ლიდერი ტექნოლოგიების სამყაროში

ლიდერი ტექნოლოგიების სამყაროში

გასულმა ორმა წელიწადმა გამორჩეული ლიდერშიპის მოთხოვნა წამოუყენა მსოფლიოს, მათ შორის – ციფრულ და ფინანსურ სამყაროს. ამ პერიოდში, ციფრული გადახდების გლობალური ლიდერის, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიაში დიანა კიღურაძეა. რთულ დროსა და რეგიონში იგი ახერხებს, გადახდების ქსელი კიდევ უფრო ინოვაციური, საიმედო და უსაფრთხო გახადოს.

დიანა კიღურაძე, ბიზნესლიდერი ქალი, რომელიც „ყველა გამოწვევასა და სირთულეში დადებითი მხარის დანახვას ცდილობს“, მეხუთე წელია, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი კომპანიის გუნდის წევრია. Visa 65 წლის ისტორიის მქონე კომპანიაა, მისიით, დააკავშიროს სამყარო ყველაზე ინოვაციური, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდებს, ბიზნესებსა და ეკონომიკას წარმატების მიღწევაში ეხმარება.

ჩვენს რეგიონში ამ მისიის გავრცელე­ბას დიანა კიღურაძე უზრუნველყოფს, რომელიც ორი წელია, რაც Visa-ს კავ­­კასიის რეგიონული მენეჯერია. ეს ორი წელი ბევრი პრობლემით იყო აღსავსე მსოფლიოსთვის და, განსაკუთრებით, ჩვენი რეგიონისთვის, რაც გადახდების სისტემებს ახალ გამოწვევებს უყენებ­­და. ახალ რეგიონულ მენეჯერთან ერ­­თად კომპანიამ ტურბულენტურ ვითა­რებაში ინოვაციურობა, უსაფრთხოე­ბა და საიმედოობა არათუ შეინარჩუნა, არამედ ახალ საფეხურზე აიყვანა.

დიანასთვის „ოჯახი უმნიშვნელოვანესია“, ამავდროულად, საქმე, რომელსაც აკეთებს, დიდ მოტივაციასთან ერთად, მატებს ძალას, იყოს ეფექტიანი ყველა მიმართულებით. „გამიმართლა, რომ შესანიშნავი მხარდაჭერის სისტემა მაქვს, – გულისხმობს მეუღლეს, რომელიც თანაბრად არის ჩართული ბავშვების აღზრდის პროცესში. – ერთად ვქმნით ძლიერ გუნდს, რაც მაძლევს შესაძლებლობას, დავაბალანსო ცხოვრების ეს ორი უმნიშვნელოვანესი ასპექტი”. დიანა კიღურაძეს ძალასა და მოტივაციას მატებს იმის გაცნობიერება, რომ პროფესიული მისწრაფებების მიყოლით, შვილებს პოზიტიურ მაგალითს აძლევს: „ისინი რეალურ მაგალითზე ხედავენ, რომ იყო მშობელი, არ ნიშნავს საკუთარ ამბიციებზე უარის თქმას და შეგიძლია იყო დედა, მეუღლე და წარმატებული ლიდერი ქალი“.

განვლილი ორი წელი რეგიონული მენეჯერისთვის საინტერესოც იყო, დატვირთულიც და რთულიც. ჯერ პანდემია, შემდეგ ომი უკრაინაში… Visa-ს ჰაბი კიევში მდებარეობდა, ომის გამო კი კომპანიის თანამშრომლებს სხვადასხვა ქვეყანაში გადანაწილება მოუხდათ. ბევრის გადატანა მოუწიათ, თუმცა გუნდის შეკრულობამ და მონდომებამ სირთულეები დააძლევინათ – ისინი უწყვეტად აგრძელებდნენ პარტნიორების მხარდაჭერას.

ორ წელიწადში მიღწეული წარმატება მნიშვნელოვანი ინოვაციური პროექტების ოდენობასა და პროაქტიულობაში გამოიხატება:

თითოეულ ქვეყანაში Visa-ს წარმატებას ამ პრიზმიდან აფასებენ – რა წვლილი შეიტანა და შეაქვს უნაღდო ეკონომიკის განვითარებაში, რამდენი ტრანზაქცია დაამუშავა VisaNet-ის ქსელმა, რომელიც გამყიდველსა და მყიდველს, კომპანიასა და მომხმარებელს ერთმანეთთან აკავშირებს. Visa ქმნის და ავითარებს ტექნოლოგიებს, რომლებიც ხელს უწყობს უნაღდო ეკონომიკის განვითარებას ქვეყნის ციფრული მომავლისკენ სწრაფვის გზაზე. დიანა კიღურაძე ამაყობს, რომ კავკასიის რეგიონში ამ უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულება ახლა მას აკისრია. მისი შრომის აღიარება კომპანიაში მისვლიდან, ერთი წლის თავზე “Personal Go Beyond” (შესაძლებლობის ჩარჩოს მიღმა) ჯილდოს გადაცემით დაგვირგვინდა. დსთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, რომელიც 17 ქვეყანას აერთიანებს, მსგავს ჯილდოს კომპანიაში ერთეულებს აძლევენ, რაც კომპანიის წარმატებაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს ადასტურებს. სამი წლის თავზე, კომპანიის ინდივიდუალური კონტრიბუტორებიდან, ბიზნესის განვითარების ლიდერის პოზიციიდან რეგიონული მენეჯერის პოსტზე გადაინაცვლა. „Visa-ში სჯერათ, რომ თითოეული გუნდის წევრის როლი ბიზნესის წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესია. ყოველდღიურად გრძნობ, რომ კომპანია გაფასებს და აღიარებს შენს მონდომებას და შედეგებს. ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, შრომა დამიფასდა“, – ამბობს დიანა.

„შრომისმოყვარეობა სჯობს ნიჭს, თუ ნიჭიერი შრომისმოყვარე არ არის” – ტიმ ნოტკეს ეს ციტატა დიანას მთელი ცხოვრება მიჰყვება და მას სხვებსაც უზიარებს.

თავდაუზოგავი შრომა რომ მისი ცხოვრების თანამდევი იქნებოდა, მაშინ გაიაზრა, 6 წლის ასაკში თბილისში რომ აღმოჩნდა, უცხო ქალაქში, მშობლებთან და ძმასთან ერთად, სოხუმიდან. „ალბათ ბავშვობაში გადატანილმა სირთულეებმაც დამანახა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუ ამას ძალიან მოინდომებ და თუ გჯერა საკუთარი თავის“, – ამბობს დიანა კიღურაძე. იგი მშობლების მადლიერია მის განათლებასა და წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის. ახლა კი ცდილობს, იყოს ლიდერი, „რომელიც გუნდს შთააგონებს. თვალებში ცეცხლს აუნთებს და დიდი მიღწევებისკენ უბიძგებს“ – ესაა დიანა კიღურაძის მართვის სტილი, რასაც კონტროლსაც ამატებს. თუმცა ეს არ გულისხმობს კონტროლს მიკრომენეჯმენტის დონეზე ან კრეატიულობის ჩახშობის ხარჯზე. ეს უფრო მეტად ეხება მართვას, მხარდაჭერის შეთავაზებას და საჭიროების შემთხვევაში ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას. „მყავს პროფესიონალების გუნდი, ვენდობი მათ გამოცდილებას და ვაძლევ მათ მუშაობის სრულ ავტონომიას. ამავდროულად, ვარ მათ გვერდით, რომ საჭიროების შემთხვევაში დავეხმარო სწორი კურსის აღებაში იმისთვის, რომ ვიყოთ ჩვენს სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობაში“. დიანასთვის, როგორც ბიზნესლიდერისთვის, გადამწყვეტია ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც ადამიანები თავს მოტივირებულად გრძნობენ და თავიანთი აზრის გამოთქმის არ ეშინიათ.

ყოველივე ამის მიღწევა კომპანიის შიდა მმართველობითი კულტურის გარეშე გაჭირდებოდა. ამ კულტურას დიანა პირველად მაშინ შეეხო, როდესაც Visa-ს გუნდს შეუერთდა: „დამხვდა მეგობრული გარემო, სადაც ადამიანებს ერთი მიზანი ამოძრავებთ და ყოველთვის მზად არიან მხარდაჭერისთვის“.

Visa-ს ბევრი კომპანიისგან მკაფიო და თანამშრომლებისთვის ხელშესახები ფასეულობები გამოარჩევს, რასაც ინკლუზიური და მრავალფეროვანი კორპორაციული კულტურა განსაზღვრავს.

თუ ინკლუზიურობას და მრავალფეროვნებას სტატისტიკური მაჩვენებლებით შევაფასებთ, 2022 წლის მონაცემებით, Visa-ში დასაქმებულების 58% კაცია და 42% ქალი და ხელმძღვანელ პოზიციებზე 36% ქალია. ესეც იმის დასტურია, რამხელა რესურსს დებს კომპანია გენდერულ პოლიტიკაში. „როგორც მენეჯერი და ლიდერი, ამ გარემოს ძალიან ვუფრთხილდები“, – ამბობს დიანა.

