Mastercard-ი კრიპტოინდუსტრიაში შესაბიჯებლად კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმას გეგმავს. მისი განცხადებით, კომპანია NFT-ების, არაჩანაცვლებადი ტოკენების შესყიდვებს გაამარტივებს. „ციფრული საქონლის შესყიდვა ისეთივე მარტივი უნდა იყოს, როგორიც ელექტრონული კომერციის საიტზე მაისურის ან სხვა ნივთის შეძენაა“, – განაცხადა Mastercard-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა.
დღესდღეობით NFT-ის ყიდვა არც ისე მარტივია. ამისათვის დაინტერესებულმა პირმა რამდენიმე ოპერაცია უნდა განახორციელოს, რომელთა შორისაც კონკრეტულ პლატფორმაზე რეგისტრაცია, კრიპტოსაფულის შექმნა, კრიპტოს ყიდვა და შემდეგ მისი NFT-ში გადაცვლა შედის. Mastercard-ს კი სურს, რომ ეს ყველაფერი ერთი დაკლიკებით იყოს შესაძლებელი.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად Mastercard-ი ცნობილ კრიპტოსავაჭრო პლატფორმა Coinbase-თან ითანამშრომლებს. კომპანიის განცხადებით, შესყიდვების გამარტივება ტექნოლოგიასა და ინოვაციებს უფრო სწრაფად გაავრცელებს, რასაც საბოლოო ჯამში ეკონომიკური კეთილდღეობა მოჰყვება.
როგორც ჩანს, Mastercard-ი NFT-ების ბაზარს ოპტიმისტურად უყურებს. მისი მიზანი იმ ხელოვანების მხარდაჭერაცაა, რომლებიც ამ პროდუქტებს ქმნიან. ადამიანების ინდუსტრიაში უსაფრთხო ჩართულობა კი ბაზარს კიდევ უფრო გაზრდის. ამისათვის, Mastercard-ი კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გაზრდასაც გეგმავს. კომპანიის მომხმარებლები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ მათ მიერ შეძენილი NFT უსაფრთხოდ იქნება შენახული.