ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, უკრაინისათვის ახალი შეიარაღების მიწოდების შესახებ დაანონსდება. ალიანსმა შესაძლოა, უკრაინისათვის ნატოს შეიარაღების მიწოდების სპეციალური პროგრამის შემუშავების გადაწყვეტილებაც მიიღოს.
გუშინ, 15 ივნისს, ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრებს სიტყვით უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა მიმართა. მან გამოსვლისას უკრაინის სამხედრო საჭიროებებზე ისაუბრა. ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი მზადაა, უკრაინას თავის დასაცავად სამხედრო შეიარაღება კიდევ მიაწოდოს. დახმარების ახალ პაკეტში, სავარაუდოდ, მძიმე შეიარაღება და შორ მანძილზე მოქმედი სისტემებიც იქნება გათვალისწინებული.
საინტერესოა, რომ ორდღიანი სამიტზე უკრაინის საკონტაქტო ჯგუფთან გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძეც ესწრება. საქართველო აღნიშნულ ჯგუფს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მოწვევით შეუერთდა. ნატოს შტაბ-ბინაში მიმდინარე სამიტს ფინეთისა და შვედეთის თავდაცვის მინისტრებიც ესწრებიან. შეგახსენებთ, რომ ამ ქვეყნებმა ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განაცხადი შეავსეს.
მიუხედავად იმისა, რომ დასავლური სახელმწიფოების მიერ მიწოდებული შეიარაღება უკრაინისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო, ომში გარდატეხის შესატანად კიდევ უფრო მძლავრი შეიარაღებაა საჭირო. ნატოს წევრი სახელმწიფოებისა და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის მთავარი მიზანიც სწორედ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობაა.
ცნობისათვის, ბრიუსელში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფთან თავდაცვის მინისტრების შეხვედრის პარალელურად, აშშ-მ უკრაინისათვის დამატებით $1-მილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა.