უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-ს მოგება შემცირდა - ფინანსური შედეგები

უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-ს მოგება შემცირდა - ფინანსური შედეგები

მიმდინარე კვირას უოლ-სტრიტის ყურადღების ცენტრში მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგი, Berkshire Hathaway-ია, რომელსაც ლეგენდარული უორენ ბაფეტი ხელმძღვანელობს.

ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ 2022 წლის IV კვარტალში ჰოლდინგმა 6.7 მილიარდი დოლარის საოპერაციო მოგების მიღება შეძლო, რაც თითქმის 8%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საოპერაციო მოგების შემცირება იმაზე მიუთითებს, რომ Berkshire-ის მფლობელობაში არსებული კომპანიები ნაკლები შემოსავლების გენერირებას ახერხებენ, რაც უმეტესწილად მსოფლიო მასშტაბით გართულებული ეკონომიკური მდგომარეობითაა განპირობებული.

რაც შეეხება წლიურ შედეგებს, საერთო ჯამში, 2022 წელს Berkshire-მა 30.8 მილიარდი დოლარის საოპერაციო მოგება მიიღო, რაც 12%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.

7.9 მილიარდი დოლარი ჰოლდინგმა საკუთარი აქციების უკან გამოსყიდვაზე დახარჯა. ბალანსზე ნაღდი ფულის მოცულობა კი კოლოსალურ 130 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ უორენ ბაფეტის კომპანიას საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტზე თითქმის 7-ჯერ მეტი თანხა აქვს.

რაც შეეხება, სრულ წლიურ შემოსავლებს, Berkshire-მა 2022 წელი $23-მილიარდიანი ზარალით დაასრულა, ნაცვლად 2021 წელს დაფიქსირებული 90 მილიარდი დოლარის მოგებისა. აღნიშნული ზარალი საინვესტიციო პორტფელის ღირებულების შემცირებითაა განპირობებული, მოგეხსენებათ, Berkshire-ის ძირითადი დანიშნულება არა პირდაპირ ბიზნესის წარმოება, არამედ არსებული ბიზნესების შესყიდვა და შემდეგ უკვე კომპანიების მართვაა.

უორენ ბაფეტის განცხადებით, კვარტალურ და წლიურ შედეგებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს და ინვესტორებმა ასეთ მოკლევადიან ინდიკატორებს ყურადღება არ უნდა მიაქციონ.

Berkshire-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 671 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოს რიგით მეექვსე ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა, უორენ ბაფეტი კი – ყველა დროის ყველაზე წარმატებული ინვესტორი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *