ბაიდენმა უკრაინისათვის $1-მილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა

ბაიდენმა უკრაინისათვის $1-მილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისათვის ახალი, $1-მილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა. მისი განცხადებით, დახმარების პაკეტი უკრაინისათვის ხომალდსაწინააღმდეგო სისტემების, საარტილერიო რაკეტების, ჰაუბიცებისა და სხვა სახის შეიარაღების მიწოდებას ითვალისწინებს. განახლებული სამხედრო დახმარების შესახებ ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგას სატელეფონო ზარის საშუალებით აცნობა.

გარდა აღნიშნულისა, პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინისათვის $225-მილიონიანი ჰუმანიტარული დახმარების შესახებაც განაცხადა. მისი განმარტებით, უკრაინელ ხალხს სასმელი წყალი, კრიტიკული სამედიცინო საშუალებები, ჯანდაცვის ინვენტარი, საკვები და პროდუქტების შესაძენად ნაღდი ფული გადაეცემა.

უფრო კონკრეტულად, ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი უკრაინისათვის 18 ერთეული ჰაუბიცის, მათთვის განკუთვნილი 36 000 ჭურვის, 2 ერთეული Harpoon-ის ტიპის სანაპირო დაცვის სისტემის, საარტილერიო რაკეტების, ათასობით ერთეული ღამის ხედვის აღჭურვილობისა და სამხედროების მომზადებისათვის საჭირო თანხის მიწოდებას ითვალისწინებს.

საინტერესოა, რომ ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ ინფორმაცია ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის პარალელურად გავრცელდა. ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის მინისტრთან გამართული შეხვედრების მთავარი თემაც სწორედ ნატოს ახალი დახმარების პაკეტის შესაძლებლობების განხილვაა. დასავლური ქვეყნები კვლავ აგრძელებენ უკრაინისათვის საჭირო დახმარების აღმოჩენას. თუმცა, ამ მხრივ, ყველაზე გულუხვი ამერიკის შეერთებული შტატებია. გარდა დამოუკიდებლად გაწეული დახმარებისა, აშშ საკუთარ წვლილს ნატოს ეგიდით აღმოჩენილ სამხედრო დახმარებაშიც შეიტანს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *