კრიპტოვალუტის ბირჟა COINBASE-მა რუსეთთან დაკავშირებული 25,000 ანგარიში დაბლოკა

კრიპტოვალუტის ბირჟა COINBASE-მა რუსეთთან დაკავშირებული 25,000 ანგარიში დაბლოკა

აშშ-ს უმსხვილესმა კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟამ, Coinbase-მა რუსეთთან დაკავშირებული 25,000 ანგარიში დაბლოკა. კომპანიის განმარტებით, აღნიშნული პირები და ორგანიზაციები, სავარაუდოდ, არალეგალურ აქტივობებში იყვნენ ჩართულნი.

Coinbase-ის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პოლ გრევალის განცხადებით, დაბლოკილ პირთა სია და მათი ციფრული ანგარიშების მისამართები აშშ-ს მთავრობას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურებს გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, კრიპტოაქტივებზე მოთხოვნა იზრდება. თეთრი სახლის შეფასებით, არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ დასავლეთის მიერ სანქცირებულმა პირებმა შეზღუდვების გვერდის ავლა კრიპტოვალუტების საშუალებით სცადონ. ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ საერთაშორისო სავაჭრო ბირჟებს მოუწოდა, რომ მიიღონ შესაბამისი ზომებით, რათა უზრუნველყოფილი იქნეს რუს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე დაწესებული სანქციების აღსრულება.

Coinbase-მა, Binance-მა და FTX-მა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ სანქციების აღსასრულებლად და არალეგალური აქტივობების აღსაკვეთად ყველანაირ ზომებს მიიღებენ.

საგულისხმოა, რომ უკრაინის ვიცე-პრემიერმა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟებს დამატებითი მოთხოვნითაც მიმართა – გაყინულიყო ყველა რუსი მომხმარებლის ანგარიში, რაზეც კომპანიებმა უარი განაცხადეს.

Coinbase-ის აღმასრულებელი დირექტორის, ბრაიან არმსტრონგის განმარტებით, უდანაშაულო მოქალაქეების ანგარიშების დაბლოკვა არასამართლიანია და კომპანია ასეთ ნაბიჯს არ გადადგამს. მსგავს პოზიციას იზიარებს მსოფლიოს უმსხვილესი სავაჭრო ბირჟა Binance-იც.