ფოტო: Lluis Gene / AFP via Getty Images
ესპანური მოდის ბრენდ Mango-ს დამფუძნებლის, ისაკ ანდიჩის შვილი, ჯონათან ანდიჩი, მამის გარდაცვალების საქმეზე დააკავეს. ამის შესახებ კატალონიის პოლიციამ ცოტა ხნის წინ განაცხადა.
ესპანური მედიის ინფორმაციით, ჯონათან ანდიჩი 2024 წლის დეკემბერში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით აიყვანეს – მაშინ 71 წლის მილიარდერი ისაკ ანდიჩი ესპანეთში, მონსერატის მთიან ტერიტორიაზე ლაშქრობისას ხევში გადავარდა და დაიღუპა.
თავდაპირველად გამომძიებლები ფაქტს უბედურ შემთხვევად განიხილავდნენ. ოფიციალური ვერსიით, ანდიჩს კოლიბატოში, სალნიტრეს გამოქვაბულებთან ახლოს, კლდოვან მონაკვეთზე სავარაუდოდ ფეხი დაუცურდა და ხევში გადავრდა. 2025 წლის იანვარში მოსამართლემ საქმე დახურა და აღნიშნა, რომ დანაშაულის ნიშნები არ იკვეთებოდა.
თუმცა მოგვიანებით კატალონიის რეგიონულმა პოლიციამ (Mossos d’Esquadra) და პროკურატურამ გამოძიება ხელახლა დაიწყეს. ესპანური გამოცემების ცნობით, სამართალდამცველებმა ჯონათან ანდიჩის ჩვენებაში გარკვეული შეუსაბამობები აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, მილიარდერის გარდაცვალების დროს მამასთან ერთად მხოლოდ ის იმყოფებოდა.
გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ჯონათან ანდიჩის მობილური ტელეფონიც ამოიღო. ესპანური მედიის ცნობით, საქმეში ფიგურირებს ასევე ისაკ ანდიჩის პარტნიორის, პროფესიონალი გოლფის მოთამაშის, ესტეფანია კნუტის ჩვენებაც, რომელმაც მამა-შვილს შორის დაძაბულ ურთიერთობაზე ისაუბრა.
მედიის ინფორმაციით, უთანხმოება ძირითადად კომპანიის მართვას უკავშირდებოდა. ისაკ ანდიჩმა 2014 წლიდან შვილს Mango-ს ოპერაციების კონტროლი თითქმის მთლიანად გადააბარა, თუმცა მოგვიანებით, კომპანიის წინაშე წამოჭრილი სავაჭრო სირთულეების ფონზე, მმართველობაში აქტიურად დაბრუნდა.
ცალკე დავა არსებობდა მემკვიდრეობის საკითხზეც. გავრცელებული ინფორმაციით, ისაკ ანდიჩის პარტნიორსა და ბიზნესმენის სამ შვილს შორის ქონების განაწილებაზე უთანხმოება არსებობდა.
კატალონიის უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ საქმე ამ დრომდე გასაიდუმლოებულია და დამატებითი დეტალები არ საჯაროვდება. თავად ჯონათან ანდიჩი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მამის სიკვდილი უბედური შემთხვევა იყო.
ისაკ ანდიჩი თურქეთში დაიბადა და 1960-იან წლებში ოჯახთან ერთად ბარსელონაში გადავიდა საცხოვრებლად. 1984 წელს მან და მისმა ძმამ Mango-ს პირველი მაღაზია გახსნეს. დღეს კომპანია მსოფლიოს 120-ზე მეტ ბაზარზე დაახლოებით 2,850 მაღაზიას ფლობს და 16,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. Forbes-ის შეფასებით, გარდაცვალების მომენტში ანდიჩის ქონება დაახლოებით $4.5 მილიარდს შეადგენდა.










