მარტივი გზამკვლევი სტარტაპერებისთვის

მარტივი გზამკვლევი სტარტაპერებისთვის

ინტერვიუ ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპ STACK-ის თანადამფუძნებელ გიორგი ლალიაშვილთან.

გზა სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად; უპირატესობა, რომ დაინახო შესაძლებლობა იქ, სადაც სხვები მხოლოდ პრობლემას ხედავენ; ხელსაყრელი მოცემულობა, იმუშაო შენთვის პრიორიტეტულ და საინტერესო საკითხებზე; გარემოება, რომ თავად აირჩიო შენი გუნდის წევრები; შანსი, ასწიო რამდენიმემილიონიანი ინვესტიცია… – დიახ, სწორად მიხვდით, ჩვენ ახლა სტარტაპზე, მის დამფუძნებელსა და მის ულევ უპირატესობებზე ვსაუბრობთ. თუმცა არის კი გზა “სამყაროს შესაცვლელად” ისეთი მარტივი, სწორხაზოვანი და გლუვი, როგორიც ის ერთი შეხედვით ჩანს?

Y Combinator-ის თანადამფუძნებელი პოლ გრეჰემი კი ამბობს, რომ რაიმე სახის უბედურების გარეშე, სტარტაპის დაწყებიდან ლიკვიდურობამდე მისვლის შანსი ათასიდან ერთია. სტატისტიკის გათვალისწინებით კი სტარტაპების 95% წარმატებას ვერ აღწევს.

თუ მარცხის ალბათობა ასეთი მაღალია, რატომ არის ანტრეპრენიორობა ასეთი მიმზიდველი, საინტერესო და სასურველი? რატომ უჭერს მხარს საჯარო თუ კერძო სექტორი სტარტაპებსა და ანტრეპრენიორებს ასე აქტიურად?

ალბათ იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა ქვეყნის ერთ- ერთი პრიორიტეტია. ასეთი ეკონომიკა კი სწორედ ამ ადამიანების მეშვეობით იქმნება, სწორედ ისინი გამოდიან კომფორტის ზონიდან და ცდილობენ, მსოფლიო უკეთესი გახადონ, სხვადასხვა ინდუსტრიისა თუ სექტორის პრობლემები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მეშვეობით გადაჭრან. სტარტაპის წარმატების შემთხვევაში კი რისკი და თავდადება ერთნაირად ფასდება დამფუძნებლისთვის, ინვესტორისა და ქვეყნისთვის.

და მაინც, ვინ არიან ანტრეპრენიორები – ფარული ძალის მქონე ჯადოქრები თუ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, დათმონ პირადი კომფორტი უფრო დიადი მიზნისთვის, რომლისაც მათ ყველაზე მეტად სჯერათ?

არის თუ არა თითოეულ ჩვენგანში ანტრეპრენიორი, რომლის გამოღვიძების შემთხვევაში ვიგებთ ჩვენი ფარული ძალების შესახებ და ჩვენც ვერთვებით თავგადასავლებით აღსავსე ტურბულენციაში, რომელსაც სტარტაპერობა ჰქვია?

ერთ-ერთი ძალიან წარმატებული ქართული ტექნოლოგიური სტარტაპის – STACK-ის თანადამფუძნებელი გიორგი ლალიაშვილი მიიჩნევს, რომ ანტრეპრენიორობა უნარზე მეტად აზროვნების მიმართულებაა. “მეცნიერები სამყაროს სწავლობენ და კანონზომიერებებს ადგენენ. ინჟინრები ამ აღმოჩენებზე დაყრდნობით ტექნოლოგიას ქმნიან, ანტრეპრენიორები კი ტექნოლოგიების გამოყენებით საყოველთაო პრობლემების გადაჭრას ცდილობენ და გადაწყვეტის თითოეულ მომხმარებლამდე მიტანას უზრუნველყოფენ”, – ამბობს გიორგი.

სტარტაპზე, ანტრეპრენიორობის მრავალწახნაგობაზე, და გზაზე, რომელიც “სტექის” იდეის დაბადებიდან მისი ინვესტორის წინაშე წარდგენამდე გაიარა, “სტექის” თანადამფუძნებელი გიორგი ლალიაშვილი მოგვიყვება.

რა არის “სტექი”, როგორ გაჩნდა ეს იდეა და განვითარების რა ეტაპზეა ამჟამად?

“სტექი” არის ალტერნატიული ბრაუზერი, რომელიც ყოველდღიურად გამოყენებულ ვებაპლიკაციებთან ინტუიციურად და უფრო მარტივად მუშაობის საშუალებას იძლევა, ვიდრე არსებული ბრაუზერები.

იდეა ჩვენს ტექ-გურუს – ზიკოს დაებადა, როდესაც სხვა პროექტზე ვმუშაობდით. თავიდან “სტექი” სოც-მედიის აპლიკაციების გამშვებად შეიქმნა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ზიკომ ასობით დადებითი შეფასება მიიღო რამდენიმე ტექ-პლატფორმისგან – შემოგვთავაზა, რომ “სტექზე” როგორც კომპანიაზე, ისე გვეფიქრა.

ამჟამად კვირაში 5%-ით ვიზრდებით, მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 8%-მდე უნდა გავზარდოთ.

ჩვენი შემდეგი მიზანი 10,000 მომხმარებელია წლის ბოლომდე და სტაბილური 35%-იანი ზრდა! რადგან ჩვენი პროდუქტი ჯერჯერობით სრულიად უფასოა, აქცენტს მომხმარებლების რაოდენობაზე ვაკეთებთ, შემდგომი გაყიდვების რაოდენობა იქნება.

რა ხდება იდეის შემდეგ?

როგორც კი “სტექის” სტარტაპად ქცევა გადაწყდა – ე.წ. Lean-მეთოდებით დავიწყეთ იმაზე ფიქრი, თუ ვისთვის იყო “სტექი”, რა ფორმა იქნებოდა ყველაზე ეფექტიანი იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებსაც ჩვენ ვუმიზნებდით და როგორ უნდა გვემუშავა, რომ რაც შეიძლება მალე გამოგვეცადა ჩვენი ვარაუდები. მერე შესაძლო ვადები განვსაზღვრეთ, რასაც სავარაუდო ფინანსური საჭიროებებიც მოჰყვა და ამ მიმართულებითაც დავიწყეთ ფიქრი.

დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ ბიზნესიდეაზე გიმუშავიათ. როგორ ფიქრობთ, რა იყო “სტექში” ისეთი, რამაც დაგარწმუნათ, რომ ღირდა მასში დროისა და თანხის ინვესტირება?

მომხმარებლის უკუკავშირი და მნიშვნელოვანი ტექ-გადატრიალების მოხდენის პოტენციალი იყო ის, რაც ბევრ კომფორტზე უარის თქმაში დამეხმარა და აქამდე მომიყვანა. იმავეს თქმა შემიძლია “სტექის” მთელ გუნდზე.

რა ტიპის გამოცდილება გქონდათ აქამდე და რამდენად დაგეხმარათ იმ საქმეში, რასაც უკვე დღეს აკეთებთ?

მშობლების წყალობით ყოველთვის მაინტერესებდა, როგორ მუშაობს სამყარო. უნივერსიტეტში ფიზიკის განხრით ვსწავლობდი, რაც კომპლექსური საკითხებისადმი მარტივ მიდგომაში დამეხმარა. შემდეგ სტარტაპის კეთება დავიწყე და ბევრი რამ ვისწავლე ინოვაციის, ბიზნესისა და მომხმარებლის ფსიქოლოგიის შესახებ. მერე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების  საააგენტოში ბიზნესინკუბატორს ვხელმძღვანელობდი და სტარტაპები სხვა პერსპექტივიდან დავინახე – როგორც მენტორმა, ინვესტორმა და ფასილიტატორმა. ეს ყველაფერი დღესაც მეხმარება იმაში, რომ ბევრი სხვადასხვა კუთხით შევაფასო “სტექის” პოტენციალი, განვითარების გზები და ჩემი თითოეული ნაბიჯი.

ძალიან რთულია, იდეიდან, პროტოტიპიდან ხელშესახებ შედეგამდე მისვლა – როგორი იყო თქვენი გზა?

შეიძლება ითქვას, რომ “სტექი” იდეიდან პირველ თრექშენამდე ორ დღეში მივიდა, რადგან ამდენი ხანი დასჭირდა ზიკოს პირველი “სტექის” გასაკეთებლად და გასაშვებად. თუმცა არსებულ თრექშენამდე მოსასვლელად ყველამ ერთად ვიმუშავეთ: მუდმივი ახლო კონტაქტი გვაქვს მომხმარებლებთან, რომ ვიცოდეთ, რა საჭიროებები და მოთხოვნები აქვთ. დეველოპმენტის გუნდი მუდმივად მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამის ცვლილებებზე და პროდუქტის წინსვლაზე მუშაობს. პარალელურად ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდ ტექ- ღონისძიებებს ვესწრებით, რომ “სტექი” სწორ აუდიტორიასთან მივიტანოთ. დანარჩენს თვითონ მომხმარებლები აკეთებენ ხმის გავრცელებით.

რა იყო ყველაზე დიდი წარუმატებლობა, რაც დღემდე “სტექს” ჰქონია და რა ისწავლეთ მისგან? დაუშვით თუ არა ისეთი შეცდომები, რომელთა თავიდან აცილებასაც ისურვებდით?

YCombinator-ის ორი უარი იყო ყველაზე მტკივნეული ჩემთვის და მასწავლა, რომ, რასაც არ უნდა წერდეს აქსელერატორი, ინკუბატორი თუ VC ფონდი თავის საიტზე თუ სხვა საკომუნიკაციო არხებში – მთავარი, გადამწყვეტი ფაქტორი სტარტაპების შეფასებისას მაინც ე.წ. თრექშენია.

გულწრფელად ვფიქრობ, რომ ყველა შეცდომა, რაც დავუშვით, აუცილებლად დასაშვები იყო. ერთადერთი, რასაც შევცვლიდი, არის ის, რომ რამდენიმე შეცდომის დაშვების შიშით პირდაპირი ნაბიჯები არ გადავდგით. მაგალითად, Windows ვერსია ჯერ არ გვაქვს, იმიტომ რომ არ ვიცით, როგორ იმუშავებს და არ გვინდა, იმედი გავუცრუოთ ათჯერ მეტ მომხმარებელს, ვიდრე ახლა გვყავს. გვეშინია, მაგრამ ვებრძვით შიშებს.

როდის გამოჩნდა შუქი გვირაბის ბოლოს?

ჯერ შუქამდე ძალიან შორია. გვირაბის სიღრმეში უფსკრულში ჩასავარდნია და მისკენ მივექანებით სრული სვლით. და როგორც ჩვენი ოპერაციების დირექტორი, დაჩი ამბობს – ისეთი სიჩქარით უნდა მივიდეთ უფსკრულთან, რომ გადავაფრინდეთ და აი, მერე გამოჩნდება სინათლე…

როგორ ფიქრობთ, რა უფრო მნიშვნელოვანია – იდეა, რომელზეც მუშაობთ თუ ის გუნდი, რომელთან ერთადაც მუშაობთ?

ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია, მოგწონდეს, რასაც აკეთებ და აკეთებდე იმას, რაც მოგწონს. დანარჩენი პიროვნულია. ზოგჯერ იდეა და ხედვა იმდენად დიდია, რომ ვისთან ერთად და რა გარემოში იმუშავებ – სულ ერთია. ზოგჯერ კი გუნდი ისეთი მაგარია, რომ რას აკეთებ მასთან ერთად – არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. მე ჩვენი გუნდიც და იდეაც იმდენად მიყვარს, რომ მჯერა, თუ ოდესმე რომელიმე მოიკოჭლებს – მეორე აუცილებლად გაქაჩავს!

თქვენი გუნდი როგორ ჩამოყალიბდა?

გუნდის უმრავლესობა სტუდენტობიდან ვიცნობთ ერთმანეთს. უნივერსიტეტის შემდეგ ჩვენი გზები გაიყო, მაგრამ “სტექმა” ისევ გაგვაერთიანა. ყველანი ძალიან ახლო მეგობრები ვართ და ძალიან ბევრი და საინტერესო კუთხით ვიცნობთ ერთმანეთს.

რამდენად მნიშვნელოვანია გუნდში სხვადასხვა კომპეტენცია?

ძალიან მნიშვნელოვანია გუნდში მრავალფეროვნება და არა მხოლოდ კომპეტენციების კუთხით. განსხვავებული ხედვა, ინტერესები, ჩვევები, უნარები, საკითხებისადმი მიდგომა და სხვა მახასიათებლები და ამ ყველაფრის გაერთიანება მიზნის გარშემო – ყველაზე კარგ შედეგს იძლევა ჩვენი გამოცდილებით.

როგორია თქვენი, როგორც ანტრეპრენიორის, ერთი დღე? როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვლება ის თქვენი სტარტაპის განვითარებასთან ერთად?

ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, – მინდა, თუ არ მინდა – ძილშიც “სტექზე” ვფიქრობ. დილით ე.წ. StandUp გვაქვს – მთელი გუნდი ვიკრიბებით, გაკეთებულ დავალებებს მიმოვიხილავთ და გასაკეთებელს ვგეგმავთ. მერე იწყება მუშაობა: ზარები, წერილები, პრეზენტაციები, ფინანსები, საკომუნიკაციო მესიჯები, მუშაობის სქემები – ამ ყველაფრის განხილვა და შეთანხმება თანაგუნდელებთან და ძალიან ბევრი ფიქრი – ძირითადად იმაზე, თუ როგორ გააკეთო ახალი რაღაც ისე, რომ სხვა რამე არ გააფუჭო. ერთი რამ, რაც ზუსტად ვიცი, რომ სტარტაპის განვითარებასთან ერთად შეიცვლება – უფრო მეტი რაღაც იქნება გასაფუჭებელი და უფრო მეტი ფიქრი დასჭირდება.

გეგმების შესახებ უნდა გკითხოთ, რა განვითარების გეგმები გაქვთ მომავალში? გამოსვლის სტრატეგიაზე თუ გიფიქრიათ?

ჩვენი ხედვა ასეთია – გვინდა, შევცვალოთ და გავაუმჯობესოთ კაცობრიობის საკომუნიკაციო მეთოდები. დღეს ადამიანები ყველაზე მეტ ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით ცვლიან და ჩვენც ბრაუზერის დახვეწით დავიწყეთ, თუმცა ბრაუზერით არ შემოვიფარგლებით და მომავალში სხვა მეთოდებით განვავითარებთ ხალხის საკომუნიკაციო საშუალებებს. ასე რომ, ეგზითამდე ჯერ ძალიან შორია.

რამდენად რეალურია ქართული კომპანიისთვის ინვესტიციების მოზიდვა საზღვარგარეთ?

ძალიან ბევრ ვენჩურულ ინვესტორსა და ფონდს შევხვდით და ვესაუბრეთ. ერთ- ერთი ძირითადი ფაქტორი, რის გამოც ეს ინსტიტუტები ქართულ კომპანიებში ინვესტიციისგან თავს იკავებენ, არის ინფორმაციისა და გამოცდილების სიმცირით გამოწვეული უნდობლობა. ვინმემ უნდა დაიწყოს და ქართულ კომპანიაში წარმატებული ინვესტიციისა და ეგზიტის თვალსაჩინო პრეცედენტი შექმნას. ასე დაჩქარდება ჩვენი მხრიდან ნდობის მოპოვება საერთაშორისო ინვესტორების წრეში. გვჯერა, რომ “სტექი” ამ საქმეშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

სად უნდა ვეძებოთ ინვესტორები?

რა თქმა უნდა, თუ შენს პროდუქტს არავინ იყენებს და არავინ აფასებს მას – ძალიან რთულია, მხოლოდ საკუთარი რწმენით და ენთუზიაზმით დაარწმუნო ვინმე, საკუთარი რესურსებით გარისკოს შენთან ერთად. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი გაყიდვები ან თუნდაც მომხმარებლების ყოლა მანამ, სანამ ფინანსების მოძიებაზე აქტიურ მუშაობას დაიწყებ. რაც შეეხება ინვესტორების პოვნას – სხვადასხვა ტიპის ინვესტორები კომპანიის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ერთვებიან საქმეში და ამ ინფორმაციის მოძიება წინასწარ შეიძლება. ჩვენ ფინანსების მოძიება საგრანტო პროექტებით და ოჯახის წევრებით დავიწყეთ. მას შემდეგ, რაც საკმარისი სამომხმარებლო ბაზა და უკუკავშირი დავაგროვეთ – ე.წ. Seed-ინვესტიციის ძიებას შევუდექით და აქსელერატორს შევუერთდით, რომელიც ადრეული ეტაპის ინვესტორად შეიძლება განვიხილოთ. ახლა უფრო დიდი გუნდი გვყავს, ჩვენი მომხმარებლების რაოდენობაც სწრაფად იზრდება და მომდევნო საინვესტიციო რაუნდში მონაწილეობის მისაღებად ვენჩურული კაპიტალის ინვესტორებიც ინტერესდებიან. ასეთ ინვესტორებს, როგორც წესი, გაყიდვები აინტერესებთ ხოლმე, თუმცა, გამონაკლის შემთხვევებში, მომხმარებლების სწრაფი და სტაბილური ზრდაც საკმარისი პირობაა მათი დაინტერესებისთვის.

რა არის აუცილებელი კომპონენტი იმისთვის, რომ ინვესტორის ყურადღება მიიქციო? რამდენად მნიშვნელოვანია ინვესტორთა დივერსიფიცირება?

პოტენციალი. ყველა ინვესტორს ზრდის პოტენციალი აინტერესებს. მათი ამოცანაა ისეთი ინვესტიციების გაკეთება, რომლებიც დიდი ალბათობით განსაზღვრულ მომავალში ათმაგად ან თუნდაც ორმაგად დაუბრუნდებათ. რაც მეტია წარმატების ალბათობა – მით ნაკლებ შესაძლო უკუგებაზე თანხმდება ინვესტორი. ამიტომ კომპანიის დამფუძნებლების საქმეა რისკების შემცირება და ამის დადასტურება რიცხვებით – მომხმარებლების დიდი რაოდენობით, გაყიდვების დიდი რაოდენობით, ან ამ რიცხვების სწრაფი და სტაბილური ზრდის დემონსტრირებით. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში კომპანიის ღირებულების ზრდის პოტენციალს აჩვენებს და ეს აინტერესებს ინვესტორსაც. ბევრი ინვესტორის ყოლა კარგიც არის და ცუდიც.

ბევრ ინვესტორთან ურთიერთობის მენეჯმენტი რთული პროცესია. შესაძლოა, რამდენიმე ინვესტორს შორის ინტერესებზე შეთანხმება ვერ მოხდეს და ამით კომპანიამ იზარალოს. მეორე მხრივ, რაც მეტი ძლიერი და კეთილმოსურნე პარტნიორი გყავს – მით მეტია წარმატების შანსი.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ე.წ. “პიჩინგის”დროს? რამდენად გულწრფელი ხართ ინვესტორებთან და რამდენად “ალამაზებთ” ფაქტებს?

პიჩინგის დროს ძირითადად სამი რამ არის მნიშვნელოვანი: იცოდე, რა აინტერესებს მსმენელს, იცოდე, რაზეც ლაპარაკობ და ამბობდე მხოლოდ იმას, რისაც გჯერა. ასეთ შემთხვევაში “პიჩი” ძალიან ბუნებრივი გამოდის, დროშიც კარგად ეტევა და მსმენელიც კმაყოფილია. ეს ძალიან ზოგადი რჩევაა, მაგრამ დანარჩენი ტექნიკისა და გამოცდილების ამბავია. რა თქმა უნდა, საწყის ეტაპზე ვცდილობთ, რაც შეიძლება კარგი კუთხით წარმოვაჩინოთ ჩვენი კომპანია ინვესტორებთან, თუმცა გულწრფელობა აუცილებელია. ერთი რამ უნდა გვესმოდეს კარგად – ინვესტორი არ არის მისტიკური არსება, რომლისგანაც ფულს სესხულობ და პროცენტებით უბრუნებ. ინვესტორი შენი პარტნიორია და მისი დაინტერესება კომპანიის წარმატებაში დამფუძნებლის ინტერესზე არანაკლებია. ფინანსურ ტრანზაქციებამდე მაინც ყველა პარტნიორი გაიგებს სიმართლეს და ამ ეტაპზე თუ რამე უზუსტობა გამოჩნდა – ეს პარტნიორებს შორის მომავალში უნდობლობას გამოიწვევს. შესაბამისად, ინვესტორების მოტყუება კონტრპროდუქტიულია და არანაირი აზრი არა აქვს.

რა არის ის კითხვები, რაც ანტრეპრენიორმა უნდა დაუსვას ინვესტორს?

ზუსტად იგივე კითხვები, რასაც დაუსვამდა თანამშრომელს ან ბიზნესპარტნიორს. უნდა გაიგო, რით დაეხმარება ინვესტორი კომპანიას და რას ელოდება სანაცვლოდ. არ არის აუცილებელი, დამფუძნებლებსა და ინვესტორებს ერთი და იგივე ინტერესები ჰქონდეთ. მთავარია, ამ ინტერესების თანხვდენა ხდებოდეს თუნდაც რაიმე განსაზღვრულ ვადაში. ჩვენ ყველა ინვესტორს ვეკითხებით, რა ინდუსტრიის კომპანიებში აქვთ ინვესტიციის გამოცდილება? კონკრეტული კომპანიების სახელებს ვეკითხებით და შემდეგ ამ კომპანიებსაც ვეკითხებით აზრს მათ შორის თანამშრომლობაზე. ასევე ვეკითხებით, რა მოლოდინი აქვთ იმ კომპანიებისგან, რომლებშიც ფულს დებენ, რა მეთოდებით და რამდენად ერთვებიან კომპანიის მართვაში, როდის და რა გზით არჩევენ კომპანიიდან გასვლას და ა.შ.

თქვენი ნება რომ იყოს, რომელ გამოც  დილ ანტრეპრენიორს მოიწვევდით ბორდში?

პიტერ ტილს, ან ილონ მასკს. მოკლედ, PayPal Mafia-დან ნებისმიერს.

რომელ აქსელერატორში ხართ და როგორ დაახასიათებდით აქსელერაციის როლს თქვენი ბიზნესის განვითარებაში?

360Lab არის ავსტრიულ-ამერიკული აქსელერატორი, რომელიც 360Group-ს ეკუთვნის. აქსელერატორის ძიება თავიდანვე დავიწყეთ. ისეთს ვეძებდით, რომელიც მოგვცემდა ფინანსებს, სამუშაო სივრცეს, ხარისხიან კავშირებს მომავალ ინვესტორებთან და ცოდნას. რა თქმა უნდა, საუკეთესოებს ვუმიზნებდით, როგორიცაა Ycombinator-ი, 500 Startups-ი, TechStars-ი. თუმცა ამ აქსელერატორებისთვის ზედმეტად ადრეულ ეტაპზე ვიყავით, და მიმდინარე პროგრამებში ვერ მოვხვდით. მოგვიანებით აღმოვაჩინეთ 360, რომელიც აქსელერაციის მეორე რაუნდისთვის ეძებდა გუნდებს. მოვიძიეთ დეტალური ინფორმაცია, გავარკვიეთ, რა სარგებელს მივიღებდით, რა ტიპის პარტნიორს შევიძენდით აქსელერატორის სახით, წინა ნაკადის გუნდებსაც ვესაუბრეთ რეკომენდაციისთვის, მივიღეთ მონაწილეობა შესარჩევ კონკურსში და ოთხ სხვა სტარტაპთან ერთად გავიმარჯვეთ.

მინდა, კარგად განვმარტო აქსელერატორის მნიშვნელობა დამწყები ანტრეპრენიორებისათვის. როგორც წესი, აქსელერატორები სტარტაპებს ეხმარებიან რომელიმე კონკრეტული ეტაპის სწრაფად გავლაში. ამისათვის მცირე ზომის ფინანსურ ინვესტიციასაც ახორციელებენ და მენტორების ცოდნითა და გამოცდილებით ეხმარებიან ხოლმე კომპანიის წილის სანაცვლოდ. ჩვენს შემთხვევაში მომხმარებლების რაოდენობის სწრაფი ზრდა არის ის, რაშიც აქსელერატორი ყველაზე მეტად გვეხმარება. ასევე გვაძლევს უფასო სამუშაო სივრცეს, სადაც სხვა სტარტაპებთან ერთად ვმუშაობთ გამოცდილი მენტორებისა და პროფესიონალების გარემოცვაში.

“სტექმა” წარმატებას რომ ვერ მიაღწიოს, რა იქნება თქვენი შემდეგი სვლა?

“სტექი” ჩვენთვის არის არა პროდუქტი, არამედ იდეა. ბევრი იტერაციისა და დაუღალავი მცდელობების შემდეგ, თუ “სტექი”, როგორც პროდუქტი, მაინც წარუმატებელი აღმოჩნდება, სხვა გზებით შევეცდებით ჩვენი იდეის განხორციელებას.

როდის იტყვით, რომ წარმატებული ხართ? რა არის ამისთვის აუცილებელი?

ძალიან რთულია ამის ზუსტად თქმა, რადგან ყოველ მომდევნო ეტაპზე გადასვლისთანავე ახალი მიზნები მაქვს, წარმატების საზომი ერთეული მეცვლება ხოლმე. თუმცა ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ როცა 1,000,000 მომხმარებელი იქნება კმაყოფილი “სტექით”, – მეც კმაყოფილი ვიქნები.

რას ეტყოდით თქვენს თავს ხუთი წლის წინ?

ზუსტად ხუთი წლის წინ დაიწყო ჩემი ანტრეპრენიორული ცხოვრება, როცა ზიკოსთან ერთად დუბაიში წავედი სტარტაპზე სამუშაოდ. ახლა რომ მქონდეს იქ მისვლის და ჩემს თავთან საუბრის საშუალება – ვეტყოდი, რომ სწორ გზაზე დგას, მაგრამ უფრო ჩქარა უნდა იაროს!

რამდენად მარტივია დღეს ბიზნესის/ სტარტაპის დაწყება საქართველოში?

დაწყება ძალიან მარტივია. საქართველო იმ ქვეყნების უმცირესობაში შედის, სადაც ნიჭიერი და კრეატიული ხალხი ცხოვრობს, ინტერნეტი ხელმისაწვდომია და ცხოვრებაც არაა ძვირი სხვა ქვეყნებთან შედარებით. ამიტომ რაიმე ახლის დასაწყებად და გამოსაცდელად ძალიან კარგი გარემოა. აი, მასშტაბირება და ზრდა ნამდვილად არ არის მარტივი. მოსახლეობის სიმცირისა და საერთაშორისო ბაზართან ენობრივი ბარიერის გამო სწრაფად მზარდი კომპანიის მენეჯმენტი საქართველოდან ბევრ სირთულეს აწყდება. თუმცა, ჩემი დაკვირვებით, ეს სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება. როგორც გითხარით – მთავარია სირთულეებსა და პრობლემებში შესაძლებლობების დანახვა და მათი ნაბიჯ- ნაბიჯ გადაწყვეტა. ოღონდ ქვემოდან უნდა დავიწყოთ, როგორც მარკეტერები ამბობენ, Bottom-Up Approach-ით. თუ ანტრეპრენიორებს არ შერცხვებათ თავიანთი იდეების და არ შეეშინდებათ მარცხის, თუ მომხმარებელს მეტი ნდობა და გახსნილი დამოკიდებულება ექნება ქართული ინოვაციების მიმართ – მაშინ აქსელერატორსაც, კორპორაციებსაც, ინვესტორებსაც და სახელმწიფოსაც მეტი ინტერესი გაუჩნდება ამ პროცესის ხელშეწყობა -წახალისებისთვის.