მარილი წარსულში სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსი იყო, რომელიც საქართველოში ანტიკური იმპერიების გავლით შემოდიოდა. კოლხები მას ხე-ტყეში, სელში და მონებში ცვლიდნენ, ლაზები კი მარილის სიძვირის გამო ბიზანტიას დაუპირისპირდნენ. სტატია მოგვითხრობს, როგორი იყო მარილის გზა შავ ზღვაში.
შავ ზღვაში მარილით ვაჭრობა, ანტიკურ ხანაში, ბერძენმა კოლონისტებმა დაიწყეს. ძვ.წ. VII-VI საუკუნეების მიჯნაზე, ყირიმში, მილეტელმა ბერძნებმა დააარსეს კოლონია პანტიკაპეუმი. ადგილობრივი კოლხები ბერძნებთან ხე-ტყით, სელით, მონებით ვაჭრობდნენ, სანაცვლოდ კი იღებდნენ იმ რესურსებს, რაც მათ მიწაზე არ მოიპოვებოდა, მათ შორის – მარილს. რომის იმპერიის ორად გაყოფის შემდეგ შავი ზღვის კონტროლი აღმოსავლეთ რომის იმპერიის (ბიზანტიის) ხელში იყო, რომელთანაც დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილი ლაზეთის სამეფო აქტიურ ვაჭრობას აგრძელებდა. VI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი ხაზგასმით აღნიშნავდა ლაზებთან მარილით ვაჭრობის მნიშვნელობას. 535 წელს იმპერიამ ლაზეთის ტერიტორიაზე პეტრას ციხე-ქალაქი ააგო და ამ სტრატეგიული პუნქტის საშუალებით ეკონომიკის მონოპოლიზაცია დაიწყო. ყველანაირი სავაჭრო საქონელი, მათ შორის, მარილი, ჩადიოდა პეტრაში, სადაც იაფად ყიდულობდნენ თვითონ ბიზანტიელები და ლაზებს გაცილებით ძვირად მიჰყიდდნენ. ამ პოლიტიკამ ხელი შეუწყო ლაზების დროებით დაპირისპირებას ბიზანტიასთან და გადასვლას სასანური ირანის მხარეს.
ანტიკური ხანიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსი – მარილი – დიდ როლს ასრულებდა ძველი ცივილიზაციების სავაჭრო ურთიერთობებში. ეგვიპტეში, ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებსა და რომში, მარილით ვაჭრობაზე სახელმწიფო მონოპოლია იყო. ზღვის მარილს მოიპოვებდნენ მკვდარი ზღვიდან, ადრიატიკის ზღვიდან, ქვის მარილს იღებდნენ კარპატებსა და პირენეის მთებში. მარილის საბადოები საუკუნეების მანძილზე ფართოვდებოდა და მეტ მნიშვნელობას იძენდა. ჰომეროსი მას ღვთაებრივ სუბსტანციას უწოდებდა; პლატონი – ღმერთებისთვის შესაფერისს. ყველა ხალხს, რომლამდეც ერთხელ მაინც მიუღწევია მარილს, ესმოდა ამ მინერალის ფასი და ცდილობდა მის მოპოვებას.
მარილის სასიცოცხლო მნიშვნელობამ მოიტანა ე.წ. მარილის გზების საჭიროება, რომელთა გავლითაც ეს პროდუქტი მარილით ღარიბ რეგიონებში შეჰქონდათ. იტალიაში იყო Via Salaria – მარილის გზა, რომელიც რომის „მარილის კარიბჭიდან“ (Porta Salaria) ადრიატიკის ზღვის სანაპირომდე გრძელდებოდა. მისი სიგრძე 246 კილომეტრს აღწევდა. მართალია, ტირენიის ზღვა რომთან გაცილებით ახლოს იყო, მაგრამ მისი მარილიანობა ადრიატიკისას ვერ შეედრებოდა. არსებობს ვერსია, თითქოს რომაელები ჯარისკაცებს მარილით (Sal) უხდიდნენ ხელფასს და აქედან მოდის სიტყვა Salary – ხელფასი, მეორე ვერსიით, მათ მარილის საყიდლად უმატებდნენ ფულს, მაგრამ რეალურად არც ერთი ეს ვერსია არ არის საკმარისად არგუმენტირებული, ამიტომ მათ ანტიკურობის მკვლევართა უდიდესი უმრავლესობა უარყოფს.
შუა საუკუნეების გერმანიაში, შლეზვიგ-ჰოლშტაინის სავაჭრო ქალაქ ლიუბეკიდან ქვემო საქსონურ ლიუნებურგამდე, 100-კილომეტრიანი „მარილის გზა“ გადიოდა. ლიუნებურგი ცნობილი იყო მარილის საბადოებით. აქ მოპოვებულ მარილს გზავნიდნენ ლიუბეკში, საიდანაც მთელი ბალტიის ზღვის სანაპიროები მარაგდებოდა. ლიუნებურგის მარილი იყო ჰანზის კავშირის ქალაქების ძლიერებისა და სიმდიდრის ერთ-ერთი წყარო. ბოსნიაში, ნარეტას გზა, XV საუკუნეში, ქალაქ დუბროვნიკსა და პოდვისოკის შორის მარილის გადასატანად გამოიყენებოდა. მსგავსი გზებით იყო დაქსელილი თითქმის მთელი ევროპა. ქვამარილის უზარმაზარმა საბადოებმა, XVI საუკუნის ლიტვა-პოლონეთის თანამეგობრობის მძლავრ იმპერიად ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა. მას შემდეგ, რაც ზღვის მარილის შემოტანა გახშირდა, იმპერიამ მნიშვნელოვანი შემოსავალი დაკარგა. პოლონური მარილი ჰანზის კავშირის გერმანული ქალაქების გზით გადიოდა ევროპაში. XII საუკუნეში, ბავარიაში, ჰერცოგმა ჰაინრიხ ლომმა მიუნხენს ქალაქის სტატუსი მიანიჭა, რათა მარილით ვაჭრობა ეკონტროლებინა. ე.წ. მარილის გადასახადით, ქვეყნები, რომლებზეც მარილის გზები გადიოდა, დიდ შემოსავალს იღებდნენ.
შავ ზღვაში მარილით ვაჭრობა, ანტიკურ ხანაში, ბერძენმა კოლონისტებმა დაიწყეს. ძვ.წ. VII-VI საუკუნეების მიჯნაზე, ყირიმში, მილეტელმა ბერძნებმა დააარსეს კოლონია პანტიკაპეუმი. შემდეგ, თეოდოსია, კიმერიკონი, ტირიტაკე, მირმეკიონი. სამოსელმა ბერძნებმა ააგეს ქალაქი ნიმფეიონი; მცირე აზიის ბერძნებმა ჰერაკლეიდან – ხერსონესი. სხვა რესურსებთან ერთად, ბერძნებმა აქ მარილის მოპოვება დაიწყეს. ყირიმის ცნობილ სივაშის ტბაში, ერთ ლიტრ წყალში დაახლოებით 180 გრამი მარილია, რაც ათჯერ მეტია ერთი ლიტრი შავი ზღვის წყლის მარილიანობასთან შედარებით. ზაფხულში, როდესაც ტბებში წყალი იწრიტება, მარილი ზედაპირზე რჩება. ამ დროს მისი შეგროვება ადვილია. ბერძნები ზღვისკენ, ხერსონესისა და პანტიკაპეუმისკენ სახმელეთო გზებით გზავნიდნენ მარილს, იქიდან კი სავაჭრო ხომალდებს მიჰქონდათ გასაყიდად. ბუნებრივია, ყირიმის ბერძნულ პოლისებს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ შავი ზღვის აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ სანაპიროებზე აღმოცენებულ სხვა ბერძნულ კოლონიებთან, მათ შორის, იმავე მილეტელების მიერ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დაარსებულ ფასისთან, დიოსკურიასთან, პიტიუნტთან, გიენოსთან. ადგილობრივი კოლხები ბერძნებთან ხე-ტყით, სელით, მონებით ვაჭრობდნენ, სანაცვლოდ კი იღებდნენ იმ რესურსებს, რაც მათ მიწაზე არ მოიპოვებოდა, მათ შორის – მარილს.
