სწრაფი კვების რესტორნების უდიდესმა ქსელმა, McDonald’s-მა, კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, კომპანიის გაყიდვები მეორე კვარტალში გლობალურად 1%-ით შემცირდა. ეს პირველი ვარდნაა გასული 13 კვარტალის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსები გაყიდვების მაჩვენებლის 0.53%-ით ზრდას ვარაუდობდნენ.
სპეციალისტების განცხადებით, ინფლაციის გამო დაბალი შემოსავლის მქონე მომხმარებლებმა რესტორნებში კვებაზე უარი თქვეს და საკვების სახლში მომზადებას ამჯობინებენ. ამან განსაკუთრებით მძიმედ სწრაფი კვების ობიექტებზე, მათ შორის McDonald’s-სა და Domino’s Pizza-ზე იმოქმედა.
მოვლენების მსგავსმა განვითარებამ რესტორნები აიძულა, პროდუქტზე ფასები შეემცირებინა ან გარკვეული პერიოდით ფასდაკლების აქციები შემოეღო. მიზანი ღირებულებაზე ორიენტირებული მომხმარებლების დაბრუნებაა. მაგალითად, McDonald’s-მა, 25 ივნისს ამოქმედების შემდეგ, აშშ-ის უმეტეს ობიექტებში 5-დოლარიანი საკვების შეთავაზება აგვისტომდე გაახანგრძლივა.
გაყიდვების კლების მიუხედავად, კომპანიამ 2024 წლის საოპერაციო მარჟის პროგნოზი უცვლელად შეინარჩუნა, საშუალოდან მაღალ 40%-მდე დიაპაზონში. McDonald’s-ის აქციების ფასი, რომელიც წელს 15%-ით დაეცა, წინასწარ ვაჭრობაში უმნიშვნელოდ გაიზარდა, რადგან კომპანიამ ასევე შეინარჩუნა კაპიტალური ხარჯების ბიუჯეტი 2.7 მილიარდ აშშ დოლარამდე. თანხის ნახევარზე მეტი აშშ-სა და საერთაშორისო ბაზრებზე ახალი რესტორნების გახსნას მოხმარდება.
30 ივნისს დასრულებულ კვარტალში, აშშ-ში გაყიდვები 0.7%-ით შემცირდა, ერთი წლის წინ 10.3%-იან ნახტომთან შედარებით. საერთაშორისო ბაზრებზე კლებამ კი 1.1% შეადგინა.