მარკ ცუკერბერგი სახელწოდება „Meta“-ს $60 მილიონად ყიდულობს

მარკ ცუკერბერგი სახელწოდება „Meta“-ს $60 მილიონად ყიდულობს

მიმდინარე წლის ოქტომბერში მარკ ცუკერბერგმა კომპანია Facebook-ს სახელი გადაარქვა და მას Meta, ოფიციალურად კი Meta Platforms-ი უწოდა. აღსანიშნავია, რომ აქამდე ამ სავაჭრო ნიშნის მფლობელი სამხრეთ დაკოტაში დაფუძნებული, საბანკო სექტორში მომუშავე კომპანია Meta Financial Group-ი იყო, რომელმაც სახელწოდება 60 მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ დათმო.

მიმდინარე კვირის დასაწყისში Meta Financial Group-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ Meta-ს სავაჭრო ნიშნის ყველა აქტივი Beige Key LLC-ს მიჰყიდეს, რომელიც Meta Platforms-თან არის დაკავშირებული. აღნიშნული ინფორმაცია ტექნოლოგიურმა გიგანტმაც დაადასტურა. Meta Platforms-ის წარმომადგენლების ცნობით, Beige Key LLC მათთან აფილირებული კომპანიაა და ზემოხსენებული გარიგების უკან თავად დგანან.

შეთანხმების მიხედვით, Meta Financial Group-სა და მის შვილობილ კომპანია MetaBank-ს ერთი წლის ვადა აქვთ მიცემული, რომ სახელწოდებიდან „Meta” ამოიღონ.

Facebook-ისთვის სახელის შეცვლა და მისთვის Meta-ს წოდება კომპანიის მეტავერსით დაინტერესებასა და ვირტუალური რეალობის მიმართულებით ტექნოლოგიური განვითარებისკენ სწრაფვას ასახავს. აღსანიშნავია, რომ Meta Platforms-მა მიზნისკენ ნაბიჯების გადადგმა უკვე დაიწყო. მან გასულ კვირას ვირტუალური რეალობის თამაშის ბეტა ვერსია ამერიკასა და კანადაში ხელმისაწვდომი გახადა.