პლასტიკური ქირურგია ახალი საოპერაციოდან

პლასტიკური ქირურგია ახალი საოპერაციოდან

ოცდაათწლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე პლასტიკური ქირურგი, ბრენდად ქცეული სახელითა და გვარით – ალექსანდრე კალანტაროვი – გაზაფხულიდან საკუთარი კლინიკის საოპერაციოდან განაგრძობს პაციენტების ცხოვრების სრულყოფასა და გალამაზებას.

ახალ კლინიკას ხსნით. რა გახდა მოტივაცია, სად განთავსდება კლინიკა, ესთეტიკური მედიცინის რა მომსახურებებს მოიცავს ის და რაშია თქვენი კონკურენტული უპირატესობა?

მოგეხსენებათ, მედიცინა მხოლოდ თეორია არ არის, ის კაცობრიობის ისტორიასა და გამოცდილებას იტევს. იმისთვის, რომ გერქვას ჭეშმარიტი ექიმი, პრაქტიკაში უნდა გამოიყენო ამ სფეროში დაგროვილი ცოდნა და ის გამოცდილება, რაც საკუთარი თუ სხვისი საქმიანობიდან გაქვს მიღებული.

როდესაც პროფესიულ საქმიანობაში აღწევ გარკვეულ სტატუსს, გიჩნდება ჯანსაღი სურვილი და ამბიცია, რომ შენი ცოდნა და მრავალწლიანი გამოცდილება მომავალ თაობას გადასცე. ამ სურვილის რეალიზება კი „სხვის ტერიტორიაზე“ პრაქტიკულად შეუძლებელია. როდესაც გქვია დიდი კორპორაციის დაქირავებული ექიმი, თავისთავად ხდები ნაწილი დაუსრულებელი ბიუროკრატიისა, რაც ძალიან დიდი დაბრკოლებაა ექიმისთვის ჯანსაღი, სრულყოფილი საქმიანობისა და სწრაფი რეაგირებისთვის. ეს უკანასკნელი კი სამედიცინო სფეროში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ეს გახდა ძირითადი მიზეზი, რამაც გადამაწყვეტინა გამეხსნა საკუთარი კლინიკა. სხვაგვარად იმის შეცვლა, რაც არ მოგწონს, შეუძლებელია. კლინიკის გახსნა 2024 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.

ეს იქნება მონოპროფილური კლინიკა, სადაც ძირითადი მიმართულება იქნება პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია. თუმცა ახალ კლინიკაში ჩვენს იმ კოლეგებსაც ექნებათ ოპერაციების ჩატარების საშუალება, რომელთა გამოცდილებასაც ვენდობით და ვისთან ერთადაც არაერთხელ გვიმუშავია.

იფუნქციონირებს ამბულატორიული განყოფილებაც ჩვენი საქმიანობისთვის საჭირო ყველა სერვისით. ამბულატორიული მომსახურებით სარგებლობა არა მხოლოდ ჩვენს საოპერაციო პაციენტებს, არამედ სხვა ადამიანებსაც შეეძლებათ.

დაგეგმილია ასევე არაქირურგიული ესთეტიკური სერვისების დანერგვაც, რაც ჩვენს ძირითად საქმიანობას შეავსებს, სრულყოფილს გახდის მას და მეტად კომფორტული იქნება პაციენტებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ახალ კლინიკაში ჩატარდება არა მხოლოდ ყველაზე გავრცელებული ჩარევები – რინოპლასტიკა და მამოპლასტიკა, არამედ ყველა სახის პლასტიკური და რეკონსტრუქციული ოპერაცია, მათ შორის – შეძენილი თუ თანდაყოლილი მანკების მკურნალობა. ერთადერთი, რაზეც არ ვიმუშავებთ, არის თმის გადანერგვა.

ახალი, ოთხსართულიანი კლინიკა მდებარეობს ლუბლიანას ქუჩაზე, ჟვანიას კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე. ორი სართული ეთმობა ამბულატორიულ განყოფილებას, ადმინისტრაციასა და ექიმების სამუშაო ოთახებს, ხოლო ზედა ორ სართულზე განთავსდება ქირურგიული სტაციონარი, უახლესი და მოდერნიზებული საოპერაციო ბლოკით.

რა გუნდით მიდიხართ ახალი კლინიკაში?

დაახლოებით 50 ადამიანით დაკომპლექტებული სამედიცინო გუნდით დავიწყებთ ფუნქციონირებას. პროფესიონალი და კვალიფიციური ექიმის მოძიება დღეს პრობლემას არ წარმოადგენს, რასაც ვერ ვიტყვი საშუალო და მცირე სამედიცინო პერსონალზე. ძალიან რთულია ექთნებისა და ექთნის დამხმარეების მოძიება. სამედიცინო სფეროში წლებია უკვე, ძალიან დაბალ ანაზღაურებაზე უწევს მუშაობა ამ პროფესიის ხალხს, რამაც სფეროს გაღარიბება გამოიწვია. გამოცდილი ექთნების დიდი ნაწილი საზღვარგარეთ წავიდა და, სამწუხაროდ, უკან დაბრუნებას აღარ გეგმავს. ძალიან პრობლემურია ეს ნიში ამ ეტაპზე.

როგორ ხედავთ თავს უკვე მენეჯერის პოზიციაში, ექიმი და მენეჯერი კლინიკას სხვადასხვა პრიზმიდან აღიქვამენ ხოლმე?

მენეჯერსა და ექიმს კლინიკაში ხშირად განსხვავებული ინტერესები აქვთ. ხანდახან ეს სხვაობა მუშაობის ხარისხზე აისახება. მენეჯერი ხარჯების შემცირებაზე ზრუნავს, მისთვის წამალიც ხარჯია და ექიმისა და ექთნის ხელფასიც. მისთვის პრიორიტეტულია, ხარჯის შემცირებით მოგება გაზარდოს. ექიმი კი, პირიქით, ამას ხარჯად არ აღიქვამს – მისთვის ყველა შენაძენი, რომლებიც პაციენტის კეთილდღეობას ხმარდება, იქნება ეს ხარისხიანი მკურნალობა, მეტად ეფექტიანი და ძვირად ღირებული მედიკამენტის გამოყენება თუ თანამედროვე აპარატურა – აუცილებლობაა. სწორედ ეს განაპირობებს ჩემს ხედვას, რომ კლინიკა მოგებიანი არ უნდა იყოს. მე ვმუშაობ პაციენტისთვის, შესაბამისად, ნებისმიერ მოგებას არ აღვიქვამ მოგებად, ეს თანხა უნდა დაბრუნდეს საქმეში. ასე უნდა ბრუნავდეს ფინანსები მედიცინასა და საქმეში. როდესაც დიდი კორპორაციის ნაწილი ხარ, არ გაქვს იმის შესაძლებლობა, რომ კლინიკის მოგებიდან საჭიროების მქონე პაციენტს მნიშვნელოვანი შეღავათი გაუკეთო სიცოცხლისთვის საჭირო, რეკონსტრუქციულ და საკმაოდ ძვირად ღირებულ ოპერაციაზე. საკუთარ კლინიკაში ამ მხრივ შეზღუდული არ ვიქნები და ბევრი ადამიანის დახმარებას შევძლებ.

რა ნიშის დაკავებას აპირებთ?

ჩვენი ნიშია სწორედ ის, რომ შეზღუდულები არ ვართ ოპერაციების სირთულეში, ვმუშაობთ ყველა სახის პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ოპერაციებზე. მე არ ვმუშაობ მხოლოდ ესთეტიკური ქირურგიის მიმართულებით, როგორიცაა ცხვირის პლასტიკა, ძუძუს გადიდება ან ლიპოსაქცია. ჩვენთან მსოფლიო მასშტაბით არსებული ნებისმიერი სირთულისა და ღირებულების ოპერაციის ჩატარებაა შესაძლებელი. საუბარია, მაგალითად, კიბოს შედეგად მოკვეთილი ძუძუს აღდგენაზე, რასაც საზღვარგარეთ სადაზღვევო კომპანიები ანაზღაურებენ, ჩვენთან კი რატომღაც მხოლოდ ესთეტიკურ ოპერაციად აღიქვამენ და ის, სამწუხაროდ, არ ფინანსდება. უკვე ბევრ ქალბატონს დავუბრუნეთ სრულფასოვანი ცხოვრების ხალისი და ვიმედოვნებ, რომ კიდევ ბევრს გავულამაზებთ ამ ვერაგი დაავადების მიერ დატოვებულ დეფექტს. ასევეა ტრავმული დაზიანებების შემდგომი აღდგენითი ოპერაციები.

