოა, ბოიკოტიც კი გამოეცხადებინა. სრულიად ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ დასავლეთში საკმარისად კრიტიკულები არ არიან რუსეთის პოლიტიკის მიმართ – ამაზე მაისის სვეტშიც დავწერე. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ევროვიზიაზე მიღებულ ქულებს არაფერი აქვს საერთო რეპრეზენტაციულ (მთელი საზოგადოების განწყობების ამსახველ) სოციოლოგიურ კვლევებთან.

ალბათ უკვე ყველა მკითხველმა იცის, რომ ევროვიზიის ქულები ორი კომპონენტისგან შედგება: ჟიურის შეფასება და მაყურებელთა ხმები (ყველა ქვეყნიდან, კონკურსანტი ქვეყნის გარდა). არსებობს რთული ფაქტორები, რის გამოც მაყურებელთა ხმები შესაძლოა რომელიმე ქვეყნის სასარგებლოდ გადაიხაროს. მაგალითად, რაც უფრო დიდი დიასპორა ჰყავს ქვეყანას, მით უფრო მეტმა ადამიანმა შეიძლება დაუჭიროს მხარი პატრიოტული მოსაზრებით. აქტიური დიასპორის ხმას კრიტიკულად განწყობილი უმრავლესობაც ვერ ჩაახშობს, თუ, დიასპორის მსგავსად, ერთი ფავორიტი არ ეყოლება. ბევრ ნეიტრალურ მაყურებელს შესაძლოა გულწრფელად სჯეროდეს, რომ ევროვიზიას არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან.

და მაინც, თუ ქულების ცხრილს ჩავუღრმავდებით, აღმოჩნდება რომ “მშრალი” რიცხვებიც არ იძლევა საფუძველს დასავლეთევროპელ მაყურებლებს დავაბრალოთ გაგარინას შოუს “გაქაჩვა”.

ცხრილში 18-ვე ქვეყანა შევიტანეთ, სადაც რუსული სიმღერა ზარებით პირველ სამეულში მოხვდა (სულ შეფასებაში 40 ქვეყანა მონაწილეობდა). “მილიონ ხმას” 6 ქვეყანაში მიანიჭეს პირველი ადგილი და მათგან არც ერთია დასავლეთევროპული. გერმანიაში, სადაც ასევე გამორჩეულად დიდი რუსულენოვანი დიასპორაა, გაგარინა მაყურებლების ხმებით მეორეზე გავიდა – ანუ იმავე პოზიციაზე, რაზეც საქართველოში. საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში ის მეშვიდე ადგილს დასჯერდა.

ჟიურის შეფასებების მიხედვით, იმ ევროპული ქვენებიდან, რომლებიც კომუნისტურ ბანაკს არ ეკუთვნოდა, გაგარინა პირველ ადგილზე მხოლოდ ესპანეთმა და დანიამ გაიყვანეს. “გაზზე გაყიდული” გერმანიისა და საფრანგეთის ჟიურიმ, შესაბამისად, მეოთხე და მეხუთე ადგილი მიანიჭა, ბრიტანეთისამ – მეექვსე, იტალიისამ – მერვე. ჯამური შეფასებები უფრო მაღალი აღმოჩნდა, თუმცა ეს დიდწილად მაყურებლებისა და ჟიურის ქულების კომბინაციებმა განაპირობა, რის ახსნასაც აღარ ჩავუღრმავდები (მხოლოდ ერთი მაგალითი: გერმანული ჟიურის ხუთივე წევრმა პირველი ადგილი ლატვიას მიანიჭა, მაგრამ მაყურებლების ხმებით ლატვიური სიმღერა მეთორმეტეს დასჯერდა. შედეგად: ჯამური მეხუთე).

დაჩაგრეს თუ არა ქართველი კონკურსანტი? ამაზე დარწმუნებით რომ ვილაპარაკოთ, ევროვიზიის ჟიურის კრიტერიუმები უნდა შევისწავლოთ (თუკი ასეთები არსებობს). მაყურებლების ზარებით ობიექტური შეფასების მიღების მოლოდინი, უბრალოდ, სისულელეა. დიასპორების სიდიდე და ქვეყნების ცნობადობა რეალობაა, რიგითი მაყურებლის მუსიკალური კომპეტენცია – მითი. არც ის უნდა მივიღოთ შეურაცხყოფად, რომ რიგითი დასავლეთევროპელი არ გრძნობს ვალდებულებას ნინა სუბლატის გამარჯვებაზე ზრუნვით გამოხატოს საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა. აბა, გაიხსენეთ, ბოლოს როდის გამოხატეთ ევროვიზიის ზარებით ტერიტორიული პრობლემების მქონე კვიპროსის, ან თუნდაც მოლდოვის თანადგომა. შედეგების მშვიდად მიღებისთვის ისიც კმარა, რომ 27-დან 16-მა ფინალისტმა საქართველოზე ნაკლები ქულა მიიღო.

მოკლედ, ევროვიზიაზე გაბრაზება არ ღირს. თუ მისი თამაშის წესები არ გვაწყობს, საერთოდ უარი ვთქვათ მონაწილეობაზე. პოლიტიკურ ბრძოლებს რაც შეეხება: ჯერ აბაშიძე- კარასინის ფორმატს მივხედოთ და შემდეგ მივადგეთ დანიიდან მდარე მუსიკალურ კონკურსზე მდარე მუსიკის შესაფასებლად წარგზავნილ, ხუთი მდარე მუსიკოსისგან შემდგარ ჟიურის.

საერთოდაც, რაც უფრო ჩამორჩენილია ქვეყანა, მით უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სპორტულ და საკონკურსო მიღწევებს. როდესაც სულ მოსახლეზე მშპ-თი ათჯერ გისწრებენ, რაღაცით ხომ უნდა დაიმშვიდო თავი? ასე რომ, ვიოცნებოთ იმ დღეზე, როდესაც ევროვიზიაზე ნული ქულაც არ შეგვაშინებს, და არც მსოფლიო სარაგბო რეიტინგში ერთი პუნქტით დაწინაურება აგვაღელვებს დიდად.