კონტინენტური სისტემა: ნაპოლეონი ბრიტანეთის წინააღმდეგ

კონტინენტური სისტემა: ნაპოლეონი ბრიტანეთის წინააღმდეგ

ნაპოლეონის მიერ კონტინენტური სისტემის შემოღება საფრანგეთის რევოლუციისა და ნაპოლეონის პერიოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. კონტინენტურ ევროპაში ძლიერების პიკზე მყოფი ფრანგთა იმპერატორი, რომელსაც არ შეეძლო, იარაღის ძალით გადაეწყვიტა ინგლისთან ომის ბედი, შეეცადა ეკონომიკურად გაენადგურებინა ანტიფრანგული კოალიციების ეს მთავარი დამფინანსებელი. „მინდა ზღვა ხმელეთის ძალით დავიპყრო“ – უთქვამს ნაპოლეონს. მაგრამ როგორ განხორციელდა ამ მასშტაბის პროექტი და რა შედეგები მოჰყვა მას?

საფრანგეთის რევოლუციისა და ნაპოლეონის ეპოქაში ინგლის-საფრანგეთის საუკუნოვანი კონფლიქტი ახალ ეტაპზე გადავიდა. ამ ქვეყნებს შორის ომი, მცირე შესვენებებით, 1688 წლიდან მიმდინარეობდა, როცა ორი მხარე ერთმანეთის წინააღმდეგ დიდი ალიანსის ანუ ცხრაწლიან ომში (1688-1697 წწ) ჩაება. მას შემდეგ ორივე მხარე მიმართავდა სავაჭრო შეზღუდვებს, ტარიფების დაწესებასა და ბლოკადას ერთმანეთის წინააღმდეგ. ბრიტანეთში, ამ მსხვილ კოლონიურ იმპერიაში, მალე გააცნობიერეს, რამდენად დიდი უპირატესობა ჰქონდათ მდიდარ კოლონიებს საზღვაო საქმის განვითარებისა და უძლიერესი ფლოტის წყალობით, ვინაიდან საზღვაო კომერცია სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო მთელი ევროპისთვის, მათ შორის, საფრანგეთისთვისაც. ამავე დროს, ევროპის ქვეყნებს შორის, ბრიტანული ეკონომიკა ყველაზე სწრაფად ხდებოდა ინდუსტრიული. ნაპოლეონის წარმატებულ სამხედრო კამპანიებთან ერთად, საფრანგეთი ევროპის უფრო და უფრო მეტ ნაწილს, მათ შორის სანაპირო ზოლს, იკავებდა, შესაბამისად, ბრიტანული ფლოტისთვის უფრო რთული გახდა სანაპიროების კონტროლი. ფრანგები ხმელეთზე დომინირებდნენ, მაგრამ აკლდათ ძლიერი ფლოტი, რათა ბრიტანელებს ზღვაზე დაპირისპირებოდნენ; ბრიტანეთი კი პირიქით – ზღვაზე დომინირებდა, მაგრამ ხმელეთზე არ შეეძლო ნაპოლეონის დამარცხება. ფრანგებს ვერ გადაჰყავდათ ჯარი ინგლისში ფლოტის სისუსტის გამო, ინგლისელები კი, თავიანთი მცირერიცხოვანი და შედარებით სუსტი არმიით, ვერ ბედავდნენ კონტინენტზე ომს. შესაბამისად, მათ შორის კონფლიქტი, გარკვეული პერიოდით, ჩიხში შევიდა.

