კრემლის თქმით, შესაძლოა, ახალი პრემიერის მმართველობისას ბრიტანეთთან ურთიერთობა გაუარესდეს

კრემლის თქმით, შესაძლოა, ახალი პრემიერის მმართველობისას ბრიტანეთთან ურთიერთობა გაუარესდეს

აღმოჩნდა, რომ რუსეთი, ბრიტანეთთან მძიმე ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესებას, ახალი პრემიერ-მინისტრის მმართველობის პერიოდშიც არ გამორიცხავს. იმ უცხოელ პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის თავიდან ასაცილებლად წლის დასაწყისში მოსკოვში ჩაფრინდნენ, ახალი პრემიერი ლიზ ტრასიც იყო. შესაბამისად, ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ რუსეთი კეთილგანწყობით არც აქამდე გამოირჩეოდა.

ტრასის მიერ პრემიერობისთვის ბრძოლაში რიში სუნაკის დამარცხებამდე, კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ლონდონთან ურთიერთობა შესაძლოა, კიდევ უფრო გაუარესდეს. „სამწუხაროდ, ეს გამორიცხული არაა, რადგან პრემიერობის კანდიდატები ერთმანეთს ანტირუსულ რიტორიკაში ეჯიბრებიან“, – დასძინა კრემლის სპიკერმა, ვიდრე ბრიტანეთის ახალი პრემიერის ვინაობა გახდებოდა ცნობილი.

ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ ტრასის პრემიერობისას ბრიტანეთი უკრაინის აქტიური მხარდამჭერის პოზიციას შეინარჩუნებს და ქვეყნის იარაღით მომარაგებას გააგრძელებს. ისინი მიიჩნევენ, რომ რუსეთთან მტრული ურთიერთობა შესაძლოა, სასარგებლოც კი აღმოჩნდეს და ახლად არჩეული პრემიერის ძლიერი ლიდერობა კიდევ უფრო განამტკიცოს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თებერვალში ლიზ სტრასთან გამართული მოლაპარაკებები „ყრუსთან მუნჯის საუბარს“ შეადარა. ამის შემდგომ კი, როგორც რუსული მედია იტყობინება, ტრასმა ლავროვს უნებლიედ უთხრა, რომ ბრიტანეთი არასდროს ცნობდა მოსკოვის სუვერენიტეტს რუსეთის ორ ქალაქზე, როსტოვსა და ვორონეჟზე. კრემლმა ეს შეცდომა დასავლელი ლიდერების ცუდად ინფორმირებულობის მაგალითად გამოიყენა, ბრიტანეთმა კი რუსეთის განცხადებას პროპაგანდა უწოდა.

თუმცა, თებერვალში ვიზიტისას მომხდარი ინციდენტის მიუხედავად, კრიტიკოსების აზრით ტრასმა ნათლად აჩვენა, რომ შეუძლია მასზე უფრო გამოცდილ ლავროვსაც კი გაუმკლავდეს. ტრასი საჯაროდ დაუპირისპირდა კიდეც რუსეთის მტკიცებას, რომ უკრაინის საზღვარზე სამხედრო გაძლიერება არავისთვის მუქარას არ წარმოადგენდა. ამ განცხადებიდან ორი კვირის თავზე კი, რუსეთი მეზობელ სახელმწიფოში შეიჭრა.