კოვიდის ანტრეპრენიორთა აფეთქება

კოვიდის ანტრეპრენიორთა აფეთქება

უმუშევრობის მაღალი დონე, ვების გამადიდებელი ძალა და ფინანსური ტექნოლოგიების ახალთახალი ინიციატივები სტიმულს აძლევს ისეთ სტარტაპებს, როგორიც ათწლეულების მანძილზე არავის უნახავს. და ამერიკა აღარასდროს დაუბრუნდება ბიზნესის კეთების ჩვეულ ფორმებს.

კანზას-სიტის ინდუსტრიულ უბანში, West Bottom-ში მდებარე ქალთა ქოვორქინგ-სივრცის – Firebrand Collective-ის მოუხეშავ, ნაცრისფერ ლობიში ჯეკი ნგუიენი თავის ფერად, მობილურ კოფიშოპში ილითა და ლიჩით გაზავებულ ლატეებს ამზადებს. Cafe Cà Phê-ს კოფიშოპს კოლოსალური დრაკონის თავი ფარავს, რომელიც ვიეტნამური დროშის მკაფიო ყვითელ და წითელ ფერებადაა შეღებილი, ღია ლურჯის მონასმებით, ქვეყნის სამზარეულოზე ფრანგული გავლენის აღსანიშნავად. „და, რა თქმა უნდა, ეს კანზას-სიტია, – ამბობს 32 წლის ნგუიენი. – ეს ხელმძღვანელებისა და სამეფო კარის ფერებიცაა“.

ყოველდღიურ 200-მდე კლიენტს Cafe Cà Phê „უმაგრესი ლატეთი“ და ცივი ჩაი „საიგონით“ უმასპინძლდება. ყოველთვიური შემოსავალი $30,000-ია. „ეს გიჟური, გასაოცარი თავგადასავალი იყო, – ამბობს ნგუიენი, ახალბედა ანტრეპრენიორი. – ერთადერთი ბიზნესი, რასთანაც აქამდე შეხება მქონდა, შოუბიზნესი იყო“. წელიწადზე ოდნავ მეტი ხნით ადრე ნგუიენი მსახიობი იყო – მან დაახლოებით ორი ათწლეული მიუზიკლის თეატრში გაატარა. პანდემიამდე ნგუიენი წელიწადში $90,000-ს აკეთებდა Miss Saigon-ის გასტროლებზე. 2020 წლის 15 მარტს ის ფლორიდაში, ფორტ-მაიერსის სცენაზე გამოდიოდა. ერთი დღის შემდეგ მთელ ბროდვეიზე შუქი ჩააქრეს. „მე არ მქონდა სახლი, მანქანა, ან რაიმე მნიშვნელოვანი დანაზოგი, – ამბობს ნგუიენი. ის ქუინსის ლონგაილენდ-სიტიდან საცხოვრებლად კანზას-სიტიში გადავიდა, სადაც $10,000-ის ინვესტირება მოახდინა თავისი მწირი დანაზოგიდან, რასაც Kickstarter-იდან მიღებული $13,000 დაამატა (კარგია, როცა Instagram-ზე 4000 მიმდევარი გყავს). ის თეატრის სცენას აღარასდროს დაუბრუნდება. „მსახიობის როლში, ჩემი კარიერა ყოველთვის ვიღაცის კეთილგანწყობაზე იყო დამოკიდებული, – ამბობს ის. – ახლა კი ჩემით მიწევს გადაწყვეტილებების მიღება და ბევრი მაქვს ნაფიქრი იმის შესახებ, რის არჩევასაც ვაპირებ“.

უმუშევრობის ასი წელი – სულ რაღაც რამდენიმე თვეში COVID-19-მა სამუშაო ადგილები ისეთი მასშტაბით გაანადგურა, როგორიც დიდი დეპრესიის მერე არ გვინახავს. ამის შემდეგ მილიონობით ამერიკელმა საჭიროებიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე კომპანიები დააარსა.

ნგუიენი ერთ-ერთია იმ 4 მილიონზე მეტი ადამიანიდან, ვინც ამერიკის უპრეცედენტო ანტრეპრენიორულ აფეთქებას განაპირობებს. დიდი დეპრესიის პერიოდის შემდეგ არნახულმა პანდემიურმა უმუშევრობამ, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების სამუდამო ცვლილებამ, ფინანსური ტექნოლოგიების წყალობით გაჩენილი კაპიტალის ახალ წყაროებთან წვდომამ, საყოველთაო იაფმა ტექნოლოგიებმა და დაჟინებულმა გამბედაობამ ამერიკელების მხრიდან ინიციატივის ხელში აღება და ისტორიულად დიდი რაოდენობის კომპანიების შექმნა გამოიწვია.

ყველა რეცესია სტარტაპების მსხვილ მოსავალს იმკის. ცნობილი მაქსიმის მიხედვით, აუცილებლობა ინოვაციის საწინდარია. მაგრამ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარადაა. რამდენადაც გამაოგნებელი იყო Covid-ის რეცესიის მოცულობა, ზომა და სისწრაფე, ასეთივე იქნება მისი გავლენა ამერიკის მცირე ბიზნესის ლანდშაფტზე.

აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიუროს მონაცემებით, 2020-ში 4.3 მილიონ ადამიანზე მეტმა დაარეგისტრირა ახალი ბიზნესის აპლიკაცია. ეს დაახლოებით 840,000-ით მეტია 2019-ზე – 25%-იანი ნახტომი და სრულიად განსხვავდება 2008 წლის საკრედიტო კრიზისისგან, როდესაც ახალი აპლიკაციების 8%-იანი კლება დაფიქსირდა.

„ამ ყველაფერს მზადყოფნა და ყურადღება სჭირდება, – ამბობს Economic Innovations Groupის ბიპარტიზანული ანალიტიკური ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი ჯონ ლეტიერი. – ასეთ რამეს ბევრი ჩვენგანი კრიზისის დასაწყისში ვერ წარმოიდგენდა“.

გაიზარდა იმ სტარტაპების რიცხვიც, რომლებიც დიდი ალბათობით თანამშრომლებს დაიქირავებენ. აშშ-ის შემოსავლების სამსახურის მიერ „მაღალი მიმზიდველობის“ ბიზნესებად წოდებული ამ პოტენციური დამსაქმებლების რიცხვი 2020 წელს 15%-ით გაიზარდა. „2008 წლის დიდი რეცესიის დროს ახალი დამსაქმებელი ბიზნესების რიცხვი წინა წელთან შედარებით 230,000-ით შემცირდა’ , ამბობს ლეტიერი. – COVID-კრიზისის დროს მათი რაოდენობა გაიზარდა 200,000-ით, ეს სარკისებური გამოსახულებაა“.

და ყველაზე მნიშვნელოვანი პიკი სამუშაოს შემქმნელ ბიზნესებს შორის ძვირი სანაპირო ჰაბებისგან შორს აღინიშნება. ამის ნაცვლად ბუმს წინ მიუძღვება ღრმა სამხრეთი სამნიშნა ზრდით ჯორჯიაში, მისისიპიში, ალაბამასა და ლუიზიანაში. მომავალი მრავალფეროვანი, ანტრეპრენიორული თაობისთვის ყურადღების მისაქცევად Forbes-ი იწყებს Next 1000-ს, მკითხველების ნომინირებული მცირე ბიზნესების დამფუძნებლების სიას, რომლებიც მთელ ამერიკაში არიან გაფანტული, $10 მილიონზე ნაკლები საწყისი კაპიტალითა და შემოსავლებით. ამგვარი ბიზნესები ამოძრავებს ეკონომიკას, ასაქმებს რა 30 მილიონ ამერიკელს.

ყავის საზოგადოება | ყოფილმა მის საიგონმა, ვარსკვლავმა ჯეკი ნგუიენმა ბროდვეი იმისთვის მიატოვა, რომ კანზას-სიტიში ვიეტნამური კოფიშოპი Cafe Cà Phê გაეხსნა. „ძალიან მინდოდა, რაღაც საკუთარი მქონოდა“. | ფოტო: კრის კრისმანი Forbes-სთვის

სტარტაპების ტალღა 2021 განმავლობაშიც გრძელდება. თებერვალში დაახლოებით 430,000 ბიზნესი დარეგისტრირდა, 40%-ით მეტი, ვიდრე 2020 წლის თებერვალში, პანდემიის გამო გლობალური ეკონომიკის გაყინვამდელ ბოლო თვეში. მაშინ როცა მსოფლიო ძველ ცხოვრებას უბრუნდება, ნგუიენის მსგავს ბევრ ახალ დამფუძნებელს უკან გახედვა აღარ სურს.

სახელმწიფოებრივი ლოკდაუნის დაწყებიდან ერთ თვეში გაქრა 22 მილიონი სამუშაო ადგილი. უმუშევრობა 15%-ს მიუახლოვდა, 100 წლის განმავლობაში სიდიდით მეორე მაჩვენებელს, რომელსაც მხოლოდ დიდი დეპრესიის ეპოქა უსწრებდა. ყველაზე დიდი დარტყმა შთაბეჭდილებებზე დამყარებულმა ინდუსტრიებმა მიიღო: რესტორნებმა, საცალო ვაჭრობამ, მოგზაურობამ, ჰოლივუდმა, სპორტმა და სხვა ლაივ- -ღონისძიებებმა. U.S. Travel Association-ის კვლევის მიხედვით, გამქრალი სამუშაო ადგილების 40%-მდე სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიებზე მოდიოდა. 2020 წლის აპრილის შუა პერიოდისთვის რესტორნებისა და საცალო ვაჭრობის სექტორებმა სათითაოდ დაკარგა დაახლოებით 2.5 მილიონი სამუშაო ადგილი. იმ იღბლიანებმა კი, ვინც სამსახური შეინარჩუნა, გაიღვიძეს დისტანციური სამუშაოსა და ვირტუალური სკოლის ერთი შეხედვით უსასრულო, ახალ რეალობაში. მას შემდეგ, რაც პანდემიამ შეწყვიტა ჯეიდ ადამსის საქმიანობა ქორწილების ფოტოგრაფის ამპლუაში, მან მთელი თავისი დრო საკუთარ ჰობის – სახლის მცენარეების მოვლას დაუთმო და თავი მოუყარა 200-მდე ისეთ ეგზოტიკურ მცენარეს, როგორიცაა იშვიათი ალოკაზიები და ფილოდენდრონი „ვარდისფერი პრინცესა“.

სტარტაპების ქვეყანა – მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი ბიზნესების გაჩენის პირობებში სამხრეთი ბრწყინავს. პირველ კვარტალში ისეთი სტარტაპების აპლიკაციების რიცხვმა, რომლებსაც შემოსავლების სამსახური სამუშაო ადგილების პერსპექტიულ შემქმნელებად მიიჩნევს, 80%-ზე მეტით გაიზარდა ალაბამაში, ლუიზიანასა და ჯორჯიაში. მისისიპიში მატებამ 125% შეადგინა.