კონტინენტურ სისტემას ზოგიერთი ისტორიკოსი ნაპოლეონის ერთ-ერთ უდიდეს შეცდომას უწოდებს, თუმცა რეალურად ეს ნაბიჯი სულაც არ იყო ასეთი უგუნური. პრუსიელი სამხედრო თეორეტიკოსის, კარლ ფონ კლაუზევიცის სიტყვები რომ გამოვიყენოთ, ეს იყო „ომი სხვა საშუალებებით“ – ეკონომიკური ზეწოლით სამხედრო-პოლიტიკური პრობლემის გადასაწყვეტად. ეს იყო ნაცადი, ტრადიციული მეთოდის გამოყენება, რომელსაც ნაპოლეონის ძალაუფლებაში მოსვლამდე დიდი ხნით ადრე უკვე იყენებდნენ. გაბატონებული მერკანტილური ეკონომიკური დოქტრინის მიხედვით, სიმდიდრე ქვეყანამ სხვა ქვეყნისგან დადებითი სავაჭრო ბალანსის მიღწევით უნდა მოიხვეჭოს. ორივე – ბრიტანეთი და საფრანგეთი – იღვწოდა ამისთვის. საფრანგეთის რევოლუციური ომების დაწყებამ კიდევ უფრო გაამძაფრა ეკონომიკური მეტოქეობა. ფრანგული დიპლომატიის წყალობით, ბრიტანულ ვაჭრობას რიგი შეზღუდვები შეეხო ნორვეგიიდან სამხრეთ იტალიის ნაპირებამდე. 1802 წელს ამიენის ზავმა ეს პირველი კონტინენტური სისტემა დაასრულა.

ამიენის ზავი ხანმოკლე აღმოჩნდა. ერთ წელიწადში ომი ისევ განახლდა და ორივე მხარემ განაახლა ბლოკადა ერთმანეთის წინააღმდეგ. პირველად ინგლისმა მიიღო ამგვარი ზომები და ბრიტანეთის პორტებში მდგარი ყველა ფრანგული ხომალდი შეიპყრო. ამას მოჰყვა ფრანგული პორტების ბლოკადა და სხვა შეზღუდვები კომერციაზე. ფრანგებმაც შესაბამისად უპასუხეს, მაგრამ მალე, 1805 წელს, ტრაფალგარის ბრძოლაში ფრანგული ფლოტის გამანადგურებელი მარცხისა და კოლონიური პოლიტიკის, ფაქტობრივად, იძულებითი მიტოვების შემდეგ, ნაპოლეონის დაწესებული ეს შეზღუდვები ნაკლებეფექტიანი გამოდგა. ნაპოლეონი მალევე დარწმუნდა, რომ ბრიტანეთის დაჩოქების ერთადერთი გზა კუნძულის კონტინენტისგან სრულად მოწყვეტა და მათთან ყოველგვარი ვაჭრობის აკრძალვა იყო. ამ გზით, საფრანგეთი უმძიმეს დარტყმას მიაყენებდა ბრიტანულ ეკონომიკას, გამოიწვევდა შიდა არეულობას, სოციალურ პრობლემებს და მნიშვნელოვნად დაასუსტებდა ქვეყანას. ბრიტანეთის სუსტი წერტილი მისი ფართომასშტაბიანი ვაჭრობა იყო. ქვეყანა სიმდიდრეს ევროპის კონტინენტზე საკუთარი ინდუსტრიული განვითარების წყალობით იაფად და დიდი რაოდენობით დამზადებული პროდუქტის დაბალ ფასში გაყიდვის შედეგად იღებდა. ამ მხრივ, ინგლისელები მნიშვნელოვნად უსწრებდნენ კონტინენტურ ევროპას. კოლონიებიდან ბრიტანული ხომალდებით შემოტანილი ბამბა, შაქარი, ყავა და სხვა რესურსებიც, ევროპაში იყიდებოდა. ნაპოლეონი ფიქრობდა რომ თუ ინგლისთან ვაჭრობა შეწყდებოდა, კონტინენტური ევროპა საფრანგეთს ეკონომიკურად უფრო მჭიდროდ დაუკავშირდებოდა და ამით მისი სახელმწიფოც დიდად იხეირებდა.