ჩვენი კლინიკის ნიში, ცხადია, იქნება გამოცდილება, კვალიფიკაცია, ცოდნა და მიღწეული შედეგები.

ვინ არიან თქვენი ფინანსური პარტნიორები?

მთავარი ინვესტორი თავად ვარ. უბრალოდ, ისე მოხდა, რომ საწყისი თანხა, რაც გათვალისწინებული მქონდა კლინიკის მშენებლობისთვის, არ აღმოჩნდა საკმარისი იმ შეცვლილი რეგულაციების დასაკმაყოფილებლად, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა კლინიკის მშენებლობის პროცესში.

იმისთვის, რომ კლინიკამ მიიღოს აკრედიტაცია, აუცილებელია ჰქონდეს რეანიმაციული განყოფილება. ასევე ითხოვენ ისეთ დანადგარებს, რაც რეალურად ჩემს საქმიანობაში არ მჭირდება, მაგრამ სავალდებულოა და საშუალოდ 250 000 დოლარი ღირს. დამეთანხმებით, საკმაოდ დიდი თანხაა გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის. საწყისი, წინასწარ გათვლილი ინვესტიცია – 4 მილიონი ლარი – ამ ეტაპზე უკვე 15 მილიონამდე გაიზარდა.

უკანასკნელ ათწლეულში პლასტიკურ ქირურგიაზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში შესამჩნევად გაიზარდა, რა არის ამის განმაპირობებელი მიზეზები, რა ახდენს გავლენას დინამიკაზე?

ვითარდება საზოგადოება, მეტი ყურადღება ექცევა გარეგნობას. დამატებითი ფაქტორია ეკონომიკური წინსვლა. ინტერესი ნაკარნახებია უკეთესის სურვილით, თანაც ბევრ სფეროში ლამაზი ვიზუალი განაპირობებს წინსვლას. დამატებითი ასპექტია ის, რომ დაიხვეწა და განვითარდა პლასტიკური ქირურგიის შესაძლებლობები.

რა ტენდენციებია ამ თვალსაზრისით საქართველოში, თუნდაც უკანასკნელი ათწლეულის შედეგების გათვალისწინებით?

რაც შეეხება ტენდენციებს, ადრე ყველაზე ბანალური ოპერაცია იყო რინოპლასტიკა – ცხვირის ოპერაცია და პლასტიკური ქირურგები ძირითადად ამ მიმართულებით მუშაობდნენ. ბოლო ათი წლის მანძილზე გაიზარდა მამაკაცების დაინტერესება, პოპულარულია ყურის, წარბის და ქუთუთოების პლასტიკა. მომატებულია მამოპლასტიკური ოპერაციების რაოდენობაც. მოიხსნა იმის შიში, რომ იმპლანტები იწვევს გართულებებს. თანაბრადაა გაზრდილი როგორც ძუძუს გაზრდის, ასევე შემცირების ოპერაციები. მომრავლდა წონის კორექციის შემდგომი ოპერაციები, მათ შორის ბარიატრიული ოპერაციის შემდგომი პლასტიკური ოპერაციები. ასევე ბოლო წლების სიახლეა გენდერული ცვლილებები, ანუ სქესის შეცვლის ოპერაციები. აქ პაციენტების თანაფარდობა ქართველ და უცხოელ პაციენტზე 50/50-ზეა.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ბევრ ქვეყანაში სქესის შეცვლის ოპერაციებსაც სადაზღვევო კომპანიები ანაზღაურებენ, შესაბამისად, საქართველოში ამ ქვეყნების წარმომადგენლები არ ჩამოდიან. ყველაზე ხშირად საქართველოს მომართავენ არაბული ქვეყნების პაციენტები. ჩემ მიერ მსგავსი ოპერაცია პრაქტიკულად ორ თვეში ერთი მაინც ტარდება.

მთლიანობაში პირველ ადგილზე რჩება ცხვირის ოპერაციები, შემდეგ სახის პატარა ცვლილებები – წარბი, ქუთუთო. შემდეგ ძუძუ და დანარჩენი სხეული. შედარებით მცირე რაოდენობით სახის დიდი ოპერაციები – გადაჭიმვა და ა.შ. ტარდება, ესეც, სა­ვარაუდოდ, მაღალი ფასის გამო. კაცებში წამყვანია – ცხვირი, ქუთუთოები, ყურები, ასევე მოიმატა სასქესო ორგანოების ოპერაციებმა როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. მათ შემთხვევაში – ვაგინოპლასტიკური ოპერაციები. ეს ძირითადად ბოლო წლების ტენდენციებია, თუმცა ძალიან ბევრი ქალი იტანჯებოდა პოსტსამშობიარო ტრავმებისა და ასაკობრივი ცვლილებით გამოწვეული დისკომფორტით. ასევე საკმაოდ ხშირია აბდომინოპლასტიკა და, თავისთავად, ლიპოსაქციები.

პლასტიკური ქირურგის სპეციალიზაცია საბჭოთა და, შესაბამისად, საქართველოს უმაღლეს სამედიცინო დაწესებულებას არ ჰქონდა, იყო ზოგადი ქირურგია, დღეს შემუშავებულია თანდართული დოკუმენტი, რომელიც უნივერსიტეტდამთავრებულთათვის 44-თვიანი კურსის გავლას ითვალისწინებს. საკმარისია პროგრამის ეს ხანგრძლივობა, ან რა ტიპის პრაქტიკულ კურსს გადიან ექიმები იმისთვის, რომ მათ მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგები პაციენტის სურვილებს შეესაბამებოდეს?

სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტურაში შემოდის პლასტიკური ქირურგის სპეციალიზაცია. ამის შემდეგ ბარდება სალიცენზიო გამოცდა, რომლის წარმატებით ჩაბარების შემდეგ გაიცემა პლასტიკური ქირურგის ლიცენზია. ეს ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია. მე დავამთავრე სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი ზოგადი ქირურგის სპეციალობით. მოგვიანებით მიღებული მაქვს სამი სხვადასხვა სერტიფიკატი, მათ შორის, ერთია პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია.

ვინაიდან ესთეტიკური მედიცინა მოიცავს არა მხოლოდ პლასტიკურ ქირურგიას, არამედ საუბარია სხვადასხვა პროცედურაზე, მათ შორის, იქნება ეს აპარატული ჩარევა თუ ინიექციები, ხშირად ჩივიან ამ სფეროში არაპროფესიონალიზმზე, გართულებებზე… როგორ ხედავთ ამ საკითხის მოგვარების გზებს, რაშია გამოსავალი?

80-იან წლებში ამერიკაში სამედიცინო კონფერენციაზე რომ მოვხვდი, შემდეგ უკვე ევროპაშიც, სულ მესმოდა, რომ ექიმები მოითხოვენ ამ სფეროს ლიცენზირებას, რომ ყველგან გახსნილია ესთეტიკური ცენტრები, სადაც მუშაობენ ინიექციებით, გელით, ბოტოქსის, ფილერის შეყვანაზე. ყველამ იცის, რომ ეს პრობლემაა, რომ დაკავშირებულია უამრავ გართულებასთან, მაგრამ მაინც გრძელდება. ვერ შევაჩერებთ, ეს არის ბიზნესი. საუბარი იყო, რომ მხოლოდ ლიცენზირებულ ექიმს ჰქონოდა ამ პროცედურების ჩატარების უფლება, თუმცა ეს ჯერ არ განხორციელებულა. რაც შეეხება პლასტიკურ ქირურგიას, მედიცინის ეს სფერო სრულად ლიცენზირებას დაქვემდებარებული სფეროა.

პაციენტთან დაშვებული სხვისი შეცდომების გამოსწორება ხშირად გიწევთ?

ეს ყველა გამოცდილ ქირურგს უწევს. არის შემთხვევები, როცა ოპერაციის შემდეგ პაციენტი აზრს იცვლის, აღარ მოსწონს, რაც გაიკეთა. ის ისევ ჩემთან მოვა, თუ მენდობა, თუ აღარ მენდობა – წავა სხვა ექიმთან. საჭიროა, პაციენტი მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული, რათა იცოდეს, რისი გარანტია შეიძლება მოსთხოვოს ექიმს. ასე რომ, მეც მიწევს როგორც ჩემი გაკეთებულის გამოსწორება, ისე სხვისის და ასევე სხვას შეიძლება მოუწიოს ჩემის შეცვლა. არსებობს პლასტიკური ქირურგიის მსოფლიო სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც 20 %-ია განმეორებითი ოპერაციები. ჩვენთან ეს არის 3-5%.

როგორ შეაფასებდით თავად პაციენტების სამედიცინო წიგნიერების დონეს, რა მნიშვნელობას ანიჭებთ პაციენტის ინფორმირებულობას პროცედურისა და ექიმის არჩევისას?

ორაზროვანი დამოკიდებულება მაქვს. მეტად კომფორტულია ექიმისთვის ინფორმირებულ პაციენტთან ურთიერთობა. მაგრამ ზოგჯერ მას მცი­რე ინფორმაციის გაცნობის საფუძველზე მიაჩნია, რომ ყველა კითხვაზე პასუხი იცის, მაშინ როცა ტომების წაკითხვის შემდეგაც შეიძლება არ მქონდეს ზუსტი პასუხი. მედიცინა არ არის ზუსტი მეცნიერება, აქ ბევრი დაშვებაა. ბევრი პაციენტი მოდის, რომელიც ამბობს, რომ არის სოციალური ქსელების მსხვერპლი, დაუჯერა ვიღაცის რჩევას და შეცდა.

რა ადგილი აქვს პლასტიკურ ქირურგიას სამედიცინო ტურიზმში და სად არის საქართველო ამ რუკაზე?

ეს უფრო პოლიტიკური საკითხია და არ არის დაკავშირებული ჭეშმარიტ მედიცინასთან. იყო პერიოდი, როცა ძალიან ბევრი პაციენტი ჩამოდიოდა ისრაელიდან. ბოლი ერთი წელია, ეს ნაკადი შეწყდა. იგივე იყო რუსეთთან და უკრაინასთან მიმართებით. უამრავი პაციენტი მოდიოდა რუსეთიდან, ავტომობილებით ჩამოდიოდნენ. გეოგრაფიულად ჩვენთან ახლოს მყოფი რუსეთის მოქალაქეები მოსკოვსა და პეტერბურგში წასვლას თბილისში ჩამოსვლას ამჯობინებდნენ ფასების გამო. ესეც შეწყდა, დოლარის კურსის ცვლილება აისახება ინტერესზე. ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკურ-ეკონომიკური და არა სამედიცინო ახსნა. ჯამურად უცხოელი პაციენტი სულ დაახლოებით 5%-ია.

რაც შეხება ტექნოლოგიებს, ინვენტარს, იმპლანტებს. რომელი ქვეყნისა და მწარმოებლისას იყენებთ და რას ითვალისწინებთ მათი შერჩევისას?

მხოლოდ ხარისხს. ჩვენ გვაქვს სერტიფიცირების ევროპული სტანდარტი. იმპლანტი შეიძლება გამოვიყენო გერმანული მწარმოებლისაც და ფრანგულისაც. მათ ორივეს აქვს ხარისხის ევროპული სერტიფიკატი.

როგორია ახალი თაობის ექიმების ინტერესი პლასტიკური ქირურგიის მიმართ და თქვენ თუ მუშაობთ ახალი კადრების მოსაზიდად ან მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე?

ამჟამად სამ რეზიდენტთან ვმუშაობ, ძალიან დიდი პოტენციალი აქვთ. ყოველთვის მაქვს ახალ თაობასთან მუშაობის ინტერესი. ჩემ გვერდით ვერ ჩერდებიან ისეთი ექიმები, რომლებსაც საქმის მიმართ ინტერესი არა აქვთ, ან მარტივად იღლებიან. ზოგიერთი ოპერაცია 12 საათზე მეტხანსაც გრძელდება, მაგრამ ამ საქმით ვცხოვრობთ, არ ვგულისხმობ მატერიალურ მხარეს, ეს საქმე უნდა უყვარდეს ექიმს.

როგორია პლასტიკური მედიცინის, როგორც ბიზნესის ზრდის ტემპი და შემოსავლები?

ეს სხვა ტიპის ბიზნესია, ეს არ არის სამშენებლო ან გამაგრილებელი სასმლის ბიზნესი, საქმე ადამიანის ჯანმრთელობას ეხება. თუმცა შემოსავლები მზარდია.

რამდენად ხელმისაწვდომია საუკეთესო მსოფლიო ტექნოლოგიები ქართველი პაციენტებისთვისაც?

სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიები, განსაკუთრებით კოსმეტოლოგიურ აპარატულ ნაწილში, ყოველ 6 თვეში ერთხელ განახლებული აპარატების შემოთავაზებებია. თუმცა ამის განახლებას ახერხებენ დიდი კლინიკები, რომელთაც მაღალი მიმართვიანობა აქვთ, ერთოთახიან კლინიკაში ამას ვერ გააკეთებ. თანამედროვე ტექნოლოგიები ძალიან ძვირად ღირებულია.

რომელი ქვეყნებია პლასტიკურ ქირურგიაში წამყვანი?

წამყვანი ქვეყანა არის აშშ, ქირურგიულ ნაწილში – ბრაზილია და არაქირურგიულ ნაწილში – სამხრეთი კორეა. ბრაზილიაში უზარმაზარი გამოცდილება დაგროვდა აურაცხელი რაოდენობის მიმართვის გამო. ბრაზილიელებს უნდათ იყვნენ მომხიბლავები, სექსუალურები. შეერთებულ შტატებში საზოგადოების მხოლოდ ერთი ნაწილი მიმართავს პლასტიკურ ქირურგს. შესაბამისად, ამერიკაში ბევრი ოპერაცია არ არის, ამერიკაში არის დახვეწილი სისტემა. სამედიცინო სფეროში ზოგადად მაღალი კონკურენციაა, ასევე მარტივია კერძო კლინიკის გახსნა იურიდიული თვალსაზრისით, რაც სფეროს განვითარებას უწყობს ხელს.

რა ასაკიდანაა დაშვებული საქართველოში პლასტიკური ოპერაციის ჩატარება?

ყველა პლასტიკურ ოპერაციას აქვს ასაკობრივი საზღვრები – მინიმალური და მაქსიმალური. მაგალითად, ბანალური რინოპლასტიკა კეთდება 15 წლიდან, მაგრამ პრაქტიკულად ერთეული შემთხვევებია, როცა ამ ასაკის პაციენტებში გაკეთებულა მსგავსი ოპერაცია.

რაც შეეხება რეკონსტრუქციულ ქირურგიას, ყველაზე ხშირად თქვენთან რა ტიპის აღდგენითი ოპერაციის საჭიროების მქონე პაციენტები ხვდებიან?

ჩვენ გვქონდა პერიოდი, როცა ძალიან ბევრი იყო ქვედა კიდურების ოპერაციები. ნაღმზე აფეთქების შემთხვევების გამო და, შესაბამისად, ძალიან დავხელოვნდით კიდურების რეკონსტრუქციულ ოპერაციებში. ეს გამოცდილება შემდგომშიც ხშირად გამოგვდგომია, მაგალითად, ტრავმებისა და ავარიების შემდგომი მდგომარეობის დროს. შემუშავდა უნიკალური მეთოდი და რთული ოპერაციის საშუალებით კიდურს ვინარჩუნებთ და დაზარალებულ პაციენტს ამპუტაცია აღარ სჭირდება. უნდა აღვნიშნო, რომ ამ სირთულის ოპერაციები შესაძლოა მსოფლიოში სულ ორ-სამ ცენტრში კეთდებოდეს.

ასევე, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი რეკონსტრუქციული ოპერაცია ტარდება ონკოლოგიურ პაციენტებთან, თავად ონკოლოგიური დაავადებებია ძალიან გახშირებული და, შესაბამისად, აღდგენითი ოპერაციების რაოდენობაც. ამ მიმართულებით რეკონსტრუქციული ქირურგია კიდევ უფრო ვითარდება.

ერთადერთი, რაც ვერ განვითარდა კარგად საქართველოში ეს არის გარეგანი, კიდურების პროთეზირება, ბიონიკური პროთეზები, რომლებიც იმპულსის მიხედვით მოძრაობს, ვერ დაინერგა, ვინაიდან ძალიან ძვირია.

ალექსანდრე კალანტაროვი
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1987-1989 წლებში გაიარა კლინიკური ორდინატურის კურსი ქირურგიაში ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში. დაცული აქვს ორი სამეცნიერო დისერტაცია. 2002 წელს მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის წოდება. 2000-2001 წლებში მუშაობდა თურქეთში, სამედიცინო ცენტრ „სანკოში” პლასტიკური ქირურგის თანამდებობაზე. არის 46 სამეცნიერო ნაშრომისა და ერთი გამოგონების ავტორი.

S