ძველი ბერძენი გეოგრაფის, სტრაბონის ცნობით, დიოსკურიაში ჩამოტანილ მარილს შემდეგ არა მხოლოდ კოლხები, არამედ მთელი კავკასიის მთიანი რეგიონებიდან ჩამოსული ხალხიც ყიდულობდა. სტრაბონი აღნიშნავს, რომ მარილის შესაძენად ჩამოდიოდნენ შიგა მთიანი მხარის მცხოვრებნი დიოსკურიაში სავაჭროდ. კოლხეთში მისდევდნენ თევზჭერას, მაგრამ იმ რაოდენობით მარილი არ ჰქონდათ, თევზის დასამარილებლად და შესანახად რომ ჰყოფნოდათ. თევზის დამარილება ძირითადად ყირიმში ან შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროებზე ხდებოდა და აქედან მიეწოდებოდა როგორც შავი ზღვის ქალაქებს, ასევე, ბოსფორისა და დარდანელის გავლით, მარმარილოსა და ეგეოსის ზღვის სანაპიროების ბერძნულ პოლისებსა და ახალშენებს. ეგეოსის ზღვა ნაკლებად მდიდარი იყო თევზით, შესაბამისად, შავი ზღვის კოლონიებიდან დამარილებული თევზის მიწოდება მნიშვნელოვანი იქნებოდა ბალკანეთის ნახევარკუნძულის, ადგილობრივი რესურსებით ღარიბი ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოებისთვის.
შავ ზღვაში მარილით ვაჭრობის სისტემა არ უნდა დარღვეულიყო ელინისტურ და რომაულ პერიოდებშიც. აღმოსავლეთის ბერძნულენოვანი სივრცე, ფაქტობრივად, ხელშეუხებელი რჩებოდა საუკუნეების განმავლობაში. ხმელთაშუა ზღვა რომის შიდა ზღვად – „ჩვენს ზღვად“ (Mare Nostrum) იყო გადაქცეული. რომი ცდილობდა, გაეკონტროლებინა ყველა საკვანძო პუნქტი შავი ზღვის სანაპიროებზე. დასავლეთი და სამხრეთი სანაპიროები რომაულ პროვინციებში შედიოდა და რომაელები მათ სრულად აკონტროლებდნენ. I საუკუნეში, იმპერატორ ტიტუს ფლავიუს ვესპასიანეს (69-79 წწ) მმართველობის დროს, მათ საყრდენი პუნქტები შექმნეს ყირიმშიც, რომლის მიღმა რომაული გავლენა ნომინალური იყო. რაც შეეხება აღმოსავლეთ სანაპიროს, კოლხეთი რომის პროვინციას არ წარმოადგენდა, მაგრამ სანაპირო ზოლი, სტრატეგიული სიმაგრეებით, რომაელთა კონტროლქვეშ იყო, ამიტომ შავი ზღვის ვაჭრობაც მათზე უნდა ყოფილიყო დამოკიდებული.
რომის იმპერიის ორად გაყოფის შემდეგ, შავი ზღვის კონტროლი აღმოსავლეთ რომის იმპერიის (ბიზანტიის) ხელში იყო, რომელთანაც დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილი ლაზეთის სამეფო აქტიურ ვაჭრობას აგრძელებდა. VI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი ხაზგასმით აღნიშნავდა ლაზებთან მარილით ვაჭრობის მნიშვნელობას. 535 წელს იმპერიამ ლაზეთის ტერიტორიაზე პეტრას ციხე-ქალაქი ააგო და ამ სტრატეგიული პუნქტის საშუალებით, ეკონომიკის მონოპოლიზაცია დაიწყო. ყველანაირი სავაჭრო საქონელი, მათ შორის, მარილი, ჩადიოდა პეტრაში, სადაც იაფად ყიდულობდნენ თვითონ ბიზანტიელები და ლაზებს გაცილებით ძვირად მიჰყიდდნენ. ამ პოლიტიკამ ხელი შეუწყო ლაზების დროებით დაპირისპირებას ბიზანტიასთან და გადასვლას სასანური ირანის მხარეს.
მარილით ვაჭრობის სისტემა შუა საუკუნეებშიც ძირითადად უწყვეტად უნდა ყოფილიყო დაკავშირებული შავ ზღვაში მარილის მოპოვების ცენტრებთან. XIII საუკუნეში აქ გენუელი კოლონისტები გამოჩნდნენ, რომელთა დასაყრდენი პუნქტი გახდა ოქროს ურდოსგან შესყიდული ქალაქი კაფა (თეოდოსია). მარილით ვაჭრობაში ჩართული იყო მეორე დიდი იტალიური სავაჭრო რესპუბლიკა ვენეციაც.
მარილით ვაჭრობას გენუისა და ვენეციის ეკონომიკაში საკვანძო როლი ჰქონდა, ისევე როგორც ზოგადად მედიტერანულ სამყაროში. 1260 წელს გენუას საფრანგეთის პროვანსიდან, იბიცადან, სარდინიიდან და ალექსანდრიიდან შემოჰქონდა მარილი, ასევე, ექსკლუზიური უფლება ჰქონდათ საფრანგეთის ქალაქებში – ტულონსა და იერში – მარილის შეტანაზე. 1270-იანი წლებიდან მარილის ამ ქსელს ყირიმიც შეემატა. გენუელებმა აქტიურად დაიწყეს ყირიმის სივაშიდან, ე.წ. დამყაყებული ზღვიდან (თათრების ენაზე Çürük Deniz), მარილის მოპოვება. აქედან მარილი მიდიოდა კაფაში და მის მახლობელ პორტებში ან ქერჩის ნახევარკუნძულის სანაოსნო სივრცეში, იტვირთებოდა სავაჭრო გემებზე. ამას გარდა, მარილის მოპოვება ყირიმში კიდევ ასობით ტბაზე შეეძლოთ.
გენუელთა შავ ზღვაში მარილით ვაჭრობა პირველად 1278 წლის ბერძნულ ცნობაში ჩანს – კონსტანტინოპოლში შეამოწმეს ვაჭარი კორადო დი რაინალდო დი ნოლი, რომელსაც აქ მარილი ჩამოეტანა. ერთი იტალიური წყაროს მიხედვით, ტრაპიზონში 390 ტონა მარილი გაჰქონდათ, 565 ტონა – სინოპში, 112 ტონა – კერასუნტში. სავარაუდოდ, უფრო მეტი კონსტანტინოპოლში იგზავნებოდა. მარილით ვაჭრობაში მონაწილეობას იღებდნენ სომხები, ალანები და თათრებიც. მარილით ვაჭრობის შესახებ ცნობებში უამრავი თურქული წარმოშობის სახელი გვხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ძვირფასი რესურსის მოპოვებასა და იტალიელ გადამყიდველებთან ვაჭრობაში ძირითადად ადგილობრივი ყირიმელები იყვნენ ჩართულნი.
1317 წლის რეგულაციებით, გენუელებს ეკრძალებოდათ მარილის გაყიდვა კონსტანტინოპოლში, მისი მხოლოდ ევროპაში გატანის უფლება ჰქონდათ. XIV საუკუნეში ვაჭრობა კიდევ უფრო გაფართოვდა და ერთ-ერთი მთავარი ცენტრი ტრაპიზონი გახდა. მარილი საკმაოდ იაფი იყო, მაგრამ ტრანსპორტირების ფასი სამჯერ აძვირებდა. შესაბამისად, გენუელები ძვირად ყიდდნენ მარილს ბერძნულ ქალაქებში, რათა დაეფარათ ტრანსპორტირების ხარჯი და მოგებაზეც გასულიყვნენ.
გენუელთა ყირიმული მარილი ევროპაშიც გადიოდა, მაგრამ ძირითადი ნაწილი, ისევე როგორც თევზი, შავი ზღვის ქვეყნებისთვის იყო განკუთვნილი. ტრაპიზონში ისინი ძვირად გაყიდული მარილით მიღებული შემოსავლით ყიდულობდნენ აღმოსავლურ საქონელს, მათ შორის – აბრეშუმსა და სანელებლებს.
