კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა რეიტინგში კვლავ წინ მიიწევს - Goal.com

კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა რეიტინგში კვლავ წინ მიიწევს - Goal.com

მსოფლიოს ერთ-ერთმა პრესტიჟულმა სპორტულმა გამოცემა Goal.com-მა 2023 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ჩამონათვალში კიდევ ერთი პოზიციით დაწინაურდა და მე-8 ადგილიდან მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.

აქვე გეტყვით, რომ 2022-23 წლების სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე საერთო ჯამში 14 გოლი და 16 საგოლე გადაცემაა.

Goal.com-ის რეიტინგის პირველი სამეული კვლავ უცვლელია: პირველ ადგილს „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი, არგენტინელი ლიონელ მესი იკავებს, მეორე პოზიციაზე მისი თანაგუნდელი, ფრანგი კილიან მბაპეა, მესამე ადგილს კი „მანჩესტერ სიტის“ მოთამაშე, ნორვეგიელი ერლინგ ჰაალანდი სჯერდება.

აღსანიშნავია, რომ ტოპ-10-ს მიღმა დარჩა „პარი სენ-ჟერმენის“ კიდევ ერთი ფეხბურთელი, ნეიმარი, რომელიც განახლებულ ჩამონათვალში მე-11 ადგილს იკავებს. შეგახსენებთ, ბრაზილიელი წინა რეიტინგში კვარაცხელიაზე წინ იყო და მე-5 ადგილს იკავებდა. ნეიმარის ნაცვლად ათეულში შევიდა მისი თანამემამულე, კაზემირო, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას იცავს. ის ჩამონათვალში მე-9 პოზიციას იკავებს.

2023 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა განახლებული ტოპ-10, რომელიც Goal.com-მა შეადგინა, ასე გამოიყურება: 

1. ლიონელ მესი (პსჟ)

2. კილიან მბაპე (პსჟ)

3. ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი)

4. მარკუს რეშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი)

5. ვინისიუს ჯუნიორი (რეალი)

6. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)

7. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)

8. ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი)

9. კაზემირო (მანჩესტერ იუნაიტედი)

10. ჯამალ მუსიალა (მიუნხენის ბაიერნი)