1806 წლის 21 ნოემბერს ნაპოლეონმა, პრუსიაზე ტრიუმფალური გამარჯვებების და მათ დედაქალაქში შესვლის შემდეგ, გამოსცა დეკრეტი, რომლითაც საფუძველი ჩაეყარა კონტინენტურ სისტემას. აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება ნაკარნახები იყო ინგლისის ფლოტის მიერ ფრანგული და მათი მოკავშირე ქვეყნების პორტების ბლოკადით. ბერლინის დეკრეტის მიხედვით, ბრიტანეთის კუნძულებისთვის გამოცხადდა ბლოკადა, აიკრძალა ნებისმიერი ვაჭრობა ან ურთიერთობა. ასევე, ინგლისის კუთვნილი, ან მის ფაბრიკებსა და კოლონიებში დამზადებული ნებისმიერი საქონელი საფრანგეთის საკუთრებად გამოცხადდა. აიკრძალა ინგლისიდან ან მისი კოლონიებიდან წამოსული გემების მიღება ფრანგებისა და საფრანგეთის მოკავშირეების პორტებში. ბერლინის დეკრეტი ვრცელდებოდა „ინგლისის საზღვაო კანონმდებლობის უსამართლობის მსხვერპლ“ ნეაპოლის, ესპანეთის, ეტრურიისა და ჰოლანდიის სამეფოებზეც.

ნაპოლეონის ეპოქის მკვლევარი, ალექსანდრე მიქაბერიძე მიუთითებს, რომ ტერმინები „კონტინენტური ბლოკადა“ და „კონტინენტური სისტემა“ ერთმანეთისგან არსობრივად განსხვავდება. კონტინენტური სისტემა მოიცავს მრავალ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო მეთოდს ბრიტანეთის ეკონომიკის წინააღმდეგ; კონტინენტური ბლოკადა კი ამ სისტემის ნაწილია. კონტინენტური სისტემით ნაპოლეონი ევროპაში ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობის შექმნას ცდილობდა. მას სამი, ერთმანეთთან დაკავშირებული ნაწილი ჰქონდა: 1. სამხედრო გამარჯვების გამოყენება ბრიტანეთის ეკონომიკურად დასუსტებისთვის ბლოკადის გზით; 2. ეკონომიკის განვითარება და ევროპული წარმოების წახალისება; 3. ფრანგული ჰეგემონიის დამყარება კონტინენტურ ევროპაზე.

1807 წლის დასასრულს კონტინენტური სისტემის ზოგადი კონტურები უკვე გამოკვეთილი იყო. ამ დროისთვის სისტემას შეუერთდნენ დანია, რუსეთი, ესპანეთი, პრუსია, სამი წლის შემდეგ კი ავსტრიაც. საფრანგეთის პირველი იმპერიის პერიოდში, ბერლინის დეკრეტი გამოდგა ნაპოლეონის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინიციატივა. მიუხედავად იმისა, რომ კონტინენტურმა სისტემამ სულ ექვს წელიწადს გაძლო, ის ნაპოლეონის პოლიტიკის ქვაკუთხედს წარმოადგენდა – მას დიდი ზეგავლენა ჰქონდა ევროპულ და ატლანტიკურ ეკონომიკაზე. ბრიტანული პროდუქციის შემოტანას საფრანგეთი რესპუბლიკის პერიოდშიც ზღუდავდა, მაგრამ კონტინენტური სისტემა წარმოუდგენლად აღემატებოდა გავლენითა და მასშტაბით.

საფრანგეთი და ინგლისი მომდევნო წლებში კიდევ უფრო ამკაცრებდნენ ბლოკადას. მაგალითად, ბრიტანეთმა ინგლისის ზღვებში გადაადგილების უფლება მხოლოდ იმ ხომალდებს მისცა, რომლებიც აქ გადაადგილების საფასურს ბრიტანულ პორტებში გადაიხდიდნენ. ნაპოლეონმა კი ინგლისის პორტში შესული ყველა გემის დაკავება ბრძანა. აღსანიშნავია, რომ ამან საფრანგეთ-ამერიკის ურთიერთობას ზიანი მიაყენა, ვინაიდან ნაპოლეონი ფრანგ მეკობრეებს უფლებას აძლევდა, ნეიტრალური გემები დაეკავებინათ ზღვაზე, თუ მათზე ინგლისური საქონელი იქნებოდა. კონტინენტური სისტემის დაცვა ძნელი აღმოჩნდა კონტინენტურ ევროპაშიც. მოკავშირე ქვეყნებში სანაპიროებისა და პორტების სრული კონტროლი იმპერატორისთვის ადვილი არ იყო, ამიტომ მას ხშირად დიპლომატიური მუქარა ან სამხედრო ძალით ჩარევა უხდებოდა.

ნაპოლეონს თავისებური შეხედულება ჰქონდა ევროპის კონტინენტის მომავალზე. „მე მსურდა შემექმნა ევროპული სისტემა, ევროპული კანონმდებლობა, ევროპული სამართალი. მთელ ევროპაში ერთი ხალხი იცხოვრებდა“, – აღნიშნავდა ის მოგვიანებით, გადასახლების პერიოდში. მაგრამ, ამავე დროს, ნაპოლეონი სულაც არ ფიქრობდა სრულ თანასწორობაზე, არამედ ყოველთვის საფრანგეთის ინტერესებს აყენებდა ყველაზე წინ. დიდი იმედი ჰქონდა, რომ ფრანგული ექსპორტი შეავსებდა ბრიტანულის აკრძალვით გაჩენილ ვაკუუმს და საფრანგეთის ინდუსტრია დომინანტი გახდებოდა კონტინენტზე. აცნობიერებდა ამ დიდი პოლიტიკური ნაბიჯის მოტანილ პრობლემებსაც, მაგალითად, კომერციული ქალაქების, ლიონის, ამსტერდამისა და როტერდამის დაკნინებას. თუმცა ფიქრობდა, რომ ამ დროებით სიძნელეებს გადალახავდა და ღირდა მსხვერპლის გაღება ბრიტანეთის დასაჩოქებლად და ფრანგული ეკონომიკური ჰეგემონიის დასამყარებლად.

ნაპოლეონს სურდა ნებისმიერი გზით, უმკაცრესად დაეცვა კონტინენტური სისტემა მთავარი მიზნის მისაღწევად. ამან უბიძგა იმპერატორს, შეჭრილიყო პორტუგალიასა და ესპანეთში 1807-1808 წლებში, დაეკავებინა პაპის სახელმწიფო 1809 წელს, ილირიის პროვინციები 1809 წელს, პირდაპირი ფრანგული კონტროლი დაემყარებინა ჰოლანდიასა და ჰანზის ქალაქებზე 1810 წელს და ყველაზე მთავარი – დაეწყო ომი რუსეთთან 1812 წელს. რთულია, არ დააფასო კონტინენტური სისტემის მნიშვნელობა ნაპოლეონისეულ იმპერიულ პოლიტიკაში და ასევე მისი როლი საფრანგეთის პირველი იმპერიის დაცემაში. ფრანგი ისტორიკოსი ჟან ტიულარიც აღნიშნავს, რომ ნაპოლეონს დამპყრობლის იარლიყი სწორედ მაშინ მიეწება, როდესაც მან დაიწყო ევროპის ქვეყნების იძულება, შეესრულებინათ ბლოკადის პირობები.

ძალიან რთული აღმოჩნდა კონტრაბანდის კონტროლი. ნაპოლეონის ძმამ, ჰოლანდიის მეფე ლუიმაც კი ვერ შეძლო თავის მცირე სამეფოში ამგვარი დარღვევების აღკვეთა, რასაც ნაპოლეონისგან მისი სამეფოს გაუქმება და საფრანგეთისგან ანექსირება მოჰყვა. კონტრაბანდისტები დიდ რისკზე მიდიოდნენ და მაინც შემოჰქონდათ ინგლისური საქონელი ევროპაში. 1813 წელს, ნაპოლეონის მარშალი ჟან-ბატისტ ბესიერი, ისტრიის ჰერცოგი, ლიუცენის ბრძოლის წინ პოზიციების მონახულებისას მტრის ნასროლ ყუმბარას შეეწირა. მისი ნეშტი გერმანიიდან საფრანგეთში კატაფალკით უნდა გადმოესვენებინათ. კონტრაბანდისტებმა ამ კატაფალკის ზუსტი ასლი დაამზადეს, ინგლისიდან შემოტანილი კოლონიური საქონლით დატვირთეს და ისე წაიღეს საფრანგეთში. ამ ყველაფერს კორუფციონერი მოხელეებიც ხელს უწყობდნენ. კონტრაბანდის ძირითადი მარშრუტი ჩრდილოეთის ზღვიდან სტრასბურგისკენ, ბაზელისა და ფრანკფურტისკენ მიიწევდა, ან თესალონიკიდან და ტრიესტიდან – ვენისა და სამხრეთ გერმანიისკენ. როგორც ისტორიკოსები მიუთითებენ, კონტრაბანდამ სხვა სახის ომი გააჩაღა და კრიმინალის ზრდასაც შეუწყო ხელი.

კონტინენტურმა ბლოკადამ ევროპაში ბევრი პროდუქტის დეფიციტი გამოიწვია. გერმანიაში უხარისხო ყავის შემცვლელს ირონიულად „პატრიოტულ წვენს“ უწოდებდნენ. საფრანგეთს კოლონიების დიდი ნაწილი დაკარგული ჰქონდა. ჩრდილოეთ ამერიკის დიდი ნაწილი, ფრანგული კოლონია, რომელსაც ლუიზიანა ეწოდებოდა, ნაპოლეონმა, ობიექტური მიზეზების გამო, ჯერ კიდევ კონსულობის წლებში, ამერიკას მიჰყიდა. ზღვას ინგლისის სამხედრო ფლოტი აკონტროლებდა. შესაბამისად, ფრანგებს არ შეეძლოთ დაეკმაყოფილებინათ მზარდი მოთხოვნა კოლონიურ საქონელზე – ყავაზე, ბამბაზე, შაქარზე და ა.შ. ასევე, ბრიტანეთის წარმოებულ მაუდსა და სხვა პროდუქტებზე. საგარეო ვაჭრობის კუთხით, ის ამერიკის შეერთებულ შტატებსაც შეეხო და ნაპოლეონს, კონსულობის პერიოდში, 1800 წელს – მორტეფონტენში გაფორმებული ალიანსი და 1803 წელს ლუიზიანის გაყიდვით მოპოვებული პოპულარობა დააკარგვინა.

დროთა განმავლობაში, ნაპოლეონი იძულებული გახდა, გარკვეულ დათმობებზე წასულიყო და საფრანგეთისთვის მაინც შეერბილებინა ბლოკადის პირობები, მაგრამ ამან, თავის მხრივ, სხვა ქვეყნების აღშფოთება გამოიწვია. ნაპოლეონს უკვე უჭირდა ამ სიტუაციის კონტროლი და კონტინენტური სისტემა მის პრესტიჟს, გავლენას დიდ ზიანს აყენებდა, აქცევდა დამპყრობლად, მოძალადედ და ომების გამჩაღებლად, ომების, რომელთაგან ორი – ესპანეთისა და რუსეთის, საფრანგეთის პირველი იმპერიისთვის, ფაქტობრივად, საბედისწერო აღმოჩნდა.

ისტორიოგრაფიაში ხშირად კეთდება აქცენტი კონტინენტური სისტემისგან საფრანგეთისთვის მიყენებულ ზიანზე და ნაკლებად – ბრიტანეთის მდგომარეობაზე. რეალურად, ნაპოლეონის მიღებულმა ზომებმა სერიოზული დარტყმა მიაყენა ბრიტანეთს. 1807-1809 წლები მათთვის განსაკუთრებით კრიზისული იყო. გაჩნდა სოციალური პრობლემები, დაიწყო აჯანყებები. ინგლისელებმა სცადეს, სხვაგან ეძებნათ ბაზარი საქონლის გასასაღებლად, მაგრამ ევროპა ყველაზე მსყიდველუნარიანი იყო და თანაც დიდი რაოდენობით პროდუქტს ითხოვდა, ამიტომ ევროპული ბაზრისგან მოკვეთას ვერ ანაზღაურებდა ესპანეთისა და პორტუგალიის კოლონიებთან ვაჭრობა. მიუხედავად ამისა, მათ ყველა გზას მიმართეს ეკონომიკის გადასარჩენად. ბრიტანელი ვაჭრები ახალ ბაზრებზე გავიდნენ – ბუენოს-აირესში – 1806 წელს, ბრაზილიაში – 1808 წელს, ბალტიისპირეთში – 1810 წელს. 1806-1810 წლებში სამხრეთ ამერიკაში ბრიტანული ექსპორტი 1.8 მილიონი გირვანქა სტერლინგიდან 6 მილიონამდე გაიზარდა. 1808 წელს, პორტუგალიის სამეფო ოჯახის დაცვის გარდა, ბრაზილიაში გაგზავნილი ბრიტანული ფლოტი ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებსაც იცავდა რეგიონში.

ბრიტანეთის მთავრობის წევრები თავდაპირველად დაცინვით უყურებდნენ საფრანგეთისგან კონტინენტურ ბლოკადას და აღნიშნავდნენ, რომ „ეს დეკრეტი იმ ქაღალდის ფასადაც არ ღირდა, რომელზეც იყო დაწერილი“. „როგორ შეიძლება საფრანგეთისგან ინგლისის ბლოკადა, როცა ნაპოლეონს ერთი გემიც არ ჰყავს ოკეანეში ამ ბრძანების შესასრულებლად? ეს იგივეა, რაც მთვარის ბლოკადა“, – ამბობდნენ ისინი. მაგრამ რეალურად კონტინენტური სისტემა სულაც არ ყოფილა ადვილი გადასატანი ბრიტანეთისთვის. 1811 წელს გაუფასურდა გირვანქა სტერლინგი, ამას თან დაერთო მოუსავლიანობა, უმუშევრობა. ინგლისის ეკონომიკისთვის შვება აღმოჩნდა ნაპოლეონის ომი რუსეთთან, ვინაიდან მათი პროდუქციისთვის რუსული ბაზარი გაიხსნა. კონტინენტური სისტემა ბრიტანეთის პარლამენტში ნაკლებად წარმოდგენილ სამრეწველო, კომერციულ ინტერესებს აზარალებდა და წინა პლანზე მსხვილი მიწათმფლობელები იყვნენ. ვინაიდან ისინი ვერ იღებდნენ ფრანგულ და რუსულ ხორბალს, ადგილობრივი პროდუქტის ფასი გაათმაგდა. უდავოა, რომ კონტინენტური სისტემა ბრიტანეთს უზარმაზარ ზარალს აყენებდა და მისი ხანგრძლივ და ეფექტიან განხორციელებას შეიძლება ეიძულებინა ბრიტანელები, დათმობებზე წასულიყვნენ, მაგრამ აქამდე საქმე აღარ მისულა, ვინაიდან ნაპოლეონი ესპანეთისა და რუსეთის ომებმა გამოფიტა და მას შემდეგ, რაც, 1813 წლის კამპანიის გადამწყვეტ ბრძოლაში, ლაიფციგთან დამარცხდა, მას უკვე აღარ შესწევდა ძალა, კონტინენტური სისტემა ეკონტროლებინა, შესაბამისად, ბრიტანული საქონელი მალე გამოჩნდა ევროპულ ბაზრებზე. ნაპოლეონის ეპოქის მკვლევრები ხშირად მსჯელობენ, თუ რა იყო იმპერატორის ყველაზე დიდი შეცდომა, ესპანეთის ომი თუ რუსეთში შეჭრა, და ეს ორი მოვლენა, თავის მხრივ, სწორედ საბედისწერო კონტინენტური სისტემის განხორციელებას უკავშირდება.