XIII-XV საუკუნეებში გენუელებს საქართველოდან გაჰქონდათ ცვილი, ტილოები, აბრეშუმი, ბეწვეული, ხის მასალა, ტყავი, მარცვლეული, მათ შორის, ღომიც კი. სანაცვლოდ შემოჰქონდათ ევროპული ხელოსნური ნაწარმი, შალის ქსოვილები. მათი ყირიმული კოლონია კაფიდან იგზავნებოდა დიდი რაოდენობით მარილი და თევზი. XV საუკუნის ვენეციელი დიპლომატის, ვაჭრისა და მოგზაურის, იოსაფატ ბარბაროს ცნობით, „სამეგრელო უმეტესწილად კლდოვანი და უნაყოფოა. გარდა ღომისა, სხვა ჭირნახული არ მოჰყავთ; მარილი ჩამოაქვთ კაფიდან (ყირიმი), ამზადებენ კანაფისა და ჭინჭრის ტილოს, მაგრამ დაბალი ხარისხისას“. იმავე პერიოდის მეორე ვენეციელი მოგზაურის, ამბროჯიო კონტარინის მიხედვით, „სამეგრელოში პური ცოტა მოჰყავთ, ღვინოც მოსდით, მაგრამ დაბალი ხარისხისა. მათი საჭმელი ღომია. ამ ხალხის ცხოვრება კიდევ უფრო უბედური იქნებოდა, რომ ტრაპიზონიდან არ მოჰქონდეთ ღვინო და დამარილებული თევზი და კაფიდან – მარილი”. ისევე, როგორც ანტიკურ ხანაში, მთელი შუა საუკუნეების მანძილზეც, დასავლეთ საქართველოს სანაპიროებზე აქტიური სავაჭრო მიმოსვლა იყო. შემოტანილი დამარილებული თევზი, საკვებით შედარებით ღარიბი მხარეებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის უნდა ყოფილიყო. ასევე, მარილი, საკვების შესაზავებლად და პროდუქტის შესანახად, აუცილებლობას წარმოადგენდა.
XVI საუკუნიდან შავი ზღვა ოსმალეთის ტბად იქცა. ყირიმის სახანო მისი ვასალი იყო. ოსმალეთი ყირიმიდან იღებდა მონებს, მარცვლეულს, ხორცსა და მარილს. მარილით ვაჭრობაზე მონოპოლია ოსმალეთმა გადაიბარა. დასავლეთ საქართველოს საგარეო ვაჭრობაც ოსმალეთის ინტერესებს დაექვემდებარა. ადგილობრივი ვაჭრებისთვის დაიხურა საგარეო ბაზრები. დასავლეთ საქართველოსთვის პირველადი მოთხოვნილების საქონლის მიწოდება ოსმალეთის იმპერიის პოლიტიკურ ნებაზე იყო დამოკიდებული. ამ დროისთვის ხშირად იქმნებოდა მარილის დეფიციტი. ოსმალური ხარკი, ფეოდალური და სახელმწიფო გადასახადები მძიმე ტვირთი იყო მოსახლეობისთვის, ხოლო მარილი საკმაოდ ძვირი ღირდა. როგორც ცნობილია, იყო შემთხვევები, როცა ქართველი მეფეები და მთავრები ხარკს იმ პირობით იხდიდნენ, თუ ოსმალები მარილს და პირველადი მოთხოვნილების სხვა საგნებს შემოიტანდნენ საქართველოში. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს შავი ზღვის ვაჭრობის სასიცოცხლო საჭიროებაზე ამიერკავკასიისთვის, განსაკუთრებით, მარილის აუცილებლობაზე, რაც უცვლელი რჩებოდა საუკუნეების მანძილზე.
1783 წელს, რუსეთის იმპერიისგან ყირიმის სახანოს დაპყრობის შემდეგ, მარილის საბადოებმა კიდევ ერთხელ შეიცვალა მფლობელი. ამ პერიოდიდან რუსები აგრძელებდნენ სივაშიდან მარილის მოპოვებას და საზღვაო და სახმელეთო გზებით გატანას როგორც იმპერიის პროვინციებში, მათ შორის საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. XIX საუკუნიდან მარილი და პირველადი დანიშნულების ნივთები უფრო ხელმისაწვდომი გახდა, ამავე დროს, შემოვიდა ბევრი ახალი პროდუქტი: სიმინდი, ლობიო, კარტოფილი, მზესუმზირა, გოგრა, ხორბლის ახალი ჯიშები, კაკაო, პომიდორი. ამან გააუმჯობესა მოსახლეობის მდგომარეობაც და ძირითადად დაამარცხა შიმშილიც, თუმცა მარილსა და დამარილებულ პროდუქტს კვლავინდებურად დიდი მნიშვნელობა აქვს და მარილის მოპოვება და ამ რესურსით ვაჭრობაც ისევ აქტუალურია.