სამხრეთკორეული გიგანტი LG-ი სმარტფონების ბიზნესიდან გადის. კომპანია უკვე წლებია, ამ ბიზნესში ზარალს განიცდის. LG-ის გადაწყვეტილება ამერიკის ბაზარზე უზარმაზარ ცარიელ სივრცეს ტოვებს, ვინაიდან სწორედ LG-ის სმარტფონები, Apple-ისა და Samsung-ის შემდეგ, ბაზარზე მესამე ადგილს იკავებდა.
LG-ის წილი, გასული წლის მონაცემებით, აშშ-ის მასშტაბით 11%-ს შეადგენს. მსოფლიო მასშტაბით კი სამხრეთკორეული ბრენდის წილი 2%-ს შეადგენს. გასულ წელს კომპანიამ გლობალური ბაზრისთვის 23 მილიონი სმარტფონის მიწოდება შეძლო, მაშინ როდესაც Samsung-მა 256 მილიონი სმარტფონი გაყიდა.
როგორც LG-ის პრესრელიზშია აღნიშნული, გადაწყვეტილება დირექტორთა საბჭომ უკვე დაამტკიცა, შესაბამისად, მობილური ტელეფონების ბიზნესიდან LG-ი ოფიციალურად ივლისის ბოლოს გავა. ამის შემდეგ კი კომპანია ფოკუსირებას სხვა ელექტრომოწყობილობების წარმოებაზე გააკეთებს, LG-ი უფრო მეტად იქნება კონცენტრირებული ე.წ. ჭკვიან სახლებსა და ხელოვნურ ინტელექტზე.
აღსანიშნავია, რომ LG-ის განცხადების შემდეგ, კომპანიის აქციები 2.52%-ით დაეცა.