მას შემდეგ, რაც მისი ბინა ვეგეტაციამ დაიპყრო, ადამსმა Facebook-ით მცენარეების გაყიდვა დაიწყო, ხოლო შემდეგ, ივლისში, ნოქსვილიში, ტენესიში, Central Collective-ის ღონისძიებების სივრცეში სახელდახელოდ მოწყობილ მაღაზიაში ვაჭრობით $15,000 გამოიმუშავა. გასულ ოქტომბერს 23 წლის ადამსმა მთელი თავისი დანაზოგი – $20,000 – ნამდვილ მაღაზიაში, Oglewood Avenue-ში ჩადო. თავისი ინვესტიცია მან რამდენიმე დღეში ამოიღო. „სახლის მცენარეების ბაზარი პანდემიის დროს აფეთქდა, – ამბობს ის. – უამრავი ადამიანი სახლშია გამოკეტილი, ისინი ცდილობენ, შიგნით შეიქმნან გარეთ ყოფნის შეგრძნება“. ადამსმა, რომელიც ქორწილების ფოტოგრაფად მუშაობისას წელიწადში $48,000-ს აკეთებდა, ოქტომბრიდან მოყოლებული $265,000 იშოვა. ის თავისი მცენარეების ფოტოების გასაზიარებლად Instagram-ს იყენებს და მებაღეობის რჩევებს უზიარებს 15,000-მდე მიმდევარს. იანვარში მან HGTV-ის 630,000-იან Youtube-ის არხ Handmade-ზე Housplants 101-ს უმასპინძლა. ყოფილი მექორწილე ფოტოგრაფი- -ენთუზიასტი კამერას უახლოეს მომავალში არ გაეკარება. „ძალიან დიდ ფულს ვშოულობ იმისთვის, რომ ეს ვაკეთო, – ამბობს ადამსი. – სულ ესაა“.

მაშინ როცა COVID-ის ეკონომიკურმა სასაკლაომ მილიონობით ამერიკელს ბიზნესის წამოწყებისკენ უბიძგა, ტექნოლოგიებმა ეს ყველაფერი საჭირო ინსტრუმენტებით უზრუნველყო. ფართოდ გავრცელებული ვიდეოკომუნიკაცია, სოციალური მედია, ელექტრონული კომერცია, ქლაუდ-კომპიუტინგი და საკუთარი ხელით შექმნილი ვებსაიტები ნებისმიერ ადამიანს აძლევენ თავიანთი სარდაფიდან გლობალური კომპანიის შექმნის იაფ და ადვილ საშუალებას.

„ინტერნეტის ეკონომიკა ძალზე ფართოდ გავრცელდა და გადაება ჩვენი ეკონომიკის ყველა ასპექტს, – ამბობს EIG-ის ლეტიერი. – დღეს შენ გაქვს საშუალება, ისეთი რაღაც აკეთო დისტანციურად, რაც თუნდაც ათი წლის წინ შეუძლებელი იყო“. Shopify-მ, $150-მილიარდიანმა (საბაზრო კაპიტალიზაცია) პროგრამულმა კომპანიამ, რომელიც მცირე ბიზნესებს ონლაინგაყიდვების საშუალებას აძლევს, 2020-ში ახალი მაღაზიების 80%-მდე ზრდა დააფიქსირა. იმავე პერიოდში, ციფრული გადახდების გიგანტმა Pay-Pal-მა 40%-ით გაზარდა ბიზნესანგარიშების რაოდენობა. Salesforce-ის კვლევის მიხედვით, ახალი სტარტაპების 70% ან ტექნოლოგიური კომპანიებია, ან პირველ რიგში, ციფრული – პირველივე დღიდან. ამასობაში, ონლაინმსესხებლები სხვადასხვა სახის დამფუძნებლებს ქეშით დაკრედიტების მეტ ვარიანტს სთავაზობენ. 2020-ში ბიზნესსესხების ბაზრობა Lendio-მ 100,000- ზე მეტი ვალი დაამუშავა ანაზღაურების დაცვის პროგრამის (Paycheck Protection Program-ის) მიღმა მყოფი მცირე ბიზნესებისთვის, რაც 500%-იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით. „ახალმა ტექნოლოგიებმა შემოსასვლელი ბარიერი ნულამდე დასწია, – ამბობს Shopify-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის გლობალური ხელმძღვანელი ლორენ პადელფორდი. – შენ ერთ ღამეში შეგიძლია კომპანიის შექმნა და გლობალური გაყიდვების დაწყება“.

ტექნოლოგიები ადამიანებს ასევე ნებისმიერი ადგილიდან მუშაობის საშუალებასაც აძლევს. 2020 წლის ივნისში, ტამპაში მცხოვრებმა მატ რედლერმა, პარტნიორებთან ერთად, პროგრამული კომპანია Panther-ი დააფუძნა, რათა დახმარებოდა ბიზნესებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით პროგრამისტებისა და დიზაინერების მოძიებაში. პანდემიამდე 23 წლის რედლერმა საზღვარგარეთ მომუშავე კოდის სპეციალისტები პირადი შეფ-მზარეულების დასაჯავშნი ვებსაიტის შესაქმნელად მოიწვია. COVID-მა მოკლა მადა, მაგრამ რედლერი მალევე გადაეწყო. ის სანაძლეოს დებდა, რომ დისტანციური მუშაობა იაფი უცხოური მუშახელის გლობალურ ტალღას გამოიწვევდა. „კომპანიები, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ტალანტების გლობალურ მარაგებზე, უკეთ პოზიციონირდებიან წარმატებისთვის მომავალ ათწლეულში“, – ამბობს ის.

ამერიკელ დაქირავებულ პერსონალთან შედარებით, სიიაფის მიუხედავად, უცხოურ მუშახელს თან მოჰყვება ხელფასის გადარიცხვებსა და ნორმების დაცვასთან დაკავშირებული თავის ტკივილი. Panther-ი აშშ-ის კომპანიებს აძლევს წვდომას ტექნოლოგიურ მუშახელზე 160 ქვეყნის მასშტაბით. მისი პროგრამა აგვარებს დაქირავებულთა შემოწმების, აყვანის, გადარიცხვების საკითხებს და ფირმებს ადგილობრივი შრომითი და საგადასახადო წესების დაცვაში ეხმარება. რედლერმა ცოტა ხნის წინ Soma Capital-ისგან, Adapt VC-სა და ე.წ. ანგელოზი ინვესტორებისგან $4.2 მილიონი მიიღო, მათ შორისაა ჯონ ორინგერიც, Shutterstockის მილიარდერი დამფუძნებელი, რომელიც ასევე მისი კლიენტია. რედლერი ამბობს: „ტალანტი ყველგანაა, მაგრამ შესაძლებლობები – არა“.

საველე აგენტი | მეტ რედლერის სტარტაპი Panther-ი კომპანიებს დაბალანაზღაურებადი, მაგრამ ფართო დიაპაზონის მქონე უცხოელი მუშახელის დაქირავებაში ეხმარება. „პანდემიის დაწყების შემდეგ ჩვენ ყველა ვმონაწილეობდით დაუგეგმავ ექსპერიმენტში დისტანციურ სამუშაოსთან დაკავშირებით“. | ფოტო: კრის კრისმანი Forbes-სთვის

COVID-ლოკდაუნმა გვიჩვენა, რომ თანამშრომლების დიდი ნაწილი ჩვეულებრივ პროდუქტიულია ცენტრალური ოფისის გარეშეც და მილიონებით ადამიანი არასდროს დაუბრუნდება სამუშაო ადგილებს. Harvard Business School-ის მარტის კვლევამ აჩვენა, რომ ოფისის მუშახელის 25%-ზე მეტი იმედოვნებს დისტანციური მუშაობის გაგრძელებას.

მაიშა ბურტმა Workchew, Forbes Next 1000-ის ერთ-ერთი ლაურეატი, 2018 წელს დააარსა იმისთვის, რომ ბარები და რესტორნები ქოვორქინგ-სივრცეებად გადაეკეთებინა დღის საათებში, როცა ისინი ძირითადად გამოუყენებელია. 46 წლის ბურტს ეს იდეა სამთავრობო კონსულტანტად მუშაობისას ეწვია. „სახლიდან მუშაობის გამო დატყვევებული ვიყავი, – ამბობს ის. – რაღაც ისეთის გაკეთება მინდოდა, კოფიშოპსა, რაც მოულოდნელობებით იყო სავსე, და WeWork-ს შორის, რაც ზედმეტად მეძვირებოდა“.

პანდემიამდე ბურტის სამიზნე აუდიტორიას კერძო პირები წარმოდგენდნენ, მაგრამ მოგვიანებით ის კორპორაციულ გარიგებებზე გადაერთო მას შემდეგ, რაც დამსაქმებლებმა საოფისე სივრცის შემცირებაზე დაიწყეს ზრუნვა, ხოლო თანამშრომლები გადაიღალნენ სამზარეულოებიდან და გადაკეთებული კარადებიდან მუშაობისგან. „ჩვენ ხელახლა ვიაზრებთ, როგორი უნდა იყოს კომუნალური სამუშაო სივრცეები, მათი ფასი და ატმოსფერო, – ამბობს ბურტი. – პარტნიორებისთვის ჩვენ ვააქტიურებთ და მონეტიზებას ვუკეთებთ მათ გამოუყენებელ სივრცეებს“.

მარტში ბურტმა $2.5 მილიონი მიიღო კომპანიებისგან – Harlem Capital Partners-ისა და Techstars Ventures-გან, ასევე Etsy-ს დამფუძნებელ კრის მაგუაირისგან და Kabbage-ის თანადამფუძნებელ Kathryn Petralia-სგან. ნაღდი ფულით ხელში, ბურტის Workchew 17 ახალ ქალაქში ფართოვდება, მათ შორის ნიუიორკში, დეტროიტში, სიეტლსა და სან-ფრანცისკოში. „ჩვენ მთელი სისწრაფით ვიცვლებით“, – ამბობს ის.

ის არ არის მარტო. მილიონობით ამერიკელი სამუდამოდ ემშვიდობება თავის ძველ კარიერას და ახალ ბიზნესს იწყებს. ეს COVID-ის დამანგრეველი კრიზისის დადებითი მხარეა. დიდი დეპრესიით განადგურებულმა 1930-იანებმა ჩვენ ტელევიზია, კომერციული ავიახაზები და კონდიციონერები მოგვცა. ისევე როგორც ფრანკლინ დელანო რუზველტმა სოცუზრუნველყოფა და ფედერალურად გარანტირებული საბანკო დეპოზიტები მოგვცა, პრეზიდენტი ბაიდენი გამოდის ფედერალური სამთავრობო პროგრამების მასობრივად გაფართოების ინიციატივით. ისეთი ტიტანები, როგორიცაა Microsoft-ი, Genentech-ი, Vanguard-ი და Home Depot 1970-იანების სტაგფლაციიდან აღმოცენდნენ. ხოლო 2008 წლის რეცესიამ, ფინანსური სექტორისა და უძრავი ქონების ბაზრის გაცამტვერებასთან ერთად, შექმნა ისეთი კომპანიები, როგორიცაა Instagram-ი, Uber-ი, Airbnb-ი, WhatsApp-ი და Slack-ი.

ციფრული დომინირება – Salesforce-ის ბოლო კვლევის მიხედვით, ახალი სტარტაპების სამოცდაათი პროცენტი ან ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული, ან დასაწყისში ონლაინინსტრუმენტებს იყენებს.

COVID-19-ის პანდემიამ უკვე შვა 4 მილიონი ახალი ბიზნესი. მათი დამფუძნებლებისთვის უკან მისაბრუნებელი გზა აღარ არსებობს. „ჩვენ შეიძლება შევესწროთ სოციალურ და ეკონომიკურ აღორძინებას, ისევე როგორც ეს მოხდა პირველი მსოფლიო ომისა და 1918 წლის გრიპის შემდეგ, „ხმაურიან 20-იანებში, – ამბობს დან ვანგი, კოლუმბიის უნივერსიტეტის ბიზნესის ასოცირებული პროფესორი. – არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვივარაუდებთ, რომ ეს ახალი წამოწყებები ახალი იდეების აფეთქებას გამოიწვევს“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *