კრიპტოვალუტების ღირებულება მკვეთრად ეცემა. ინვესტორები რისკიან აქტივებს ყიდიან, რის შედეგადაც, CoinGecko-ს მონაცემებით, კრიპტობაზრის საერთო კაპიტალიზაცია 24 საათის განმავლობაში 270 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა.
ერთკვირიან შუალედში Bitcoin-ის ღირებულებამ 20%-ით, თითქმის $50,000-ამდე დაიკლო, რაც მიმდინარე წლის თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
კიდევ უფრო მეტად, 30%-ითაა შემცირებული საბაზრო კაპიტალიზაციით მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის, Ether-ის ღირებულება და $2,200-თანაა ახლოს.
კრიპტოვალუტების ბაზარზე არსებული მდგომარეობა ემთხვევა საფონდო ბირჟებზე არსებულ საერთო ტენდენციას.
ერთკვირიან შუალედში იაპონური Nikkei 225-ის საფონდო ინდექსი დაახლოებით 17%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ საპროცენტო განაკვეთებს 16-წლიან მაქსიმუმამდე გაზრდიდა.
აშშ-ში კი Nasdaq-ის ინდექსი თითქმის 6%-ითაა შემცირებული აგვისტოს დასაწყისიდან დღემდე. გასულ კვირას, აქციების ვარდნა ნაწილობრივ უკავშირდებოდა კომპანიების იმედგამაცრუებელ შემოსავლებს, მოსალოდნელზე უარეს შედეგებს სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით, უმუშევრობისა და საწარმოო სექტორის მაჩვენებლებს.
ამ კვირაში ინვესტორები ჩინეთიდან და ტაივანიდან ახალ სავაჭრო მონაცემებსაც ელოდებიან, ისევე როგორც ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებებს ინდოეთსა და ავსტრალიაში.