Visa თანამშრომლებს პროფესიულ და პროფესიის მიღმა ცხოვრების დაბალანსებისთვის ბევრ საინტერესო პროგრამას სთავაზობს, როგორიცაა, მაგალითად, ზაფხულის განმავლობაში მოკლე სამუშაო დღე პარასკევს და ერთი თვის განმავლობაში სხვა ლოკაციიდან მუშაობის შესაძლებლობა.

Visa-სთვის მნიშვნელოვან პროექტებს შორისაა ქალთა გაძლიერების პროექტებიც, „ქალები ერთმანეთისთვის უდიდესი მოტივატორები არიან. ერთი ქალის წარმატება სხვებს თავდაჯერებულობას მატებს, თუ ამ წარმატების გაზიარება ხდება“, – დარწმუნებულია დიანა.

მეწარმე ქალთა გაძლიერებისკენ მიმართულ პროექტებს შორის არის She’s Next Empowered by Visa, რომელიც მეოთხე წელია, საქართველოში ხორციელდება. ევროპის განვითარების ჰაბთან, Emerging Europe-თან პარტნიორობით, Visa-მ ამ პროექტის ფარგლებში წელს სოციალური მედიის ფუნქციონალით აღჭურვილი ციფრული პლატფორმა წარადგინა, რომელიც აერთიანებს ლიდერ ქალებს საქართველოში, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიის რეგიონში. პლატფორმა ხელს უწყობს მეწარმე ქალთა ნეტვორკინგს, გამოცდილების გაზიარებისა და ბიზნესის საერთაშორისო დონეზე გაფართოების შესაძლებლობებს.

დიანას, როგორც Visa-ს რეგიონული მენეჯერის ძალისხმევის შედეგია ასევე ისიც, რომ რეგიონის გუნდის გაფართოებასთან ერთად, გაიზარდა კლიენტების რაოდენობაც. საქართველოსა და სომხეთში Visa-ს პარტნიორები ბანკები და საპროცესინგო ცენტრები იყვნენ. დროთა განმავლობაში კი კლიენტების რიგებს არასაფინანსო ინსტიტუტები, ბიზნესები და ფინტექ-კომპანიებიც შეემატა. შესაბამისად, Visa-ს რეგიონულ გუნდს ბიზნესის განვითარების მენეჯერებთან ერთად, მარკეტინგის, პროდუქტების, მათ შორის ინოვაციური პროდუქტების განვითარებისა და მერჩანტებთან ურთიერთობის მენეჯერებიც შეემატნენ.

დღემდე ბევრს ჰგონია, რომ Visa, როგორც 65 წლის კომპანია, რომელიც ორასზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე ოპერირებს, ბარათების კომპანიაა. თუმცა Visa დიდი ხანია, გასცდა ბარათებს და აქტიურად ავითარებს ტექნოლოგიებს და ნერგავს ინოვაციებს ქვეყნებში, სადაც ოპერირებს. „ძალიან ბევრი ჩვენი პროდუქტი და მომსახურება საერთოდ არ არის დაკავშირებული ბარათებთან“, – ადასტურებს დიანა.

2022 წლის მონაცემებით, ამბიციური გეგმის კვალდაკვალ, Visa-მ გლობალურად 40 მლნ-ზე მეტი ბიზნესი უკვე გააციფრულა, ხოლო დარჩენილია სულ 10 მლნ. კომპანიაში დარწმუნებული არიან, რომ ამ მიზანს 2023 წელს მიაღწევენ. გეგმის წარმატებით შესრულებაში კი კავკასიის რეგიონი აქტიურად არის ჩართული. „ორივე ბაზარზე წარმატებულად დავნერგეთ ის ტექნოლოგიები, რომლებიც ამ მიზანს ემსახურება“, – ამბობს დიანა.

მსგავს ტექნოლოგიებს განეკუთვნება Tap to Phone-ი, რაც მცირე ბიზნესს გადახდების მიღებას უიაფებს. ამ გადაწყვეტილებით Visa გადახდების მიღების ქსელს გააფართოებს. ეს ტექნოლოგია მზარდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში და Visa მას აქტიურად ავითარებს პარტნიორ ბანკებთან ერთად. „მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია. პანდემიის დაწყებისთანავე განვახორციელეთ პროექტები ბიზნესების ონლაინსივრცეში მათი ტრანსფორმაციისა და გაფართოების მიმართულებით“, – გვიყვება დიანა, რომელსაც მიაჩნია, რომ მცირე ბიზნესის მხარდაჭერა ქვეყნის ეკონომიკის განსავითარებლად უმნიშვნელოვანესია, რაშიც Visa-ს თავისი წვლილი შეაქვს.

საქართველო Visa-ში რომ მოწინავე პოზიციებზეა, ამას მოწმობს VisaNet-ის მონაცემები, რომელთა მიხედვითაც ქვეყანა გლობალური ლიდერია უკონტაქტო გადახდების შეღწევადობით. Visa-ბარათის მომხმარებლები აქტიურად იყენებენ Apple Pay-ისა და Google Pay-ის ციფრულ საფულეებს ყოველდღიური გადახდებისთვის. „ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური პროდუქტების ჩამოტანა და დანერგვა ისეთ განვითარებულ ბაზარზე, როგორიც საქართველოა, განსაკუთრებულად შთამაგონებელი და, ამავდროულად, სა­პასუხისმგებლო პროცესია“, – ამბობს დიანა. Visa-მ წელს ქართულ ბაზარზე დანერგა კიდევ ერთი ინოვაციური, Visa B2B Connect-პლატფორმა, რომელიც 107 ქვეყანას აერთიანებს და ქართულ ბიზნესს საშუალებას აძლევს, მოხერხებულად და შეუფერხებლად გადარიცხოს ფული მსოფლიოს მრავალ ბაზარზე. „ამ შესაძლებლობით ხელს ვუწყობთ საერთაშორისო ვაჭრობისა და ბიზნესის გაფართოებას“, – განმარტავს დიანა კიღურაძე. ბლოკჩეინზე აგებული ეს პლატფორმა ახალი სიტყვაა დაცულ და უსაფრთხო საერთაშორისო გადარიცხვებში.

ინოვაციებზე საუბრისას დიანა კომპანიის გლობალურ პროექტს – Visa Everywhere Initiative-ს გამოყოფს. ეს არის კონკურსი ფინტექებისა და სტარტაპებისთვის. „ვეძებთ გამორჩეულ მოთამაშეებს და ამ კონკურსის ფარგლებში აღმოჩენილებს მაქსიმალურად ვეხმარებით მსოფლიო ასპარეზზე დაწინაურებაში. საქართველო აქაც სამაგალითოა“, – სიამაყით ამბობს კავკასიის რეგიონის მენეჯერი. პროექტს CEMEA-ს რეგიონული გამარჯვებულიც ჰყავს საქართველოდან – კომპანია Payze-ი, რომელიც უკვე უზბეკეთშიც გაფართოვდა და Visa-ს გუნდი იქაც აქტიურად თანამშრომლობს მათთან.

საქართველოში მიღებულ გამოცდილებას დიანას კავკასიის გუნდი სომხეთშიც წარმატებით იყენებს და უკონტაქტო გადახდებში სომხეთიც დიდი ნაბიჯებით მიიწევს წინ. „ზოგადად მცირე ზომის ბაზრებს ბევრი მსგავსება აქვთ, ჩვენი ცოდნა და გამოცდილება კი საშუალებას გვაძლევს, ყველა აქტივობა თუ ინიციატივა ზედმიწევნით კარგად მოვარგოთ ადგილობრივ საჭიროებებს“ – დიანას სიამაყეს ისიც სძენს, რომ სომხეთში Apple Pay-ისა და Google Pay-ის სისტემები 2022 წელს ჩაუშვეს, რის შემდეგაც უკონტაქტო გადახდების ტემპი სტაბილურად მზარდია, რასაც Visa-ს მონაცემებიც მოწმობს: 10 ტრანზაქციიდან 8 – უკონტაქტოა.

კავკასიის რეგიონში მიღწეულ წარმატებაში დიანა გამოყოფს თავისი გუნდის წვლილს. „მყავს პროფესიონალების გუნდი, რომლებიც საქმისადმი დიდი სიყვარულით, თავდაუზოგავი შრომით და ერთობით აშენებენ კავკასიის რეგიონის ციფრულ მომავალს. მათგან ძალიან ბევრს ვსწავლობ, ვიღებ შთაგონებას და მათთან ერთად ვიზრდები, როგორც ლიდერი“, – ამბობს დიანა.

Visa დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პროექტებს, რომლებიც კომპანიის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი აქტივობების გაცნობას ემსახურება. ერთ- -ერთი მათგანია Brand Voice by Visa, რომელიც Forbes Georgia-სთან თანამშრომლობით განხორციელდა. სამთვიანი პროექტის ფარგლებში, Forbes Georgia-ს საიტზე მკითხველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მეტი გაეგოთ მათთვის საინტერესო სხვადასხვა თემაზე, დაწყებული ციფრული გადახდების სამყაროში არსებული მთავარი ტენდენციებით და დამთავრებული საცალო ბანკინგით. საუბარი იყო ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის როლი ციფრულ ეკოსისტემაში, გადახდების გაციფრულების შესაძლებლობები, Visa-ს გამორჩეული სერვისები თაღლითობის წინააღმდეგ და ელექტრონული კომერციის როლი ინოვაციების წახალისებაში. „მიზანი იყო მილიონობით ადამიანის ცხოვრების განმსაზღვრელი საკითხები უყურადღებოდ არ დარჩენილიყო“, – ამბობს დიანა.

Visa მტკიცედ ინარჩუნებს პოზიციებს როგორც ნოვატორული, ტექნოლოგიურად განვითარებული და თანამედროვე საერთაშორისო კომპანია. ამის მიზეზი კი, ერთი მხრივ, საერთაშორისო გამოცდილება და წლობით დაგროვილი ცოდნაა, ხოლო მეორე მხრივ, კომპანიის რესურსი, კლიენტებს მათ საჭიროებებსა და თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული მომსახურება შესთავაზოს. საიმედო და უსაფრთხო გადახდის ქსელის მეშვეობით სამყაროს დაკავშირების მისიაში კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მიმდინარე ტრენდები. სიის სათავეში კი დიანა კიღურაძე ციფრული გადახდების ინოვაციურ გადაწყვეტებს ასახელებს, რაც კავკასიის რეგიონშიც აქტიურად შეიმჩნევა და ყოველდღიურობაში ხშირად გვხვდება.

მეორე ადგილზე ელექტრონული კომერციაა, რომლის აქტუალობაც გლობალურმა პანდემიამ კიდევ უფრო გაზარდა. ბიზნესები და მათი მომხმარებლები კი სისწრაფეზე, მოქნილობასა და ხარისხზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული გახადა. გარდა ამისა, 2023 -მა წელმა კომპანიას დაანახა, რომ მზარდია მოთხოვნა ღია ბანკინგზე, ისევე როგორც მზარდია ინტერესი იმ პრო­დუქტებისა და სერვისების მიმართ, რომლებიც ადამიანების ცხოვრების გამარტივებას ისახავს მიზნად. ღია ბანკინგი სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომელიც API-სერვისების გამოყენებით მონაცემთა უსაფრთხო გაზიარებას უზრუნველყოფს, რაც საბოლოოდ ციფრულ გადახდებში ინოვაციების დანერგვას, ფინანსური სერვისების შეუფერხებელ ინტეგრაციასა და მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე ზრუნვას უწყობს ხელს. მიმდინარე ტრენდია ასევე ხელოვნური ინტელექტის როლის ზრდა, მას Visa თაღლითების წინააღმდეგ ბრძოლაშიც იყენებს და სწორედ მისი გამოყენებით, თაღლითობა Visa-ს ქსელში გლობალურად ისტორიულ მინიმუმზეა. ხელოვნური ინტელექტი კომპანიას ეხმარება, კლიენტები და მომხმარებლები ფინანსური დანაკარგებისგან დაიცვას, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოავლინოს კიბერთავდასხმები და აღკვეთოს ისინი. „დარწმუნებული ვარ, ხელოვნური ინტელექტის როლი კიდევ უფრო გაიზრდება და მეტად ინტეგრირდება ყოველდღიურობაში“, – ამბობს დიანა.

ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ინდუსტრიაში ერთი დღითაც კი არ შეგიძლია ჩამორჩე განვითარების ტემპს: „იყო გუნდის ლიდერი, ნიშნავს იყო მოსწავლე“, – ამბობს დიანა. ის ახლა, წესით, ოჯახის წევრებთან ერთად, მხოლოდ კუთვნილი დეკრეტული შვებულებით უნდა იღებდეს სიამოვნებას, თუმცა თავს დროს მაინც ჰპარავს და დღემდე სწავლობს ინდუსტრიის სიახლეების გაცნობით, სხვადასხვა მოკლევადიანი კურსების გავლით, რადგან სჯერა, რომ წარმატებული ლიდერობისთვის აუცილებელია იყო ღია სიახლეებისადმი და ყოველი ახალი გამოწვევა მიიღო, როგორც შესაძლებლობა აქამდე მიუღწეველი სიმაღლეების დასაპყრობად.

Comments are closed.